ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 31 მარტი, 2022
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები ხის საწარმოში დასაქმდნენ

სოციალურ საწარმო „სხივში“ ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები შშმ პირებთან ერთად ხეზე კვეთას და მხატვრულ დამუშავებას ეუფლებიან. დღეისათვის „სხივში“ ხეზე მუშაობას 8 ბენეფიციარი სწავლობს და პროფესიული უნარების გამომუშავებასთან ერთად ანაზღაურებასაც იღებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ბენეფიციარებს ფსიქოლოგიურ სერვისებსაც სთავაზობს. პროექტი იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მისი დაფინანსებით ხორციელდება.

დღეს სოციალურ საწარმო „სხივს“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ესტუმრა და ადგილზე გაეცნო პროექტის მიმდინარეობას.

პროექტის მიზანი ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და მათი პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობაა. სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ ბენეფიციარების ნაწილი ამავე საწარმოში გააგრძელებს მუშაობას.

გასულ წელს იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო პროექტი ადამიანის უფლებების გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დაგეგმვის და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის მიზნით გამოაცხადა და 14 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან ქვეყნებს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან ქვეყნებს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა.

შეხვედრაზე პაატა სალიამ მაკსატ მამიტკანოვს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. აღინიშნა, რომ უწყების პრიორიტეტებს შორისაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, აგრეთვე, პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივ სფეროებში.

ქართულმა მხარემ გამოხატა მზაობა, გაუზიაროს ყირგიზეთს გამოცდილება სერვისების ხელმისაწვდომობის სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმების მიმართულებით.
პაატა სალიამ მაკსატ მამიტკანოვი და ყირგიზეთის დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის 23-25 ივნისს გაიმართება.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა ივანიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა

დედის დღესთან დაკავშირებით, მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გამართულ კონცერტს ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ლანა მორგოშია და თამარ ზოდელავა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის წევრი ეკა ჭიჭინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

იუსტიციის მინისტრმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა სტუმრებს დაათვალიერებინეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი განახლებული სამკერვალო სივრცე, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება, ასევე, სილამაზის სალონი, ფიტნესდარბაზი და ბიბლიოთეკა, რომლებიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით ფუნქციონირებს.

ღონისძიების დასასრულს მსჯავრდებულებმა სტუმრებს მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს.