ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 01 ივლისი , 2022
გაზიარება

საქართველოში მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა ხელნაკეთი ნივთების პირველი მაღაზია გაიხსნა

„რე-მარკეტი“ − სივრცე, სადაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების ნამუშევრების შეძენაა შესაძლებელი, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზ. №8-ში მდებარეობს. მომხმარებელს მაღაზიაში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ნახატების; ტყავის, ხის, თექისა და სხვადასხვა მასალისგან შექმნილი აქსესუარების შეძენა შეუძლია.

„რე-მარკეტი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია და ის აშშ-ის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით გაიხსნა. გარდა იმისა, რომ მაღაზიაში გაყიდული პროდუქციით მსჯავრდებულების შემოსავალი გაიზრდება, ეს პროცესი მათ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდის ნაყოფიერად გატარებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს.

პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომელიც ჩაერთვება პროექტში, შესაძლებლობა აქვს, გათავისუფლების შემდგომ გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა მაღაზიასთან და დაწესებულების დატოვების შემდეგაც შეინარჩუნოს სტაბილური შემოსავალი, რაც განმეორებითი დანაშაულის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მაღაზიაში მისულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს უმაღლესი ხარისხის ტყავის ჩანთები, საფულეები, სამაჯურები და აქსესუარები, რომლებსაც მსჯავრდებულები ხელით ქმნიან. ამისთვის მათთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ყველანაირი პირობაა შექმნილი. მსჯავრდებულების ინდივიდუალური დასაქმების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მოწყობილია სამუშაო სივრცეები, ოთახები აღჭურვილია 3D პრინტერითა და გრავირების აპარატით, რომლის მეშვეობითაც მსჯავრდებულები სხვადასხვა დიზაინის აქსესუარს ამზადებენ.

მაღაზიის განვითარების მომდევნო ეტაპს წარმოადგენს ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დისტანციურ რეჟიმში ნივთების შეძენა. ასევე, თბილისის მასშტაბით ამოქმედდება საკურიერო მომსახურება და მიტანის სერვისი.

„რე-მარკეტი“ დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და მოწვეული სტუმრები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ ოტკურბეკ ძჰამშიტოვს შეხვდა

რატი ბრეგაძემ ოტკურბეკ ძჰამშიტოვთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების, მათ შორის, ექსტრადიციის და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მიმართულებით.

მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე, თანამედროვე სტანდარტების საპასუხო პენიტენციური სისტემისა და ციხის ალტერნატიული სასჯელების განვითარება, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

რატი ბრეგაძემ ოტკურბეკ ძჰამშიტოვთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ყირგიზეთისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, მათ შორის, სამართლის აღსრულების, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული ინოვაციების კუთხით.

ყირგიზეთის გენერალური პროკურორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და გაეცნობა ქართულ ტექნოლოგიურ ინოვაცია „ProbBox”-ს, რომელიც პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ იურისტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ბექა ძამაშვილმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა ისაუბრეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ქართულმა მხარემ აღნიშნა დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: არბიტრაჟის სისტემის განვითარება და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და არბიტრაჟებში, აგრეთვე, სამართლებრივი აქტის, კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იურიდიული ექსპერტიზა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ინგლისური სამართლის პოპულარიზაციისა და იურისტებს შორის პრეცედენტული სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი.