ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 24 აპრილი , 2023
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა საფრანგეთის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივები განიხილა

რატი ბრეგაძემ საფრანგეთის ელჩ შერაზ გასრის იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და უწყების ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარო შეეხო ისეთ პროექტებს, როგორიცაა: ელექტრონული პლატფორმის შექმნა ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებისათვის; ნოვაციები სერვისების მიწოდების სფეროში - მობილური იუსტიციის სახლი, სერვისების ციფრული საშუალებებით მიწოდება; აგრეთვე ონლაინ უნივერსიტეტის ამოქმედება, სპორტის მართვის სისტემის დანერგვა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით მიმდინარე პროექტები პენიტენციურ სისტემაში.

იუსტიციის მინისტრმა ელჩთან შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ინიციატივებიც გამოთქვა. მათ შორისაა: ქართულ-ფრანგული სამართლებრივი ფორუმის გამართვა, ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმის გაფორმება და თანამშრომელთა გადამზადების, გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი ტრენინგების ორგანიზება.

იუსტიციის მინისტრისა და საფრანგეთის ელჩის შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საჩივარი გაიხმო

მიმდინარე წლის 25 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის მსჯავრდებული სააკაშვილის წერილი სტრასბურგის სასამართლოდან მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. 18 აპრილით დათარიღებულ წერილში სააკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ ამჟამად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო.

ევროპული სასამართლოს მიერ იუსტიციის სამინისტროს ეთხოვა კომენტარის გაკეთება 10 მაისამდე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ჩვენ დღეს გავაგზავნეთ შესაბამისი პასუხი, რომელშიც აღვნიშნავთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი, რაც დადასტურდა თავად სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2023 წლის 11 მაისს, როდესაც მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა მკურნალობის მიზნით პოლონეთში, კერძოდ, ვარშავის კლინიკაში გადაყვანაზე. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვთხოვეთ, გვაცნობოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან საქმის ამორიცხვის ფაქტი

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ კურმანკულ ზულუშევს შეხვდა

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების, მათ შორის, ექსტრადიციის და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მიმართულებით.

მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე, თანამედროვე სტანდარტების საპასუხო პენიტენციური სისტემისა და ციხის ალტერნატიული სასჯელების განვითარება, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ყირგიზეთისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, მათ შორის, სამართლის აღსრულების, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული ინოვაციების კუთხით.

ყირგიზეთის გენერალური პროკურორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და გაეცნობა ქართულ ტექნოლოგიურ ინოვაცია „ProbBox”-ს, რომელიც პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.