ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესა და უზბეკეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ და უზბეკეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

თამარ ტყეშელაშვილისა და ხუდოიორ მელიევის შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კოლეგას იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე წარმატებული რეფორმები და უწყების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით დანერგილ ინოვაციურ პროექტებზე – მობილურ იუსტიციის სახლსა და იუსტიციის სახლების ფილიალების გახსნაზე პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც ქართულ ინოვაციას წარმოადგენს.

უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა და აბდულა არიპოვმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი

2023 წლის 5 ივლისს ადვოკატმა წარმოადგინა მომართვა მსჯავრდებულ სააკაშვილთან კლინიკა „ვივა-მედში“ პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით. 12 ივლისს მათ მიერ დასახელებულ ექიმებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ მოენახულებინათ მსჯავრდებული;

ადვოკატის წერილში მითითებული იყო, რომ მოცემული ინფორმაცია გახლდათ კონფიდენციალური. თუმცა, მოგვიანებით, საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში იხილა ექიმების საავადმყოფოში შესვლის პროცესი, რასაც მიეძღვნა პოლიტიკური გადაცემები და იმთავითვე თავად დაარღვიეს კონფიდენციალურობა;

ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით;

ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა თავად სამსახურმა. შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას;

ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას;

მივმართავთ თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოისმინოს პოლონეთის საელჩოს პოზიცია, რადგან სწორედ პოლონეთის საელჩო იყო ამ ექიმების ერთ-ერთი რეკომენდატორი;

საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რომ სამართალი აღსრულდეს. სასჯელის აღსრულება არის სამართლის აღსრულება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც როგორც მსჯავრდებულ სააკაშვილის, ისე ყველა სხვა პატიმრის უფლება არის დაცული;

ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონმდებლობის ფარგლებში; ჩვენთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა წმინდა პოლიტიკურ შთაბეჭდილებებს, რომლებიც არ ეფუძნება მტკიცებულებებს;

ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რაოდენ დიდი გაერთიანებაც უნდა შედგეს, რომელიც არ ეფუძნება მტკიცებულებებს და რომლის უკანაც არ დგას ლოგიკა, ჩვენ ვერავის აზრს ვერ გავითვალისწინებთ, ჩვენ ვიმოქმედებთ მკაცრად კანონმდებლობის ფარგლებში.

გაზიარება
ბეჭდვა

პატიმართა ესკორტირებისა და თანამშრომელთა მეტი უსაფრთხოებისთვის ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრი გაიხსნა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმართა ესკორტირების კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაატარა რეფორმა, რომლის შედეგადაც დღეს ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრი გაიხსნა.

ახლად გახსნილი ცენტრის ფუნქციონირებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადგილზე გაეცნენ.

ცენტრი აღჭურვილია რადიოსიხშირისა და GPS ნავიგაციის უახლესი და თანამედროვე ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა ოპერატიულად, ეფექტიანად და უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით განხორციელდეს, როგორც მსჯავრდებულთა გადაადგილება, ასევე ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მუშაობაც.

ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრში დასაქმებული თანამშრომლებისთვის პენიტენციურმა სამსახურმა კომფორტული სამუშაო გარემო უზრუნველყო და თანამშრომელთათვის მოსასვენებელი სივრცეც გამოყო, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია როგორც პატიმართა პირობების გაუმჯობესება, ასევე თანამშრომელთა ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა. ამ მიზნით, სამსახური არაერთ რეფორმასა თუ პროექტს ახორციელებს, რომელიც სამსახურის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პირველი ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი შეაჯამა

ფორუმი თემაზე „საუკეთესო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე“ თბილისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ღონისძიება ყოველწლიურ სახეს მიიღებს და მონაცვლეობით საქართველოსა და გერმანიაში გაიმართება, რაც ორ ქვეყანას შორის მდგრადი და შეუქცევადი სამართლებრივი თანამშრომლობის უნიკალური შესაძლებლობაა.

ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის შარშან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა.

ეს არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს სისტემის წარმომადგენლებსა და სამეცნიერო სფეროს.

ფორუმის ფარგლებში ყველა მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა, ემსჯელათ სამართლის დარგში დღეს არსებულ აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებზე, საინტერესო რეფორმებზე, ინოვაციებსა და ახალ საერთო ინიციატივებზე.

ფორუმმა შექმნა მყარი სამართლებრივი თანამშრომლობის ფორმატი, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

ფორუმის ფარგლებში, მონაწილე მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები, როგორიცაა:

  • საქართველოსა და გერმანიის სამართლებრივი სისტემების ინსტიტუციური ორგანიზება;
  • საქართველოს ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოება;
  • ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიების გაუმჯობესება;
  • აკადემიური წრეების როლი პოლიტიკის შემუშავებასა და მეცნიერებაზე დაფუძნებულ კანონშემოქმედებაში;
  • პენიტენციური და პრობაციის სისტემების პროფესიული განვითარება.

ქართულ-გერმანულ ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიდგომებსა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების უწყვეტ ღონისძიებებს.

გერმანული მხარისთვის, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, საინტერესო აღმოჩნდა საქართველოში დანერგილი ინოვაციები – იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში და „ციფრული უნივერსიტეტი“;

ორი დღის განმავლობაში მიმდინარე ქართულ-გერმანულ სამართლებრივ ფორუმზე გერმანიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანჟელიკა შლუნკი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის სააგენტოს „ევროჯასტის“ ვიცე-პრეზიდენტი ბოშტიან შკრლეცი; საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები; პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და იუდიტ ვარგამ. ერთობლივი დეკლარაცია ლოგიკური გაგრძელებაა იმ მჭიდრო და სწრაფი თანამშრომლობისა, რომელიც საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის მინისტრებს შორის 2021 წელს ვენეციაში გამართულ ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში დაიწყო. დეკლარაციის მიზანი ორ სახელმწიფოს შორის იუსტიციის სფეროში შემავალ კონკრეტულ თემატურ საკითხებზე ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დაგეგმილი მთავრობათაშორისი შეხვედრის მომზადებაა.


