ცხელი ხაზი2 405 505

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო

ფსიქოაქტიურ საშუალებათა გავრცელებასა და ავადმოხმარებასთან გამკლავების სახელმწიფო პოლიტიკის განვითარებისა და კოორდინირებული ინსტიტუციური მექანიზმის შექმნის მიზნით, 2014 წელს საქართვლოს მთავრობის N342 დადგენილებით შეიქმნა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საბჭო).

საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მის შემადგენლობაში შედიან თემატურ სამთავრობო უწყებათა წარმომადგენლები. ასევე, ექსპერტების სახით მოწვეულნი არიან საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი, რომელიც საბჭოს უწევს ტექნიკურ და შინაარსობრივ დახმარებას და სამუშაო ჯგუფებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების საქმიანობის წარმართვას უზრუნველყოფს.

ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა გავრცელებასთან ბრძოლის პროცესში დაბალანსებული პოლიტიკის დანერგვის მიზნით, 2013 წლის დეკემბერში საბჭომ დაამტკიცა პირველი ანტინარკოტიკული ეროვნული სტრატეგია, რომლის მიზანია ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვით გამოწვეული სამედიცინო, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირება ინდივიდის, ოჯახის, თემის, საზოგადოების, ეროვნულ დონეზე. აღსანიშნავია, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგია ეფუძნება ოთხსვრეტოვან მიდგომას - (1) პრევენციალ (2) მკურნალობა/რეაბილიტაცია; (3) ზიანის შემცირება; (4) მიწოდებასთან ბრძოლა.

ამავე პრინციპებსა და მიდგომებს ეყრდნობა ანტინარკოტიკული სტრატეგიიდან გამომდინარე შექმნილი 2014-2015, 2016-2018, 2019-2020 და 2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმები.

არსებული გამოწვევისა და ქვეყანაში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარებით გამოწვეული ზიანის თავიდან აცილების მიზნით, საბჭოს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავდა ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის 2021-2026 წლების ეროვნული სტრატეგია. სტრატეგიის მიზანია შეამციროს ლეგალური და არალეგალური ნარკოტიკული საშუალებების არასამედიცინო მიზნით მოხმარების გავრცელება. სტრატეგიის საფუძველზე დაინერგება ეროვნულ დონეზე ერთიანი მიდგომები და სტანდარტები, რაც შექმნის აღნიშნული მიზნის შესრულების წინაპირობას და უზრუნველყოფს მდგრადი და ყოვლისმომცველი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.

საბჭო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმართულებით. 2015 წლის 4 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრს (EMCDDA) შორის გაფორმდა მემორანდუმი. მხარეები ნარკოტიკებზე ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გავრცელების კუთხით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამასთან, მემორანდუმის მიზანია ნარკოვითარების მონიტორინგისა და შეფასების სისტემების შედარებითი ინდიკატორების განვითარება-სრულყოფა.

2020 წლის მაისში საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფს (პომპიდუ ჯგუფი) და გახდა ჯგუფის 41-ე წევრი ქვეყანა. საქართველოს პომპიდუ ჯგუფში გაწევრიანების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა თანაშრომლობა ნარკოპოლიტიკის დახვეწის, საუკეთესო პრაქტიკისა და ექსპერტიზის გაზიარების კუთხით.

ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი