ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 07 სექტემბერი , 2022
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჰაიდერინგის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოადგილეებთან და გერმანიაში საქართველოს ელჩთან ერთად ჰაიდერინგის პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა. დელეგაციას ადგილზე გააცნეს პენიტენციური სისტემის მართვის გერმანული მოდელი, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, მსჯავრდებულთა განათლების, სპორტისა და დასაქმების პროგრამები.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და არსებული ცოდნა პენიტენციური სამსახურების გამართული ფონქციონირების მიმართულებით. რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს „ციფრული უნივერსტეტის“ კონცეფცია, რომლითაც გერმანული მხარე დაინტერესდა. ამ პროექტის მეშვეობით მსჯავრდებულებს აქვთ შესაძლებლობა ონლაინ-ფორმატში, დისტანციურად ჩაერთონ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პროცესში. ,,ციფრულ უნივერსიტეტთან“ დაკავშირებით გერმანია საქართველოსთან გამოცდილების გაზიარების კუთხით მომავალში ითანამშრომლებს.

ვიზიტის ფარგლებში, რატი ბრეგაძემ პრობაციონერებისთვის შექმნილ ინოვაციური ტექნოლოგიურ მოწყობილობა „PROBBOX-ზე“ ისაუბრა. ტექნოლოგიურ მოწყობილობაში ყველა ის სერვისია ინტეგრირებული, რომელთა სარგებლობისთვისაც პრობაციონერებს აქამდე პრობაციის ბიუროებში სჭირდებოდათ მისვლა. იუსტიციის სამინისტროს ამ პროექტებით უკვე დაინტერესდნენ მეზობელი ქვეყნები და საქართველო მზად არის მათ ეს გამოცდილება გაუზიაროს.

პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემის განვითარება იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. უწყებას 10 წლიანი განვითარების გეგმაში გაწერილი აქვს კონკრეტული ღონისძიებები. მათ შორის, ახალი, მცირე ზომის ე.წ. ოჯახური ტიპის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, სწავლაზე მსჯავრდებულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა, მსჯავრდებულთა საკნის გარე აქტოვობების ხელშეწყობა, რისთვისაც ხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი. იუსტიციის სამინისტრო ხელს უწყობს პატიმრების დასაქმებასა და მომავალი პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ იურისტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ბექა ძამაშვილმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა ისაუბრეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ქართულმა მხარემ აღნიშნა დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: არბიტრაჟის სისტემის განვითარება და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და არბიტრაჟებში, აგრეთვე, სამართლებრივი აქტის, კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იურიდიული ექსპერტიზა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ინგლისური სამართლის პოპულარიზაციისა და იურისტებს შორის პრეცედენტული სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ახალი პროექტი – ქართული ენის ონლაინ კურსი დაიწყო

კურსი უფასოა ყველა დაინტერესებული პირისთვის და ხელს შეუწყობს ქართული ენის პოპულარიზაციას.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა პრეზენტაციაზე ისაუბრა დიასპორისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე.

„იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობაა, ამ კონტექსტში კი, მნიშვნელოვანია, მოქალაქემ მისთვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისები ენობრივი ბარიერის გარეშე მიიღოს. სწორედ ამიტომ იუსტიციის სასწავლო ცენტრში შევქმენით ქართული ენის პირველი ონლაინ კურსი და შესაბამისი ვებპლატფორმა, რომელიც მოქალაქეებს დაეხმარება, ისწავლონ ქართული ენა და გაიმარტივონ კომუნიკაცია სერვისის მიღების დროს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ქართული ენის ონლაინ კურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრმა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შექმნა; იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტომ კი, სასწავლო ონლაინ პლატფორმა მოამზადა. დისტანციური სწავლების გვერდზე https://eacademy.tcj.gov.ge/ ქართული ენის კურსის შინაარსი ოთხ ენაზეა ხელმისაწვდომი (ინგლისური, სომხური, აზერბაიჯანული, უკრაინული).

კურსი მოიცავს 20 გაკვეთილს და განკუთვნილია არაქართულენოვანი პირებისთვის. სწავლების დასრულების შემდეგ მომხმარებელი იღებს სერტიფიკატს; პროექტის შესაძლო ბენეფიციარები კი, არიან:

  • სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორების წარმომადგენლები;
  • საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობები;
  • საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები;
  • საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი პირები;
  • ქართული კულტურით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები; აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები; UNDP-ის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, საქართველოში გერმანიის საელჩოს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.