ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 08 ივლისი , 2024
გაზიარება

 ბათუმში კიდევ ერთი იუსტიციის სახლი გაიხსნა

ბათუმში, კიდევ ერთი, იუსტიციის სახლის რიგით 120-ე ფილიალი გაიხსნა. იუსტიციის სახლის ბათუმის №2 ფილიალი „ბათუმი ცენტრალი“-ს შენობაში განთავსდა და ქალაქის მოსახლეობასთან ერთად, მიმდებარე დასახლებების მცხოვრებთაც მოემსახურება.


ახალ ფილიალში დასაქმებული 40-ზე მეტი ადგილობრივი თანამშრომელი მომხმარებელს 500-მდე სერვისს იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით მიაწვდის. შესაბამისად, გაუმჯობესდება მომხმარებელთა ნაკადების მართვა-გადანაწილება, რაც ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს.


ახალი ფილიალი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ იუსტიციის სახლის ბათუმის №2 ფილიალი ქალაქის სწრაფი ურბანული განვითარებით განპირობებულ მზარდ მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს.


სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, რასაც საქართველოს მასშტაბით 120 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს. რამდენიმე კვირაში იუსტიციის სახლის კიდევ ერთი − 121-ე ფილიალი ქალაქ ხაშურშიც გაიხსნება.


მიმდინარე წელს იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება. იუსტიციის სახლის ფილიალების სამშენებლო სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს: ჭალაში, ზოტში, ტოლებში, ცაიშში, შროშაში, თბილისში (გლდანი), თერჯოლაში, ახმეტაში, ხელვაჩაურსა და საგარეჯოში.


რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე ემსახურება ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“. უშუალოდ აჭარაში 7 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, მობილური იუსტიციის სახლი კი, 10 სოფელს ფარავს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ოუენ მერფის შეხვდა.

მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის წარმატებულ პრაქტიკაზე, რომლის მანდატი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მომუშავე კომისია არა მხოლოდ რეაგირებს სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე, არამედ პროაქტიულად აწარმოებს მედიამონიტორინგს შესაძლო საარჩევნო დარღვევების გამოვლენის მიზნით.

მხარეებმა დაადასტურეს სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთევან ბეთლემიძე და სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი მანანა ბეგიაშვილი ესწრებოდნენ.

ცნობისთვის: საქართველოს ხელისუფლების მოწვევით 2024 წლის 11 სექტემბერს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) საქართველოში წარმოადგინა საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად. მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას ეუთო-ს მიმართ ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნებისათვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით, აგრეთვე, მის შესაბამისობას ეროვნულ კანონმდებლობასთან.

გაზიარება
ბეჭდვა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეშვიდე სხდომა გაიმართა

კომისიის წევრებმა მოისმინეს მედიამონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირების შესახებ.

სხდომას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უძღვებოდა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, კომისიის წევრი საჯარო უწყებების ხელმძღვანელი პირები; საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, აგრეთვე, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. მას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს.

კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.