ღონისძიებები

სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2025

განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა

განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

2025 წლის 14 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები გაიზიარა და შედეგად, რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ საქმეზე, 2024 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთს დაეკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის ფონზე მიმდინარეობს.

დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეების ლოგიკური გაგრძელებაა. „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ ე.წ. დეპორტირებულების საქმეში, რომელიც რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა, სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაციისა და მათ მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო რუსეთის ფედერაციას 10 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. ასევე, საზოგადოებისათვის ცნობილია გადაწყვეტილება „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ ე.წ. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, რომლითაც აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევებისთვის რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მას რჩება გადაწყვეტილებების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება და ყველა გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრება.

აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე მუშაობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მადლობას უხდის მტკიცებულებების შეგროვებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს და სრულიად საქართველოს ულოცავს ამ ისტორიულ გამარჯვებას.

ორშაბათი, 13 ოქტომბერი, 2025

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობდა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა შეაჯამეს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობა, არჩევნების შემდგომი პერიოდი და საარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგები.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ თავისი საქმიანობის განმავლობაში სულ განიხილა 30-მდე საკითხი, მათ შორის, როგორც პოლიტიკური გაერთიანებებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებები, ასევე მედიამონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი შესაძლო დარღვევები.

აღინიშნა, რომ პასუხისმგებელი უწყებების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, არც ერთ შემთხვევაში არ დადგინდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. ასევე, არ დაფიქსირებულა საჯარო მოსამსახურეების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების შემთხვევები.

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს გაწეული შრომისთვის და ხაზგასმით აღნიშნა უწყებათაშორისი ფორმატის მნიშვნელობა, რომელიც საარჩევნო პროცესში ეფექტიან თანამშრომლობას უზრუნველყოფს.

პარასკევი, 10 ოქტომბერი, 2025

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის გიორგი ქემოკლიძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებდა გამოძიებას მიმდინარე წლის 11 ივლისს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში კ. მეტრეველსა და გ. ბაჩიაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ხოლო გამოძიების გარკვეულ ეტაპზე, კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს.

ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია თანხვედრაშია იმ ვერსიასთან, რომელზეც საუბარი იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2025 წლის 21 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში გ. ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი პირი, რომლის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იქ დასაქმებული ასობით ღირსეული მოსამსახურის რეპუტაციას, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად და კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას.

იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას გამოძიებასთან.

ორშაბათი, 06 ოქტომბერი, 2025

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობდა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა ისაუბრეს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის შედეგებსა და არჩევნების მიმდინარეობისას განვითარებულ პროცესებზე. ყურადღება გამახვილდა, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, შეუფერხებლად წარიმართა.

ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში 25 საჩივარია შესული, თუმცა აღნიშნული საჩივრები არ უკავშირდება ისეთი სახის დარღვევებს, რაც გავლენას მოახდენდა საარჩევნო პროცესის საბოლოო შედეგებზე.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და შესაძლო დარღვევებზე დროული რეაგირება.

საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში უწყებათაშორისი კომისია სწავლობდა როგორც მედიაში გავრცელებულ, ისე პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იმუშავებს და კიდევ ერთ, შემაჯამებელ სხდომას გამართავს.

ოთხშაბათი, 01 ოქტომბერი, 2025

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოში უნგრეთის ელჩ პეტრა პონევაჩ-პანას შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილთან ერთად, საქართველოში უნგრეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩ პეტრა პონევაჩ-პანას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებს.

ყურადღება გამახვილდა 2026 წელს დაგეგმილი ქართულ-უნგრული სამართლებრივი ფორუმის საორგანიზაციო საკითხებზე, რომლის მიზანია პროფესიული დიალოგისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობა.

სამშაბათი, 30 სექტემბერი, 2025

ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს

2025 წლის 29 სექტემბერს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე, რომლის თანახმად ამ დანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 188 ქვეყანას შორის უკვე მე-10 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“. წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი.

საქართველო წელსაც ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან უმაღლეს პირველ კალათაში ვერ მოხვდა 11 ქვეყანა.

საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტანდარტებს, განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ყველა მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაძლიერებული ძალისხმევა როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე დამნაშავეთა გამოვლენის, დასჯისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით.

საქართველოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოწინავე პოზიციის დაკავება და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ორშაბათი, 29 სექტემბერი, 2025

გლდანში იუსტიციის სახლი გაიხსნა

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გლდანში, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა №81-ში იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე სერვისს თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის.

გლდანის იუსტიციის სახლი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად გახსნეს.

ახალი იუსტიციის სახლის შენობა 3 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ის სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. ფილიალში 100-მდე პირია დასაქმებული.


იუსტიციის სახლის გლდანის ახალი ფილიალის გახსნით კიდევ უფრო გაუმჯობესდება მომხმარებელთა ნაკადის მართვა, რაც ხელს შეუწყობს ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას.

თბილისში, იუსტიციის სახლის ცენტრალური და გლდანის ფილიალების გარდა, ფუნქციონირებს ვარკეთილის ფილიალი; მომავალში კი, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დიდ დიღომში განხორციელდება, სადაც უახლოეს მომავალში დაიწყება იუსტიციის სახლის ახალი ფილიალის მშენებლობა.

იუსტიციის სახლის მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 126 ფილიალში ყოველდღიურად 20 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს, მათ შორის, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

გლდანში იუსტიციის სახლი გაიხსნა

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გლდანში, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა №81-ში იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე სერვისს თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის.

გლდანის იუსტიციის სახლი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად გახსნეს.

ახალი იუსტიციის სახლის შენობა 3 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ის სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. ფილიალში 100-მდე პირია დასაქმებული.
იუსტიციის სახლის გლდანის ახალი ფილიალის გახსნით კიდევ უფრო გაუმჯობესდება მომხმარებელთა ნაკადის მართვა, რაც ხელს შეუწყობს ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას.

თბილისში, იუსტიციის სახლის ცენტრალური და გლდანის ფილიალების გარდა, ფუნქციონირებს ვარკეთილის ფილიალი; მომავალში კი, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დიდ დიღომში განხორციელდება, სადაც უახლოეს მომავალში დაიწყება იუსტიციის სახლის ახალი ფილიალის მშენებლობა.

იუსტიციის სახლის მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 126 ფილიალში ყოველდღიურად 20 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს, მათ შორის, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ღონისძიებები

მარტი , 2026
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
    1
    2 3 4 5 6 7 8
    9 10 11 12 13 14 15
    16 17 18 19 20 21 22
    23 24 25 26 27 28 29
    30 31