სიახლეები
იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალური დოკუმენტაციის ენობრივი ანალიზი დაასრულა
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შექმნილი დოკუმენტების ანალიზის შედეგები და რეკომენდაციები განიხილეს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გამართულ პრეზენტაციაზე. ღონისძიება სიმბოლურად ქართული ენის დღეს გაიმართა.
ოფიციალური დოკუმენტაციის ენობრივი ანალიზის მიზანი ქართული ენის გამართულად გამოყენების ხელშეწყობაა, რაც 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის სამოქმედო გეგმის ნაწილია. სტრატეგიის განხორციელებაში იუსტიციის სასწავლო ცენტრი 2021 წლიდან არის ჩართული.
პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ხათუნა კასრაძემ.
ქართული ენის დღის აღნიშვნის ტრადიცია სასწავლო ცენტრში 2016 წლიდან დაინერგა. 14 აპრილი სიმბოლურად იმ ღონისძიებების შეჯამებით აღინიშნება, რომლებიც სასწავლო ცენტრმა ქართული ენის დაცვის, განვითარებისა და სწავლების კუთხით განახორციელა. მათ შორის: 2015-2017 წლებში ჩატარდა ქართული ენის სასწავლო კურსები არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის; 2018 წლიდან შეიქმნა ტრენინგ პროგრამა „ქართული ენის მართლწერისა და სტილის საკითხები“; 2016 წელს შემუშავდა ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი და ქართული ენის მართლწერის ტესტები.
სხვა სიახლეები
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ახალი პროექტი – ქართული ენის ონლაინ კურსი დაიწყო
კურსი უფასოა ყველა დაინტერესებული პირისთვის და ხელს შეუწყობს ქართული ენის პოპულარიზაციას.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა პრეზენტაციაზე ისაუბრა დიასპორისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე.
„იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობაა, ამ კონტექსტში კი, მნიშვნელოვანია, მოქალაქემ მისთვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისები ენობრივი ბარიერის გარეშე მიიღოს. სწორედ ამიტომ იუსტიციის სასწავლო ცენტრში შევქმენით ქართული ენის პირველი ონლაინ კურსი და შესაბამისი ვებპლატფორმა, რომელიც მოქალაქეებს დაეხმარება, ისწავლონ ქართული ენა და გაიმარტივონ კომუნიკაცია სერვისის მიღების დროს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ქართული ენის ონლაინ კურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრმა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შექმნა; იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტომ კი, სასწავლო ონლაინ პლატფორმა მოამზადა. დისტანციური სწავლების გვერდზე https://eacademy.tcj.gov.ge/ ქართული ენის კურსის შინაარსი ოთხ ენაზეა ხელმისაწვდომი (ინგლისური, სომხური, აზერბაიჯანული, უკრაინული).
კურსი მოიცავს 20 გაკვეთილს და განკუთვნილია არაქართულენოვანი პირებისთვის. სწავლების დასრულების შემდეგ მომხმარებელი იღებს სერტიფიკატს; პროექტის შესაძლო ბენეფიციარები კი, არიან:
- სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორების წარმომადგენლები;
- საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობები;
- საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები;
- საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი პირები;
- ქართული კულტურით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები; აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები; UNDP-ის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, საქართველოში გერმანიის საელჩოს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.