ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 02 მაისი , 2023
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

2023 წლის სამოქმედო გეგმა 4 მიზნის, 7 ამოცანისა და 39 აქტივობისგან შედგება. ის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.

სამოქმედო გეგმის მიზანია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შემდგომი ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა და შშმ პირებისათვის სამინისტროს, აგრეთვე, მის სისტემაში არსებული უწყებების ინფრასტრუქტურის, მომსახურებისა და სერვისების მისაწვდომობის გაზრდა.

რიგით მესამე სამოქმედო გეგმა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 28 აპრილის ბრძანებით დამტკიცდა. დოკუმენტი სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა შეიმუშავა. პროცესში მონაწილეობდნენ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების წარმომადგენლები. დოკუმენტის სამუშაო ვერსია მოსაზრებებისთვის წარედგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს, რომლის შემადგენლობაში შედიან შეზღუდული შესაძლებლობის პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და შშმ თემის წარმომადგენლები. მიღებული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი აისახა სამოქმედო გეგმაში.


სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და "EUROPRIS"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პენიტენციურ სისტემაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს

შეხვედრა პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარის ეგიდით მასპინძლობდა. მასში ოცდაათამდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველო 2023 წელს გახდა.

იუსტიციის მინისტრმა და "EUROPRIS"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თბილისის კონფერენციის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

გუსტავ ტალვინგმა მადლობა გადაუხადა რატი ბრეგაძეს ღონისძიების ორგანიზებისა და "EUROPRIS"-თან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, რომელიც მხარეებს შორის 2023 წლის მაისში ჰააგაში გამართული შეხვედრის შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა.

შეხვედრას ესწრებოდა, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელშიც EPTA-ს წევრი ოცდაათამდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ

იუსტიციის სამინისტრო და სასწავლო ცენტრი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიურ კონფერენციას ორგანიზაციის თავმჯდომარის ეგიდით მასპინძლობენ.

კონფერენცია სასჯელაღსრულების სისტემაში განათლებისა და პრაქტიკის განვითარების საკითხებს ეძღვნება.

მინისტრმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სასჯელაღსრულების სისტემის მნიშვნელობაზე საზოგადოებრივი მართლწესრიგის და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ქართულ პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა.

„ციფრული უნივერსიტეტი“ პატიმრებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის;

დასაქმებული პატიმრები და მაღაზია „რე-მარკეტი“, სადაც მსჯავრდებულების მიერ დამზადებული პროდუქცია იყიდება;

ქართული ინოვაცია – იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში, რომლებიც მსჯავრდებულებისთვის სახელმწიფო სერვისზე წვდომას უზრუნველყოფს – ეს ის საკითხებია, რომლებზეც რატი ბრეგაძემ თავის გამოსვლაში გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა პენიტენციური კოდექსის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოდექსი განსაკუთრებულ პირობებს ქმნის როგორც მსჯავრდებულებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის.

„სახელმწიფოს დამოკიდებულება ადამიანის უფლებების მიმართ ყველაზე უკეთ გაიზომება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციით და პენიტენციური კოდექსი ქმნის ნამდვილად განსაკუთრებულ პირობებს, ასევე, ეხმარება თანამშრომლებს, აუმჯობესებს მათ სოციალურ პირობებს, რომ აღასრულონ სასჯელი ადამიანის უფლებების სრული დაცვით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მინისტრმა პენიტენციურ სისტემაში თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობაა.

„ჩვენ მივყვებით იმ ტრენდს, რასაც ჰქვია პენიტენციურ სისტემებში მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობა. ლაითურის მცირე ზომის დაწესებულების გახსნიდან ერთი წლისთავზე ჩვენ გავხსნით მცირე ზომის მეორე დაწესებულებას რუსთავში, რომელიც გათვლილი იქნება, მაქსიმუმ, 200 მსჯავრდებულზე. პენიტენციურ სისტემაში მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სათანადოდ მომზადებული ოფიცრები და თანამშრომლები, რის უზრუნველსაყოფადაც იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაკეთდა ახალი სტრუქტურა, რომელიც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მომზადებას ემსახურება; შეიქმნა სააკაძის ახალი ბაზა; დიდი ყურადღება ეთმობა სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალი სასწავლო პროგრამები მორგებულია პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების საჭიროებებზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა და ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპული ორგანიზაცია „EUROPRIS“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გუსტავ ტალვინგმა.

„საქართველო 70 წლის განმავლობაში საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო და ძალისხმევა, რომელსაც გაართვა თავი ქვეყანამ, ძალიან შთამბეჭდავია, თუ როგორ შეძლო ამ პერიოდიდან გამოსვლა. ბატონო ბრეგაძე დიდი მადლობა ნდობისთვის, იმისთვის, რომ EUROPRIS-ს და EPTA-ს უწყობთ ხელს და კიდევ უფრო დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ უწყვეტად ცდილობთ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს“, - განაცხადა გუსტავ ტალვინგმა.

3-დღიანი კონფერენციის ფარგლებში სტუმრები ეწვევიან №16 პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც დაათვალიერებენ პატიმრებისთვის შექმნილ მცირე საწარმოებს; ესტუმრებიან სააკაძის სასწავლო ბაზას, სადაც მათთვის საჩვენებელი წვრთნები გაიმართება და გაეცნობიან იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკას.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარე 2023 წელს ერთი წლის ვადით გახდა. EPTA 2010 წელს დაარსდა და მასში ევროპის 36 სასწავლო ცენტრია გაერთიანებული. ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის მასშტაბით პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით.