ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 15 სექტემბერი , 2023
გაზიარება

გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და სამზარეულო სივრცე გაიხსნა

იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს ინოვაციურ, მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო პროექტის განხორციელებას – რატი ბრეგაძემ გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლის რიგით მესამე ფილიალი გახსნა.

იუსტიციის სახლები პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, შეუზღუდავად ჰქონდეთ წვდომა სახელმწიფო და კერძო სექტორის 50-ზე მეტ სერვისზე. ფილიალები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც მოემსახურება.

დღესვე, პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, გლდანის ციხეში ახალი სამზარეულო სივრცეც გაიხსნა, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საკვების უსაფრთხოების ხარისხს.

სამზარეულო 3000 ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოემსახურება. 8 სახის მენიუ სხვადასხვა დაავადების მქონე პატიმრებზეცაა გათვლილი და მათი ჯანმრთელობის საჭიროებებზე სრულად არის მორგებული. სივრცეში 17 მსჯავრდებულია დასაქმებული, რომლებიც შესაბამის ანაზღაურებას იღებენ.

გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლისა და სამზარეულო სივრცის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია

საქმეზე „დავით კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ბრიფინგი ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა, გამართა.

“სასამართლომ დაადგინა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მცირე ხნით ადრე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობის თანხა, კერძოდ 5 მილიონ სამოცი ათასი ევრო, რაც დღევანდელი კურსით შეადგენს დაახლოებით 15 მილიონ ლარს. სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ იყო დასაბუთებული და მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა კეზერაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი სქემის შესახებაც:

„კეზერაშვილმა მისი თავდაცვის მინისტრობის დროს, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მცირე ხნით ადრე, კანონმდებლობის დარღვევით 1 დღეში გააფორმა ფიქციური ხელშეკრულება ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიასთან ქართული ჯარის საბრძოლო წვრთნის თაობაზე. მეტიც, აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის გვერდის ავლით. სინამდვილეში ქართული ჯარის არავითარი წვრთნა არ ჩატარებულა და შედეგად, მიზანმიმართულად გაიფლანგა ქართული ჯარისთვის კუთვნილი თანხა 5 მილიონ სამოცი ათასი ევროს ოდენობით!“

ანრი ოხანაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სტრასბურგის სასამართლომ კეზერაშვილს მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი უთხრა: „ქართულის ჯარის გაძარცვით გამდიდრებული კეზერაშვილი სტრასბურგში დამატებით ითხოვდა სახელმწიფოსგან 15 ათასი ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა. სტრასბურგის სასამართლომ, მთლიანობაში, დაადასტურა კეზერაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და ამით აღიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის კანონიერება“.

იუსტიციის მინისტრმა ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ ჯარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიღწეული გამარჯვება მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა ყველა თანამშრომელს, ვინც იცავდა საქართველოს ინტერესებს სტრასბურგში და მოუწოდა ევროპელ პარტნიორებს, გამოხატონ რეაქცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

„ვულოცავ ჩვენ სახელმწიფოს, ქართულ ჯარსა და ჩვენს საზოგადოებას ევროპულ სასამართლოში ამ ღირსეულ გამარჯვებას!.. მადლობა იუსტიციის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებს იცავდნენ ევროპულ სასამართლოში. ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს ამ საქმეზე მჭიდრო კოორდინაციისათვის. დაველოდებით ევროპელ კოლეგებს, იმ რეზოლუციების ავტორებს, რომლებმაც კეზერაშვილი წარმოაჩინეს მედიამენეჯერად და მედიაზე მზრუნველად, როგორი რეაგირება ექნებათ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დამნაშავედ გამოცხადებულ ამ პირთან დაკავშირებით“, ‒ განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.