ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

უნგრეთის დედაქალაქში „ბუდაპეშტის პროცესის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა

უნგრეთში „ბუდაპეშტის პროცესის“ მონაწილე ქვეყნების მინისტერიალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, მინისტრთა დეკლარაცია და მისი განხორციელების 2025-2030 წლების სამოქმედო გეგმა იქნა მიღებული.

მინისტრთა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც ღონისძიებაზე მინისტრთა დეკლარაციით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მიგრაციის მართვის ჭრილში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ დონზე.

საქართველოს მხრიდან მინისტრთა კონფერენციას ესწრებოდნენ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი; ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, შედიოდნენ საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.

მინისტრთა დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: უკანონო მიგრაციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა; ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების განვითარება, მიგრანტთა დაბრუნება და მდგრადი რეინტეგრაცია; მიგრაციის დადებითი ეფექტების გამოყენება განვითარებისთვის; საერთაშორისო დაცვა და ინტეგრაცია.

დეკლარაცია და მისი სამოქმედო გეგმა „ბუდაპეშტის პროცესის“ მონაწილე 50-ზე მეტი ქვეყნის და პროცესის პარტნიორი 10-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა.

დოკუმენტის მიღებით რეგიონში მომავალი ხუთი წლის სამოქმედო პრიორიტეტები განისაზღვრა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუდაპეშტში გამართული მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში განხორციელებული რეფორმები გააცნო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა, რომელიც ეფექტიანი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფის თემას ეძღვნება. კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი მოხსენებით გამოვიდა.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კანონშემოქმედებითი საქმიანობის განვითარებასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პარალელურად საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პრაქტიკაზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფაზე, ასევე, მტკიცებულებებსა და ანალიზზე დაფუძნებული მიდგომების დამკვიდრებაზე, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი კომისიები და სამეცნიერო-აკადემიური საბჭო.

ბექა ძამაშვილმა ევროპელ კოლეგებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ქართული გამოცდილება გაუზიარა და ამ მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უახლოეს მომავალში განსახორციელებელი აქტივობები გააცნო.

ბუდაპეშტის კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელები, მაღალი დონის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუდაპეშტში გამართული მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში განხორციელებული რეფორმები გააცნო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა, რომელიც ეფექტიანი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფის თემას ეძღვნება. კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი მოხსენებით გამოვიდა.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კანონშემოქმედებითი საქმიანობის განვითარებასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პარალელურად საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პრაქტიკაზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფაზე, ასევე, მტკიცებულებებსა და ანალიზზე დაფუძნებული მიდგომების დამკვიდრებაზე, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი კომისიები და სამეცნიერო-აკადემიური საბჭო.

ბექა ძამაშვილმა ევროპელ კოლეგებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ქართული გამოცდილება გაუზიარა და ამ მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უახლოეს მომავალში განსახორციელებელი აქტივობები გააცნო.

ბუდაპეშტის კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელები, მაღალი დონის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტრო მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს

კონკურსის მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა.

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:

  • სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება;
  • სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება.

პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 30 000 ლარს შეადგენს.

საგრანტო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: grant@justice.gov.ge.

განაცხადების მიღება 11 ნოემბერს დაიწყო. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 1 დეკემბერი.

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. 2021-2024 წლებში უწყებამ 48 პროექტი, ჯამში, 1 080 619 ლარი დააფინანსა.

სამინისტროს წარმომადგენლები პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.


საგრანტო დოკუმენტაციის ჩამონათვალი

გაზიარება
ბეჭდვა

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება

იუსტიციის სამინისტრო 2022 წლიდან ახორციელებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო მოქალაქეებს უსასყიდლოდ ურეგისტრირებს როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ, ისე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს.

მიმდინარე რეფორმის ამ დროისათვის არსებული შედეგები იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზაზე გამართულ ღონისძიებაზე შეაჯამეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ; პრეზენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ წარადგინა.

პროექტის დაწყებიდან დღემდე აიზომა 1 500 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ხოლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 000 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე. გადამზადდა და დასაქმდა 1000-მდე ადამიანი.

წარმატებული შედეგების გათვალისწინებით და იმ მიზნით, რომ სახელმწიფოში არ დარჩეს არცერთი დაურეგისტრირებელი ნაკვეთი, სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. მისი დასრულების შემდეგ შეიქმნება ერთიანი, სრულყოფილი საკადასტრო მონაცემთა ბაზა და საბოლოოდ იდენტიფიცირდება კერძო, სახელმწიფო თუ მუნიციპალური საკუთრება.

ღონისძიების ბოლოს იუსტიციის მინისტრმა სტუმრებს რეფორმის განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკა და ინვენტარი, აგრეთვე - ახლად გახსნილი სასწავლო ცენტრი - სააკაძის სასწავლო ბაზა დაათვალიერებინა.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შედეგების პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულები, იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, რეფორმის მონაწილე უწყებებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


გაზიარება
ბეჭდვა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა

კომისიის წევრებმა საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებისაგან მოისმინეს ინფორმაცია არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან კი - საარჩევნო დავების საერთო სასამართლოებში განხილვის თაობაზე.

მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლენილ საკითხებზე რეაგირების შესახებ ისაუბრა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელმა.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი უძღვებოდა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრი საჯარო უწყებების ხელმძღვანელი პირები; საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, აგრეთვე, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. მას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს.

კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.

კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან დაასრულებს.

გაზიარება
ბეჭდვა

უწყებათაშორისმა კომისიამ არჩევნების შემდეგ პირველი სხდომა გამართა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-10 სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია კენჭისყრის დღეს საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. მომხსენებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე იყო. მან დეტალურად ისაუბრა ხმის მიცემის ფარულობის, ვერიფიკაციის სისტემის გამართულობის, მარკირების წესების დაცვის, საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის, სხვის ნაცვლად და განმეორებით ხმის მიცემის შეუძლებლობისა და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. სხდომაზე, ასევე, მოისმინეს მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლენილ საკითხებზე რეაგირების თაობაზე.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უძღვებოდა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრი საჯარო უწყებების ხელმძღვანელი პირები; საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, აგრეთვე, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. მას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს. კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.

კომისია მუშაობას ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ დაასრულებს.

გაზიარება
ბეