ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 07 ოქტომბერი, 2024
გაზიარება

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ოუენ მერფის შეხვდა.

მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის წარმატებულ პრაქტიკაზე, რომლის მანდატი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მომუშავე კომისია არა მხოლოდ რეაგირებს სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე, არამედ პროაქტიულად აწარმოებს მედიამონიტორინგს შესაძლო საარჩევნო დარღვევების გამოვლენის მიზნით.

მხარეებმა დაადასტურეს სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთევან ბეთლემიძე და სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი მანანა ბეგიაშვილი ესწრებოდნენ.

ცნობისთვის: საქართველოს ხელისუფლების მოწვევით 2024 წლის 11 სექტემბერს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) საქართველოში წარმოადგინა საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად. მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას ეუთო-ს მიმართ ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნებისათვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით, აგრეთვე, მის შესაბამისობას ეროვნულ კანონმდებლობასთან.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

უძრავი ქონების სექტორში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ უძრავი ქონების ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიასთან - PRYPCO TECHNOLOGIES-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

უძრავი ქონების სექტორში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ უძრავი ქონების ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიასთან - PRYPCO TECHNOLOGIES-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას უძრავი ქონების ტოკენიზაციის მიმართულებით, რაც რეალური აქტივების ელექტრონულ ერთეულებად გარდაქმნას გულისხმობს.

აღნიშნული პროცესის მიზანია უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების წახალისება და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე უსაფრთხო, გამჭვირვალე და ინოვაციური პროცესების დანერგვა.

მემორანდუმს ხელი მოეწერა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ბოტსვანას რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან და ფინანსთა მინისტრთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბექა ძამაშვილმა, ლანა მორგოშიამ და გიორგი დგებუაძემ დელეგაციის წევრებს იუსტიციის სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

დელეგაციის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იუსტიციის სახლის კონცეფციამ, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილებამ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, მათ შორის ციფრული მმართველობის და სახელმწიფო სერვისების მიწოდების განვითარების პროცესში. საუბარი ასევე შეეხო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას, ბიზნესზე ორიენტირებულ სერვისებსა და დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმებს.

შეხვედრის შემდეგ, ბოტსვანას რესპუბლიკის დელეგაცია სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ მოდელს იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალში გაეცნობა.