ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 26 აპრილი 2022
Share

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წელი იქნება

77 ხმა ნულის წინააღმდეგ – „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა წარუდგინა.

კანონის აქამდე მოქმედი რედაქციით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრულ ასაკად 65 წელი იყო განსაზღვრული, თუმცა, ნოტარიუსის განცხადებისა და ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე, იუსტიციის მინისტრს ჰქონდა უფლებამოსილება, არაუმეტეს 5 წლის ვადით გაეგრძელებინა ნოტარიუსისთვის საქმიანობის უფლება.

განხორციელებული ცვლილებით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65-დან 70 წლამდე ფიქსირებულად გაიზარდა. ამ ასაკის მიღწევამდე უფლებამოსილების განხორციელებას ნოტარიუსები მინისტრისადმი მიმართვისა და შესაბამისი ბრძანების გარეშე შეძლებენ.

სხვა სიახლეები

Share
Print

იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა

რატი ბრეგაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერებისათვის გატარდა.

იუსტიციის სამინისტროს განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციიდან ერთი წლის თავზე არაერთი დაპირებაა შესრულებული:

დაინერგა და 7 რეგიონში წარმატებით მუშაობს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“; საქართველოს 6 დიდ ქალაქში განთავსდა პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა „PROBBOX“; ამოქმედდა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა – საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს მიწების აზომვა და რეგისტრაცია.

გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები – გაიხსნა 5 ახალი იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი; მშენებლობები მიმდინარეობს კიდევ 6 მუნიციპალიტეტში; დამატებით ერთი იუსტიციის სახლი ამოქმედდება თბილისში, ჰუალინგში; სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გაიხსნა ახალციხეში.

დაფუძნდა და გამოიცა ორენოვანი ჟურნალი „იუსტიცია“; იუსტიციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ („HeinOnline“); ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროებთან.

სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა ადმინისტრაციულ ერთეულებში – საგურამოში, გამარჯვებაში, მარტყოფში, შუახევში, ადიგენში, ასპინძაში, კაჭრეთში, ქედაში, ხობში, ზესტაფონში, სიღნაღსა და ამბროლაურში; სულ მალე კი, მოქალაქეებს ონლაინ სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ.

მნიშვნელოვანი რეფორმებია პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში – გაძლიერდა პატიმართა დასაქმების პროგრამები; გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული აქტივობების წახალისება; რემონტდება მოედნები; მიმდინარეობს რეგულარული წვრთნები, პრობაციის ბიუროების გახსნა სიღნაღში, თერჯოლაში, ქუთაისსა და ზესტაფონში; რეფერირების ცენტრი გაიხსნა ქუთაისში; გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები მუნიციპალიტეტებთან შრომამისჯილი პირების დასაქმებისათვის.

ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, იუსტიციის სამინისტროს სამსახურების ხელმძღვანელები, სისტემის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.

იუსტიციის სამინისტროს ერთი წლის ანგარიში იხილეთ აქ

Share
Print

იუსტიციის მინისტრმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს დაგეგმილი სიახლეები გააცნო

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის და ტერიტორიული სამსახურის თანამშრომლებს სახელმწიფო სერვისების განვითარების კუთხით დაგეგმილი სიახლეები, ასევე, უწყებაში დასაქმებულთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის მიმდინარე ღონისძიებები გააცნო.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტია თანამშრომლებზე ზრუნვა, მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ახალი მომსახურებების დანერგვა და არსებული სერვისების მუდმივად დახვეწა.

რატი ბრეგაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისგან პირადად მოისმინეს ინფორმაცია უწყებაში არსებული გამოწვევების შესახებ და ამ მიმართულებით თანამშრომელთა ინიციატივები განიხილეს.

იუსტიციის მინისტრმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები მისცა და სამომავლო სამოქმედო გეგმა განსაზღვრა.