აღსანიშნავია, რომ დღეისთვის საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების ინიციატივითა და ძალისხმევით. დოკუმენტის ხელმოწერამდე რატი ბრეგაძემ და იუდიტ ვარგამ შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ამ პროცესში პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.


შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, უნგრეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ანა სიკო.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე: „გერმანიასთან დარგობრივი თანამშრომლობა ხელს უწყობს ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას“

ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივან ანჟელიკა შლუნკს შეხვდა.

ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი პირველად ტარდება. საქართველო-გერმანიის სამართლებრივი თანამშრომლობის აღნიშნულ ფორმატს საფუძველი ჩაეყარა გასულ წელს ბერლინში რატი ბრეგაძის გერმანელ კოლეგა მარკო ბუშმანთან შეხვედრის დროს.

რატი ბრეგაძემ ანჟელიკა შლუნკთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის მთავარიდა შეუქცევადი პრიორიტეტია, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა.

იუსტიციის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან საუბარში აღნიშნა, რომ უწყება აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესსა და 12 პრიორიტეტის შესრულებაში.

ბერლინში გასულ წელს საქართველო-გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის აგვისტოში რატი ბრეგაძე გერმანიის ფედერაციის ჩრდილოეთ ვესტფალიის მხარის იუსტიციის მინისტრ ბენიამინ ლიმბახს და გერმანულ დელეგაციას უმასპინძლებს. შეხვედრის თემა პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომლობის საკითხები იქნება.

გაზიარება
ბეჭდვა

თბილისში პირველი ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა

ერთობლივი ფორუმის იდეა გასული წლის სექტემბერში საქართველოს და გერმანიის იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა. ფორუმი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ინსტრუმენტია და მიზნად ისახავს სამართლის დარგის პროფესიონალების გაძლიერებას და ორი ქვეყნის სამართლებრივი სისტემების მეტად დაახლოებას.

ფორუმის მონაწილეებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სიტყვით მიმართა. „ახალი ფორმატი ქვეყნისთვის დამატებითი საშუალებაა, ქართული სამართლებრივი სივრცე მეტად დავუახლოოთ ევროპულ სტანდარტებს, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება საქართველოს მიზნის მიღწევაში – გახდეს ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ფორუმში გერმანიის დელეგაციას ხელმძღვანელობს იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანჟელიკა შლუნკი. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროკავშირის სააგენტოს „ევროჯასტის“ ვიცე-პრეზიდენტი ბოშტიან შკრლეცი; საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

სამართლებრივი ფორუმი სახელწოდებით „საუკეთესო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე“ ორდღიანია და 6 ივლისს დასრულდება.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძემ და მარია ბურიჩმა იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს

შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა საქართველოს პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებებით, რაც ასახულია ევროპის საბჭოს ორგანოების დასკვნებსა და ანგარიშებში.

საუბარი შეეხო პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს, რომლის შედეგადაც ციხეებში აღმოფხვრილია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, რაც 2012 წლამდე არაერთხელ გამხდარა სტრასბურგის სასამართლოსა და ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მწვავე კრიტიკის საგანი; პატიმრებს საშუალება აქვთ, მიიღონ უმაღლესი განათლება და შეიძინონ მოთხოვნადი პროფესიები; ჰქონდეთ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება; მონაწილეობა მიიღონ სპორტულ შეჯიბრებებში; პენიტენციურ დაწესებულებებში ისარგებლონ იუსტიციის სახლის სერვისებით; დასაქმდნენ და ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი.

დადებითად შეფასდა 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა შედეგადაც საქართველოს სასამართლოები სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტებს პროაქტიულად გამოიყენებენ და ამით ქართული მართლმსაჯულების სისტემა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მოგებული სახელმწიფოთაშორისი დავების აღსრულების მნიშვნელობაზე და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ამ პროცესში საქართველოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი თამარ ტალიაშვილი.

იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებების გაძლიერებისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიზნით ევროპულ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სახლების მშენებლობა ერთდროულად საქართველოს კიდევ 5 ქალაქში მიმდინარეობს

იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობას საკუთარ ქალაქებში სამტრედიის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხაშურისა და ახმეტის მოსახლეობა შეძლებს. ფილიალების მშენებლობა ერთდროულად საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.

სამტრედიაში, თერჯოლაში, ზესტაფონსა და ხაშურში მიმდინარე სამუშაოები იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილე ერეკლე ღვინიანიძესა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად მოინახულა. მინისტრი სამუშაო პროცესს გაეცნო და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

იუსტიციის სახლების ფილიალების გახსნა საქართველოს რეგიონებში კიდევ უფრო გაზრდის მოქალაქეებისათვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობას, რაც იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტია.

ამ მიზნით 2022-23 წლებში ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნა თბილისში – ვარკეთილში; სუფსაში, მშენებლობები მიმდინარეობს საქართველოს 5 ქალაქში; იგეგმება კიდევ 8 ფილიალის – საგარეჯოს, მცხეთის, ტოლების, ზოტის, ცაიშის, ხელვაჩაურის, შროშის და თბილისში გლდანის – მშენებლობის დაწყება.

2023 წელს იუსტიციის სახლები ზესტაფონში, ხაშურსა და სამტრედიაში გაიხსნება, 2024 წლის ბოლომდე კი – ყველა მუნიციპალურ ცენტრში