ცხელი ხაზი2 405 505

უახლესი ვიდეოები

13.12.2021
გაზიარება

რატი ბრეგაძე იტალიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იტალიელ კოლეგასთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. იუსტიციის მინისტრების შეხვედრა ვენეციაში ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

მინისტერიალში „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ. ღონისძიებაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.

შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ მარტა კარტაბიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განვითარების ათწლიანი სტრატეგია გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს და ამ კუთხით იტალიასთან თანამშრომლობის საკითხებს, პრობაციისა და პენიტენციური სისტემების რეფორმას, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას, მათ შორის, მობილური იუსტიციის სახლების ინოვაციურ პროექტს.

მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობაც. ამ საკითხზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. იგეგმება, აგრეთვე, ორი ქვეყნის სტუდენტური გაცვლითი პროგრამების ორგანიზება.

შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ იტალიის იუსტიციის მინისტრი საქართველოში მოიწვია.

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვა მინისტერიალის სამ სესიაზე. პირისპირ შეხვედრებია დაგეგმილი უნგრეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებთან.