ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 05 აგვისტო , 2022
გაზიარება

№16 პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტული ფესტივალი გაიმართა

№16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის ტურნირი ჩატარდა სპორტის 7 სახეობაში: შაშში, ჭადრაკში, კალათბურთში, ფრენბურთში, ფეხბურთში, ხელბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში.

სპორტული ფესტივალის გამარჯვებულები იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პირადად დააჯილდოვა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მსჯავრდებულებთან შეხვედრისას მინისტრმა პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიცაზიის მნიშვნელობასა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში პატიმართა ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ტურნირის დასრულების შემდგომ მსჯავრდებულებმა სტუმრებისთვის რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს.

სპორტული ფესტივალი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობასა და პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას ემსახურება.

იუსტიციის მინისტრთან ერთად, ტურნირს ესწრებოდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, მისი მოადგილე გიორგი გიორგაძე და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ ოტკურბეკ ძჰამშიტოვს შეხვდა

რატი ბრეგაძემ ოტკურბეკ ძჰამშიტოვთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების, მათ შორის, ექსტრადიციის და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მიმართულებით.

მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე, თანამედროვე სტანდარტების საპასუხო პენიტენციური სისტემისა და ციხის ალტერნატიული სასჯელების განვითარება, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

რატი ბრეგაძემ ოტკურბეკ ძჰამშიტოვთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ყირგიზეთისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, მათ შორის, სამართლის აღსრულების, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული ინოვაციების კუთხით.

ყირგიზეთის გენერალური პროკურორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და გაეცნობა ქართულ ტექნოლოგიურ ინოვაცია „ProbBox”-ს, რომელიც პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ იურისტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ბექა ძამაშვილმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა ისაუბრეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ქართულმა მხარემ აღნიშნა დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: არბიტრაჟის სისტემის განვითარება და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და არბიტრაჟებში, აგრეთვე, სამართლებრივი აქტის, კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იურიდიული ექსპერტიზა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ინგლისური სამართლის პოპულარიზაციისა და იურისტებს შორის პრეცედენტული სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი.