ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 19 ნოემბერი , 2021
გაზიარება

რატი ბრეგაძე: „ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, გთავაზობთ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ სხვა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც, რომლებიც ახლა შიმშილობენ“

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პატიმარ მიხეილ სააკაშვილს აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. განცხადება მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:

„ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ“.

იუსტიციის მინისტრმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის პირობად დაასახელა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან თავის შეკავება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე, ხოლო მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება №18 დაწესებულებაში.

„ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციული ქმედების შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება №18 დაწესებულებაში და ყველა კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა, ასევე, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლომ შიმშილობის შეწყვეტისკენ დაჟინებით მოუწოდა.

„ეს არის, რა თქმა უნდა, თავად პატიმრის გადასაწყვეტი, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა. ჩვენ ვეხმარებით ამ გადაწყვეტილების მიღებაში და გადაგვყავს ის გორის ჰოსპიტალში. ბუნებრივია, დანარჩენი დამოკიდებულია მის თანხმობაზე. შეირჩა გორის ჰოსპიტალი, იმიტომ, რომ ეს არის ადგილი, სადაც როგორც მისი ჯანმრთელობა, ისე უსაფრთხოება იქნება მაქსიმალურად დაცული. რაც შეეხება გარანტიებს, ეს არის, რა თქმა უნდა, შიმშილობის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და, ასევე, ყოველგვარ პროვოკაციაზე უარის თქმა – იქნება ეს სხვადასხვა სახის აქციები გორის ჰოსპიტალთან თუ რაიმე სხვა დესტრუქციული ქმედება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს როგორც ექიმების მუშაობას, ისე პატიმრის უსაფრთხოებას. აი ეს არის, რისკენაც მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

რიგით მე-5 სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეების შემაჯამებელი გამოსვლებით დასრულდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილმა, ფორუმის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ორდღიანი ნაყოფიერი და აქტიური თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ორი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას და პოზიტიურ ცვლილებებს ემსახურება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბუბა ლომუაშვილმა პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ციფრული ინოვაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა;

საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა კი, თემატურ პანელზე პენიტენციურ სისტემაში არსებულ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება და სომეხ კოლეგებს ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომის შესახებ გამოცდილება გაუზიარა.

სომეხ კოლეგებს ექსტრადიციისა და ბავშვთა გატაცების საკითხებზე ქართული გამოცდილება გაუზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან სარაჯიშვილმა.

ფორუმის ორდღიანი სამუშაო ფორმატის ფარგლებში არსებული მიღწევები და დაგეგმილი ინოვაციები განიხილეს კოლეგებთან ერთად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, მედიატორთა ასოციაციის, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

რატი ბრეგაძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და კეთილმეზობლურ პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მიმდინარე წლის 25 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტით ერევანში და მანამდე – მიმდინარე წლის 26 იანვარს საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციით.

რეგიონში პროფესიული და სამართლებრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მხარეებმა და განიხილეს სამართლის უზენაესობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და რეფორმების შედეგები.

რატი ბრეგაძემ ნიკოლ ფაშინიანთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირთან დიალოგის ფართო გამოცდილება დააგროვა სხვადასხვა სფეროში და კომპეტენციის ფარგლებში მზადაა, ეს გამოცდილება სომხეთსაც გაუზიაროს.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე.