ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 03 ნოემბერი, 2022
გაზიარება

რატი ბრეგაძე ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება

ავსტრიაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პირველი შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკის პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ ფრიდრიხ ალექსანდერ კიონიგთან გამართა.

მხარეებმა ერთმანეთს, პენიტენციური სამსახურების მიმართულებით გამოცდილება და არსებული ცოდნა გაუზიარეს.

მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში არსებულ მიღწევებზე ისაუბრა. მან ავსტრიულ მხარეს ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტის „ციფრული უნივერსიტეტის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც ზრდის მსჯავრდებულების განათლებაზე ხელმისაწვდომობას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გეგმავს, კიდევ უფრო გააღრმაოს თანამშრომლობა ავსტრიის რესპუბლიკასთან პენიტენციური და პრობაციის სისტემის მართვის მიმართულებით, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, განავითაროს რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, საკნის გარე აქტივობები; პატიმართა დასაქმების, საგანმანათლებლო და სპორტული პროგრამები.

შეხვედრაზე, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ საუკეთესო ევროპულ სტანდარტებზე სწორება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს და ის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმაშიცაა ასახული.

იუსტიციის მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ პენიტენციური და პრობაციის სისტემების მართვის სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება და ავსტრიის იუსტიციის სამინისტროსთან შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპელ კოლეგებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მით უფრო, ევროპული პერსპექტივის მიღების შემდგომ.

შეხვედრაზე მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობაზეც ისაუბრეს. საქართველოში 700-მდე მსჯავრდებულზე გათვლილი პირველი მცირე ზომის დაწესებულება ლაითურში გაიხსნება. იუსტიციის მინისტრმა ფრიდრიხ ალექსანდერ კიონიგი საქართველოში ლაითურის ციხის გახსნის ცერემონიალზეც მოიწვია.

ფრიდრიხ ალექსანდერ კიონიგმა აღნიშნა, რომ მისთვის პატივი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა. „ჩემთვის დიდი პატივი იყო, შევხვედროდი საქართველოს იუსტიციის მინისტრს და მის დელეგაციას, რათა გვესაუბრა საქართველოსა და ავსტრიის პენიტენციურ სისტემებსა და იმ საკითხებზე, რომლებიც ყველას გვაწუხებს. მე მჯერა, რომ ერთმანეთისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია და ამ შეხვედრით ორივე მხარე დიდად კმაყოფილი ვართ“,- განაცხადა კიონიგმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბუბა ლომუაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ნიკა ცხვარაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ქეთევან ციხელაშვილი. See less

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ კომისიის თავმჯდომარესა და დელეგაციის წევრებთან საქართველოს ეროვნული ნარკოპოლიტიკის პრიორიტეტები და მიდგომები განიხილა.

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ნარკოპოლიტიკა 4-სვეტოვან სტრატეგიას ეფუძნება და მისი მიზანია დანაშაულის პრევენცია, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ზიანისა და მიწოდების შემცირება.

მინისტრმა ECECACD-ის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობასა და იმ სტრატეგიულ დოკუმენტებზე, რომლებითაც საბჭო ხელმძღვანელობს. საუბარი ასევე, შეეხო ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის საქმიანობას და მის როლს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის ფორმირების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (UNODC); ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფი (Pompidou Group) და ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტო (EUDA).

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა.

პაატა სალიამ რამაზ თათარაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

რამაზ თათარაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება აქვს, ძირითადად, მენეჯერულ პოზიციებზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე იგი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

რამაზ თათარაშვილი პოლიციის პოლკოვნიკია.