ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024
გაზიარება

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა

კომისიის წევრებმა საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებისაგან მოისმინეს ინფორმაცია არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან კი - საარჩევნო დავების საერთო სასამართლოებში განხილვის თაობაზე.

მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლენილ საკითხებზე რეაგირების შესახებ ისაუბრა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელმა.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი უძღვებოდა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრი საჯარო უწყებების ხელმძღვანელი პირები; საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, აგრეთვე, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. მას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს.

კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.

კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან დაასრულებს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდნენ

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და ნიკო თათულაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო'ფლაჰერტის შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ინსტიტუტებს შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობას, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, დანაშაულის პრევენცია და პრობაცია, სასჯელის აღსრულება, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკოპოლიტიკა და სხვ.

ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ არსებული საქმეების რაოდენობის მკვეთრად კლების ტენდენციასა და საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწევებზე.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დირექტორი ჯანკარლო კარდინალე და კომისრის მრჩევლები აგატა ნეიბოჯი და რომერ ლემატრი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.

იუსტიციის სამინისტრო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას ევროპის საბჭოსთან საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.