ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 28 მარტი, 2024
გაზიარება

იუსტიციის სამინისტრომ პრობაციონერთა ინოვაციური საორიენტაციო კურსის პროექტი დაიწყო

პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ინოვაციური სარეაბილიტაციო შესაძლებლობაა, რომელიც დაბალი რისკის პრობაციონერების მხრიდან განმეორებითი დანაშაულის პრევენციას და ამ პროცესში პრობაციის ოფიცრების როლის გაძლიერებას ემსახურება.

პროგრამა ითვალისწინებს პრობაციის ოფიცრების როლის ზრდას დანაშაულის პრევენციის პროცესში; ამასთან, დაბალი რისკის პრობაციონერებს უქმნის შესაძლებლობას, გაიარონ საორიენტაციო კურსი და შემდგომ შესაბამისი ანაზღაურების მიღებით პრობაციის ოფიცრებთან ერთად თავადვე გაუძღვნენ მსგავსს კურსებს. ამას გარდა, პროგრამის წარმატებით დასრულება პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და რეჟიმის შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი დადებითად გასათვალისწინებელი ფაქტორი იქნება.

კურსი მოიცავს ისეთ თემატურ მიმართულებებს, როგორიცაა: ფსიქოსოციალური უნარების განვითარება, წიგნიერებისა და დასაქმების ხელშეწყობა, სამართლებრივი საკითხები და ქალები მართლმსაჯულების სისტემაში.

კურსის ფარგლებში, ბენეფიციარები მიიღებენ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას:

  • შრომითი უფლებებისა და სოციალური დახმარების სისტემებზე;
  • ემოციური მდგომარეობის რეგულირებაზე;
  • ეფექტიან კომუნიკაციასა და კონფლიქტური სიტუაციის მართვაზე;
  • განსხვავებულის მიმართ მიუღებლობისა და სტიგმის დაძლევაზე;
  • ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და არაჯანსაღი ქცევისა და ჩვევების იდენტიფიცირებაზე;

ასევე, პროფორიენტაციის პროგრამის საშუალებით გაეცნობიან არაერთი პროფესიის თავისებურებას.

კურსის პილოტის ჩასატარებლად პრობაციის ოფიცრები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩნენ.

პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა პრობაციის ოფიცრები დააჯილდოვა, რომელთაც წარმატებით გაიარეს ტრენერთა ტრენინგი, და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ისინი იქნებიან პირველი პრობაციის ოფიცრები საქართველოში, რომლებიც კურსის პილოტს ჩაატარებენ, შემდეგ კი, ამავე პროცესის გავრცელებას შეუწყობენ ხელს.

პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ექსპერტის ჩართულობით, აშშ-ის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად ხორციელდება.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი, მთავარი პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდნენ

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და ნიკო თათულაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო'ფლაჰერტის შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ინსტიტუტებს შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობას, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, დანაშაულის პრევენცია და პრობაცია, სასჯელის აღსრულება, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკოპოლიტიკა და სხვ.

ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ არსებული საქმეების რაოდენობის მკვეთრად კლების ტენდენციასა და საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწევებზე.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დირექტორი ჯანკარლო კარდინალე და კომისრის მრჩევლები აგატა ნეიბოჯი და რომერ ლემატრი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.

იუსტიციის სამინისტრო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას ევროპის საბჭოსთან საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.