თარიღი: 21.12.2023

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის სამუშაოები 2024 წლის ივლისში უნდა განხორციელებულიყო. თუმცა მიმდინარე წლის სექტემბერში გურიის რეგიონში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სააგენტოს 55 ამგეგმავი 13 დეკემბრიდან ახორციელებს საამზომველო სამუშაოებს. სააგენტოს ამგეგმავები სრული დატვირთვით მუშაობენ დამეწყრილ ზონებში რთული რელიეფური პირობების მიუხედავად.

მუნიციპალიტეტებში მიმდინარე აქტიურ საამზომველო სამუშაოებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ ტყეშელაშვილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან - დავით დევიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„სექტემბერში სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს. მეწყერმა დააზიანა მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები, რომლებიც არ იყო რეგისტრირებული მათ საკუთრებაში. იმისთვის, რომ სტიქიით დაზარალებულმა მოქალაქეებმა სწრაფად მიიღონ შესაბამისი კომპენსაცია, იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჯარო რეესტრის ამგეგმავთა ჯგუფები, რომლებიც გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ამ დროისათვის სხვა მუნიციპალიტეტებში ახორციელებდნენ მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე სამუშაოს, მუშაობას გააგრძელებდნენ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მიწის ნაკვეთების ასაზომად,“ - განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

სააგენტოს საველე ჯგუფებმა მინისტრის პირველ მოადგილეს საკადასტრო აზომვითი სამუშაოების ტექნიკურ საკითხებზე, რელიეფურ სირთულეებზე, მეტეოროლოგიურ პირობებსა და გეოდეზიური ხელსაწყოების მუშაობის სპეციფიკაზე ინფორმაცია გააცნო.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საამზომველო პროცესი სრულად ელექტრონულია – საამზომველო ჯგუფები შესაბამის ოქმებს ელექტრონულად ავსებენ, რაც ტექნიკური ხარვეზების შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიის 80% ზე მეტი უკვე რეგისტრირებულია. დღიურად იზომება და რეგისტრირდება საშუალოდ 2500-2700 მიწის ნაკვეთი.

საველე სამუშაოების ფარგლებში უკვე აიზომა 650 000 მიწის ნაკვეთი, საიდანაც 500 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი უკვე რეგისტრირებულია.

პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე