ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 18 ნოემბერი, 2024
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაცია მიიღო

რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას მე-7 პერიოდული ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში რატი ბრეგაძემ ისაუბრა პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე და დელეგაციას გააცნო ის ინოვაციები და სიახლეები, რომლებიც წინა ვიზიტებისას გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა 2023 წელს მიღებულ ახალ პენიტენციურ კოდექსს, რომელიც აწესებს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს და აუმჯობესებს პენიტენციურ სისტემაში დასაქმებულთა უფლებებს. საუბარი შეეხო „ციფრული უნივერსიტეტის“ ინოვაციას, რომელიც მსჯავრდებულებს აძლევს შესაძლებლობას, დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება და განივითარონ უნარები ლექტორებთან ყოველდღიური და პირდაპირი ინტერაქციით. აღსანიშნავია, რომ ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) „ციფრული უნივერსიტეტი“ 3 საუკეთესო პროექტს შორის დაასახელა.

რატი ბრეგაძემ ისაუბრა კიდევ ერთ ინოვაციურ პროექტზე ‒ იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში. მოცემული ინიციატივის ფარგლებში, მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის 50-მდე სერვისის მიღება 7 პენიტენციურ დაწესებულებაში (№1, №2, №5, №8, №10, №12, №16). დამატებით, მინისტრმა დელეგაციას გააცნო ახალი სერვისი ‒ ონლაინ კლინიკა, რომელიც უზრუნველყოფს მსჯავრდებულის/ბრალდებულის სამედიცინო სერვისებზე სწრაფ და ეფექტიან ხელმისაწვდომობას, და ინფორმაცია მიაწოდა სააკაძის სასწავლო ბაზის შესახებ, რომელიც პენიტენციური სამსახურის, პრობაციის სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს სპეციალური სასწავლო-საწვრთნელი კურსების გავლის შესაძლებლობას აძლევს.

დელეგაციის წევრებს მინისტრმა მიაწოდა ინფორმაცია 2023 წელს დაბა ლაითურში გახსნილი ახალი პენიტენციური დაწესებულების შესახებ და აცნობა, რომ 2025 წლის დასაწყისში კიდევ 1 ახალი მცირე ზომის დაწესებულება გაიხსნება რუსთავში. მინისტრმა დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული სხვა ინფრასტრუქტურული სიახლეები, რომელიც, სხვებს შორის, ემსახურება პენიტენციურ სისტემაში დანერგილი „სპორტის სტრატეგიის“ ეფექტიან იმპლემენტაციას.

რატი ბრეგაძემ ასევე ისაუბრა მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებზე და დასაქმების შესაძლებლობებზე, მათ შორის „რე-მარკეტსა“ და მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციის შესაძლებლობებზე.

საქართველოში მიღწეულ პროგრესს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არც ერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში.

CPT-ის დელეგაციის წარმომადგენლები 2 კვირის განმავლობაში გამართავენ შეხვედრებს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, ეწვევიან დახურული ტიპის პენიტენციურ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებს და დროებითი მოთავსების იზოლატორებს.

იუსტიციის სამინისტროში შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ნიკა ცხვარაშვილი, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მალხაზ ურთქმელიძე.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით ნიუ-იორკში სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

2026 წლის 23-25 ივნისს თბილისი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. მისი მთავარი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გაერო-ში სპეციალური შეხვედრა გამართა.

პაატა სალიამ გაერო-ში აკრედიტებული ელჩები და CEPA-ს წევრები ფორუმზე მიიწვია და მათ ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ფორუმის მასპინძლობა არის აღიარება იმ რეფორმებისა, რომლებიც საქართველომ განახორციელა ხელმისაწვდომი, ეფექტური და ინოვაციური საჯარო სერვისების განვითარების კუთხით.

დელეგატებმა მასში მონაწილეობის ინტერესი გამოხატეს. მინისტრის მოადგილეებმა შეხვედრის მონაწილეებს ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

სართაშორისო ფორუმი თბილისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება. მას 500-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის სახელმწიფო მოხელეები, თემატური ექსპერტები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ილზე ბრანდს ქერისსთან შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი აქვს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პენიტენციურ სისტემას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან და წარმატებულ ინსტიტუციას ადამიანის უფლებების მაღალ დონეზე დაცვის მიმართულებით. საერთაშორისო შეფასებებით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არის წამებისგან თავისუფალი გარემო, სადაც პატიმრებზე ზრუნვა და მათი პირობების მუდმივი გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი.
მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა და მათი საჭიროებების გათვალისწინება გარანტირებულია საჯარო სერვისების მიწოდების პროცესშიც. დიგიტალიზაციისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვით, სახელმწიფო სერვისები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და გაეროს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, რაც 2025 წელს გაფორმებული 5-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში კიდევ უფრო გაღრმავდა და ინტენსიური გახდა.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ესწრებოდნენ.