ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოსა და შვეიცარიას შორის მიგრაციის სფეროში 2022 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის იმპლემენტაციის მიზნით კონსულტაციათა მეორე რაუნდი გაიმართა

შვეიცარიის დელეგაციას საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სახელით იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა უმასპინძლა.
„საქართველოსა და შვეიცარიაში მიგრაციის მართვის სისტემები, პრაქტიკულად, იდენტურია, რაც ორმხრივი თანამშრომლობის წარმატების გარანტია“, – აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა შვეიცარიის მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების უფროს ქრისტინა პრობსტ-ლოპესთან შეხვედრისას.


მხარეებმა ორმხრივ კონსულტაციებზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: არალეგალური მიგრაციის პრევენცია, თავშესაფრის საკითხები, საპროექტო თანამშრომლობა და მემორანდუმით გათვალისწინებული სხვა მიმართულებები.

იუსტიციის სამინისტროს გარდა, სამუშაო შეხვედრაში ჩართული იყვნენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სხვადასხვა წევრი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრს შეხვდნენ

გერმანული დელეგაცია თბილისში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის 2022-2025 წლების პროგრამის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც გასულ წელს ბერლინში საქართველოს და გერმანიის იუსტიციის მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია პენიტენციური სისტემა საქართველოში, რომელიც შეესაბამება საუკეთესო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და ამ მხრივ ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარება ძალზედ ღირებულია.

იუსტიციის სამინისტროს მიერ პენიტენციური სისტემის რეფორმის ახალი ტალღის დაწყებიდან დღემდე საქართველოს უკვე აქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები: ინფრასტრუქტურული პროექტების, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების, მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების, თანამშრომელთა და პატიმართა პირობების გაუმჯობესების, პენიტენციური ჯანდაცვის შემდგომი განვითარების, პენიტენციურ სისტემაში IT ინფრასტრუქტურის გაძლიერების და თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდის კუთხით.

იუსტიციის სამინისტრომ, ასევე, შეიმუშავა ახალი პენიტენციური სტრატეგია და ახალი პენიტენციური კოდექსი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიდგომების დახვეწაა. ამასთან, შემუშავდა სპორტის მართვის სტრატეგია, რომელიც აყალიბებს პლატფორმას მსჯავრდებულთა სპორტულ აქტივობებში ჩართვისთვის, რაც ცხოვრების ჯანსაღ წესსა და რეინტეგრაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს.

პენიტენციურ სისტემაში ახალი და ინოვაციური სერვისი „ონლაინ კლინიკა“ დაინერგა, რაც მსჯავრდებულებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე სწრაფ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

დაგეგმილია მცირე ზომის ახალი პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა. მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება მცირე ზომის ლაითურის დაწესებულება, დაწყებულია მშენებლობა ქ. რუსთავში.

გერმანული მხარისთვის საინტერესო აღმოჩნდა საქართველოში დანერგილი ინოვაციები – იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში, ონლაინ უნივერსიტეტი და ,,რე-მარკეტი“. გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრმა ბენიამინ ლიმბახმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ბოლო წლებში პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები აშკარად იგრძნობოდა უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს და მისასალმებელია საქართველოს მისწრაფება გაიზიაროს საუკეთესო ევროპული გამოცდილება.