ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 22 თებერვალი , 2023
Share

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი წარმატებით მიმდინარეობს

პროექტის - „მომავალ თაობაში იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა სამართლებრივი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის“ - პირველი ეტაპი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს და მას „თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოება“ უძღვება.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ზემოხსენებული პროექტის მიზანი საგანმანათლებლო დაწესებულებებში იურიდიული განათლების პოპულარიზაცია, სამართლებრივი კულტურის გაძლიერება, სკოლის მოსწავლეებში მართლშეგნების დონის ამაღლება და მომავალი თაობის იურისტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაა.

თავდაპირველად სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტებიდან შერჩეული 30-მდე სტუდენტი 5-დღიან ტრენინგს გაივლის ადამიანის უფლებათა სფეროში. ტესტირების საფუძველზე გამოვლენილი საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები კი, თბილისის, ბათუმის, ლაგოდეხისა და გორის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს გამართავენ.

იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს უწყებამ 17 საუკეთესო პროექტი დააფინანსა.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.

სხვა სიახლეები

Share
Print

ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში დასრულდა

ფინალური ეტაპი 2-4 ივნისს, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა. მასში 100-მდე კონკურსანტიდან შერჩეული 6 საუკეთესო გუნდი და 18 სტუდენტი, მონაწილეობდა.


შეჯიბრის გამარჯვებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის გუნდი გახდა დავით ხვისტანის, ნაია სისაურისა და ციცი გიგოიძის შემადგენლობით. საუკეთესო მომხსენებლად კი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ მაღლაკელიძე დასახელდა.


გამარჯვებულები საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა საქართველოში ანნ მონტავონმა დააჯილდოვეს. ფინალური ეტაპის თითოეულ მონაწილეს კი სერტიფიკატები და თემატური ლიტერატურა გადაეცა.ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. სტუდენტური პროექტების ორგანიზებას საერთაშორისო სამართლის მიმართულებით იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც გაგრძელებს.

Share
Print

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაკისტანის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა გამართა

თამარ ტყეშელაშვილმა ასად მაჯიდ ხანთან ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ პაკისტანის დელეგაციას იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.

პაკისტანის მხარემ გამოთქვა სურვილი, გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება სერვისების მიწოდებისა და დიგიტალიზაციის კუთხით.
საუბარი, ასევე, შეეხო სახელმწიფო პოლიტიკას მიგრაციის მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთევან ბეთლემიძე, საქართველოში პაკისტანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბილალ ჰაიე და პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მე-3 ევროპული დეპარტამენტის დირექტორი ალი შაჰიდი.