ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 05 დეკემბერი, 2022
გაზიარება

იუსტიციის სამინისტრომ ახალ პენიტენციურ კოდექსზე მუშაობა დაასრულა − პროექტი მალე პარლამენტს წარედგინება

კოდექსის ძირითად სიახლეებზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, პროექტი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობა გადაჰყავს კიდევ უფრო მეტად მაღალ ხარისხზე.


იუსტიციის მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გაუსვა ხაზი:


• ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა;
• ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო − დღეს 60 ლარის გადახდა უწევს სრულწლოვან მსჯავრდებულებს, არასრულწლოვნებს კი − 30 ლარის;
• გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას მიენიჭება უმაღლესი განათლების მიღების უფლება და, შესაბამისად, ის ინოვაციური პროექტი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დაიწყო − „ციფრული უნივერსიტეტი“, ხელმისაწვდომი გახდება მსჯავრდებულთა ფართო მასებისთვის;
• იზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა, რაც მსჯავრდებულებს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს;
• გათანაბრდება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობები, რაც უდავოდ პროგრესული და წინგადადგმული ნაბიჯია;
• პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს;
• ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე და ყველა მოსამსახურე, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებს წელთა ნამსახურობის დანამატს, რაც მათ სახელფასო პირობებზე დადებითად აისახება.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდნენ

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და ნიკო თათულაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო'ფლაჰერტის შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ინსტიტუტებს შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობას, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, დანაშაულის პრევენცია და პრობაცია, სასჯელის აღსრულება, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკოპოლიტიკა და სხვ.

ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ არსებული საქმეების რაოდენობის მკვეთრად კლების ტენდენციასა და საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწევებზე.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დირექტორი ჯანკარლო კარდინალე და კომისრის მრჩევლები აგატა ნეიბოჯი და რომერ ლემატრი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.

იუსტიციის სამინისტრო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას ევროპის საბჭოსთან საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.