ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 20 ივნისი , 2022
Share

საქართველოში ციფრული მმართველობის გაძლიერებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა წარადგინა

თამარ ტყეშელაშვილმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისების მიწოდება; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და სხვა.

„ციფრული მმართველობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მხრივ საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს რეგიონში. ჩვენ მოხარული ვართ, გავუზიაროთ პარტნიორ ქვეყნებს ჩვენი გამოცდილება ამ მიმართულებით. მთავრობამ სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა სერვისების განვითარების სტრატეგია, რომლის პასუხისმგებელ უწყებად იუსტიციის სამინისტროა განსაზღვრული; სერვისების განვითარება კი, შეუძლებელია ციფრული პლატფორმების განვითარების გარეშე. შესაბამისად, ასეთი ტიპის კონფერენციები და ღონისძიებები ყოველთვის ნაყოფიერი იქნება ყველა მხარისთვის“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა.


„ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობა და შესაძლებლობათა გაძლიერება“ – ამ თემაზე საერთაშორისო კონფერენცია თბილისში დღეს გაიხსნა. მისი მიზანია ციფრული მმართველობის, სერვისებისა და ინოვაციათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლა, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობათა გაძლიერება, სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესის დახვეწა.

კონფერენცია UNDP-ის, კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს, ეროვნული ინფორმაციული საზოგადოების სააგენტოს (National Information Society Agency (NIA)), ასტანის სამოქალაქო სერვისების ჰაბის, მსოფლიო ბანკის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ერთობლივი ჩართულობით ტარდება. საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან ექვსი ქვეყნის თემატური წარმომადგენლები (სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი).

სხვა სიახლეები

Share
Print

ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში დასრულდა

ფინალური ეტაპი 2-4 ივნისს, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა. მასში 100-მდე კონკურსანტიდან შერჩეული 6 საუკეთესო გუნდი და 18 სტუდენტი, მონაწილეობდა.


შეჯიბრის გამარჯვებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის გუნდი გახდა დავით ხვისტანის, ნაია სისაურისა და ციცი გიგოიძის შემადგენლობით. საუკეთესო მომხსენებლად კი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ მაღლაკელიძე დასახელდა.


გამარჯვებულები საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა საქართველოში ანნ მონტავონმა დააჯილდოვეს. ფინალური ეტაპის თითოეულ მონაწილეს კი სერტიფიკატები და თემატური ლიტერატურა გადაეცა.ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. სტუდენტური პროექტების ორგანიზებას საერთაშორისო სამართლის მიმართულებით იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც გაგრძელებს.

Share
Print

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაკისტანის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა გამართა

თამარ ტყეშელაშვილმა ასად მაჯიდ ხანთან ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ პაკისტანის დელეგაციას იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.

პაკისტანის მხარემ გამოთქვა სურვილი, გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება სერვისების მიწოდებისა და დიგიტალიზაციის კუთხით.
საუბარი, ასევე, შეეხო სახელმწიფო პოლიტიკას მიგრაციის მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთევან ბეთლემიძე, საქართველოში პაკისტანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბილალ ჰაიე და პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მე-3 ევროპული დეპარტამენტის დირექტორი ალი შაჰიდი.