ცხელი ხაზი2 405 505

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო

ფსიქოაქტიურ საშუალებათა გავრცელებასა და ავადმოხმარებასთან გამკლავების სახელმწიფო პოლიტიკის განვითარებისა და კოორდინირებული ინსტიტუციური მექანიზმის შექმნის მიზნით, 2014 წელს საქართველოს მთავრობის N342 დადგენილებით შეიქმნა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომ - „საბჭო“).

საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მის შემადგენლობაში შედიან თემატურ სამთავრობო უწყებათა წარმომადგენლები. ასევე, ექსპერტების სახით მოწვეულნი არიან საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტი, რომელიც საბჭოს უწევს ტექნიკურ და შინაარსობრივ დახმარებას და სამუშაო ჯგუფებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების საქმიანობის წარმართვას უზრუნველყოფს.

ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა გავრცელებასთან ბრძოლის პროცესში დაბალანსებული პოლიტიკის დანერგვის მიზნით, 2013 წლის დეკემბერში საბჭომ დაამტკიცა ნარკოპოლიტიკის პირველი ეროვნული სტრატეგია, ხოლო 2023 წლის 24 თებერვალს, საბჭომ დაამტკიცა უკვე მეორე, ამჟამად მოქმედი, ნარკოპოლიტიკის 2023-2030 წლების ეროვნული სტრატეგია. სტრატეგიის მიზანია ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვით გამოწვეული სამედიცინო, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირება ინდივიდის, ოჯახის, თემისა და საზოგადოების დონეზე. აღსანიშნავია, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგია კვლავ ეფუძნება ოთხსვრეტოვან მიდგომას - (1) პრევენცია; (2) მკურნალობა/რეაბილიტაცია; (3) ზიანის შემცირება; (4) მიწოდების შემცირება.

ამავე პრინციპებსა და მიდგომებს ეყრდნობა ანტინარკოტიკული სტრატეგიიდან გამომდინარე შექმნილი 2014-2015, 2016-2018, 2019-2020,2021-2022 და 2023-2024 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმები.

არსებული გამოწვევისა და ქვეყანაში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ზიანის თავიდან აცილების მიზნით, საბჭოს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავდა ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის 2021-2026 წლების ეროვნული სტრატეგია. სტრატეგიის მიზანია შეამციროს ლეგალური და არალეგალური ნარკოტიკული საშუალებების არასამედიცინო მიზნით მოხმარების გავრცელება. სტრატეგიის საფუძველზე დაინერგება ეროვნულ დონეზე ერთიანი მიდგომები და სტანდარტები, რაც შექმნის აღნიშნული მიზნის შესრულების წინაპირობას და უზრუნველყოფს მდგრადი და ყოვლისმომცველი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.

საბჭო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმართულებით. 2022 წელს გაფორმდა 2022-2024 წლების სამუშაო შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრს (EMCDDA) შორის, რაც 2015 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული მემორანდუმის ლოგიკური გაგრძელებაა. სამუშაო შეთანხმების ფარგლებში მხარეები მიზნად ისახავენ გააძლიერონ თანამშრომლობა ნარკოტიკებზე ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გაცვლის კუთხით; ამასთან, გამოცდილება და ცოდნა გაუზიარონ ერთმანეთს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და სოციალური საპასუხო მექანიზმების თაობაზე. სამუშაო შეთანხმების ფარგლებში, მხარეები, მხარს უჭერენ ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემის (NEWS) შექმნას.

2020 წლის მაისში საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფს (პომპიდუ ჯგუფი) და გახდა ჯგუფის 41-ე წევრი ქვეყანა. საქართველოს პომპიდუ ჯგუფში გაწევრიანების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა თანაშრომლობა ნარკოპოლიტიკის დახვეწის, საუკეთესო პრაქტიკისა და ექსპერტიზის გაზიარების კუთხით. 2022 წლის 1 ივნისს დაიწყო პროექტი „ნარკოპრევენციის მხარდამჭერი ქსელის განვითარება მშობლებისთვის და პროფესიონალებისთვის საქართველოში’’, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციული ინტერვენციების დანერგვას ქვეყანაში.

ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი