ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 26 ივნისი, 2024
გაზიარება

კორეის რესპუბლიკაში გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ღონისძიების დასასრულს, გაეროს გენერალური მდივნის, კორეის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრის, სხვადასხვა ქვეყნების მინისტრებისა და მოადგილეების მონაწილეობით, პანელური დისკუსია გაიმართა.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა, პანელური დისკუსიის ფარგლებში, ისაუბრა საქართველოს საჯარო მმართველობის მიმართულებით გატარებული რეფორმებისა და ამ პროცესში გენდერული თანასწორობის შესახებ. დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოში საჯარო სექტორში ქალთა როლის ზრდის მნიშვნელობას, მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საქართველოს მიღწევებს აღნიშნული მიმართულებით.

"ქალთა გაძლიერება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. გატარებული რეფორმების შედეგად, საჯარო სამსახურში მმართველ პოზიციებზე დასაქმებულთა შორის, 47% ქალია. ამასთან, იუსტიციის სამინისტროში დასაქმებულ თანამშრომელთა შორის მენეჯერულ პოზიციებს 59% ქალი იკავებს. სახელმწიფო განაგრძობს საჯარო სამსახურში ქალთა როლის გაძლიერებას, შესაბამისი სამთავრობო და საპარლამენტო საბჭოების მეშვეობით პროცესების მონიტორინგსა და გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობას" - აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა.

საჯარო სერვისების საერთაშორისო ფორუმი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფორუმის მიზანს საჯარო მმართველობასა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების სფეროში არსებული მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.

გაეროს საჯარო სერვისების ფორუმი 2026 წელს საქართველოში გაიმართება, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო უმასპინძლებს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულების მსჯავრდებულებს და თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ ნიკა ცხვარაშვილთან ერთად, №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებას ესტუმრა. იუსტიციის მინისტრმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს და დაწესებულების თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ანრი ოხანაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აღნიშნული მიმართულებით იგეგმება მათ საჭიროებებზე მორგებული ახალი პროგრამების დანერგვა. ასევე, მან დაწესებულების თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

იუსტიციის მინისტრი №11 დაწესებულების ინფრასტრუქტურასაც გაეცნო, მათ შორის, დაათვალიერა განახლებული სპორტული მოედანი, სადაც არასრულწლოვანები ვარჯიშობენ და ჩართული არიან სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.