ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 16 ივნისი, 2023
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მისმა მოადგილეებმა კახეთის რეგიონის თანამშრომლებთან სისტემაში დანერგილი სიახლეები განიხილეს

მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა იუსტიციის სამინისტროს სისტემის კახეთის რეგიონის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და სისტემაში დანერგილი სიახლეები მათთან ერთად განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იუსტიციის სამინისტროს ინოვაციას – იუსტიციის სახლების ფილიალების გახსნას პენიტენციურ დაწესებულებებში, რომელსაც ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს.

მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებული სერვისების დახვეწა და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება და ახალი პროექტების ამოქმედება მომავალშიც გაგრძელდება.

რატი ბრეგაძემ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით თანამშრომლების მოსაზრებები მოისმინა და ამომწურავი ინფორმაცია მიიღო მათი საჭიროებების შესახებ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა.

თამარ ზოდელავა პროფესიით იურისტია. განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტსა და ბრემენის უნივერსიტეტში. აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) პროექტების მენეჯერად.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იკავებდა სსიპ „სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის თანამდებობას.

გაზიარება
ბეჭდვა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოაქვეყნა, რითაც სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი პოზიცია და მომჩივნის პრეტენზიები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაუშვებლად გამოაცხადა.

საქმე უკავშირდებოდა 2016-2021 წლებში განვითარებულ მოვლენებს და ეხებოდა ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული პროფესორის, ქეთევან ჯაშის საჩივარს, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრული იყო მისი აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ეროვნულ დონეზე არ აღსრულდა.

მიუხედავად აღნიშნული პრეტენზიებისა, სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადასტურა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სათანადო გულისხმიერებით იმოქმედეს და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებები გაატარეს. აღსრულების პროცესში მომჩივანს შეეთავაზა გონივრული ალტერნატიული გადაწყვეტა, რაზედაც მან უარი განაცხადა.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი განჩინებით ცალსახად დადასტურდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პროცესები წარმართეს ევროპული კონვენციის სტანდარტების სრული დაცვით.