ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 13 დეკემბერი, 2021
გაზიარება

რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო. ეს მინისტერიალის მეორე სესიაა, რომელზედაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. მინისტერიალში „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოში არსებული პრაქტიკა მიმოიხილა. როგორც მან აღნიშნა, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩართული ნებისმიერი პირი სპეციალიზებული უნდა იყოს ამ მიმართულებით. შესაბამისად, ადვოკატებმა, გამომძიებლებმა, პროკურორებმა, მოსამართლეებმა, პოლიციელებმა, მედიატორებმა, სოციალურმა მუშაკებმა, პრობაციის ოფიცრებმა სპეციალური ტრენინგები გაიარეს არასრულწლოვნებთან ურთიერთობის მეთოდებზე და მათთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

რატი ბრეგაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი შესაბამისი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამა, ევროკავშირთან თანამშრომლობით შემუშავდა სპეციალური სახელმძღვანელო უნივერსიტეტებისთვის აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ; 2021 წელს კი, პრობაციის სისტემაში პროფესიონალთა მომზადების სახელმძღვანელოს დაემატა სპეციალური თავი აღდგენითი მართლმსაჯულების თაობაზე.

იუსტიციის მინისტრმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩართული სპეციალისტების გადამზადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მედიატორის რეესტრის მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა, მომზადდნენ მედიატორები პრაქტიკული საქმიანობისთვის პროფესიული მენტორობის პროგრამის ფარგლებში; მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების, პოლიციელებისა და სხვა პროფესიონალების გადამზადებას კი, შესაბამისი უწყებების სასწავლო ცენტრები ახორციელებენ.

რატი ბრეგაძის თქმით, მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა, მნიშვნელოვანია, რომ აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპები, მეთოდები, პრაქტიკა და პირობები შევიდეს საუნივერსიტეტო სასწავლო გეგმებსა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში, რათა ყველა პროფესიონალს ჰქონდეს საჭირო ცოდნა და ინფორმაცია არასრულწლოვნებთან მუშაობისათვის აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით.

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვა მინისტერიალის კიდევ ერთ სესიაზე. რატი ბრეგაძემ უკვე გამართა შეხვედრა იტალიელ კოლეგასთან. პირისპირ შეხვედრებია დაგეგმილი უნგრეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებთან.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან ქვეყნებს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან ქვეყნებს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა.

შეხვედრაზე პაატა სალიამ მაკსატ მამიტკანოვს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. აღინიშნა, რომ უწყების პრიორიტეტებს შორისაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, აგრეთვე, პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივ სფეროებში.

ქართულმა მხარემ გამოხატა მზაობა, გაუზიაროს ყირგიზეთს გამოცდილება სერვისების ხელმისაწვდომობის სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმების მიმართულებით.
პაატა სალიამ მაკსატ მამიტკანოვი და ყირგიზეთის დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის 23-25 ივნისს გაიმართება.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა ივანიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა

დედის დღესთან დაკავშირებით, მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გამართულ კონცერტს ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ლანა მორგოშია და თამარ ზოდელავა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის წევრი ეკა ჭიჭინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

იუსტიციის მინისტრმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა სტუმრებს დაათვალიერებინეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი განახლებული სამკერვალო სივრცე, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება, ასევე, სილამაზის სალონი, ფიტნესდარბაზი და ბიბლიოთეკა, რომლებიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით ფუნქციონირებს.

ღონისძიების დასასრულს მსჯავრდებულებმა სტუმრებს მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს.