ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 12 თებერვალი , 2022
გაზიარება

რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური სერვისი „პრობბოქსი“ ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს წარუდგინა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ინოვაციური პროდუქტი „პრობბოქსი“ ქუთაისის შემდეგ უკვე ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა. ნოვატორული ტექნოლოგიური მოწყობილობით სარგებლობა პრობაციონერებს ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, თელავში, გორსა და ზუგდიდში შეუძლიათ; ეტაპობრივად კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.

„PROBBOX“ ევროპაში პირველი ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობაა. მასში ყველა ის სერვისია ინტეგრირებული, რომელთა სარგებლობისთვისაც პრობაციონერებს აქამდე პრობაციის ბიუროებში სჭირდებოდათ მისვლა. ინოვაციური პროდუქტის დანერგვის შედეგად პირობით მსჯავრდებულები ვალდებულებების შესრულებასა და სერვისების მიღებას სწორედ „პრობბოქსის“ გამოყენებით შეძლებენ.

„პრობბოქსის“ სერვისებს შორისაა: შეთავაზებები დასაქმების შესახებ, ინფორმაცია პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე, განაცხადის წარდგენა რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნაზე, პრობაციის ოფიცერთან კომუნიკაცია და მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის დაჯავშნა.

„პრობბოქსი“ იუსტიციის სამინისტროს განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ნაწილია. ქართულმა ინოვაციამ უკვე გამოიწვია დიდი ინტერესი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ კურმანკულ ზულუშევს შეხვდა

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების, მათ შორის, ექსტრადიციის და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მიმართულებით.

მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე, თანამედროვე სტანდარტების საპასუხო პენიტენციური სისტემისა და ციხის ალტერნატიული სასჯელების განვითარება, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ყირგიზეთისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, მათ შორის, სამართლის აღსრულების, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული ინოვაციების კუთხით.

ყირგიზეთის გენერალური პროკურორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და გაეცნობა ქართულ ტექნოლოგიურ ინოვაცია „ProbBox”-ს, რომელიც პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ იურისტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ბექა ძამაშვილმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა ისაუბრეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ქართულმა მხარემ აღნიშნა დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: არბიტრაჟის სისტემის განვითარება და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და არბიტრაჟებში, აგრეთვე, სამართლებრივი აქტის, კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იურიდიული ექსპერტიზა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ინგლისური სამართლის პოპულარიზაციისა და იურისტებს შორის პრეცედენტული სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი.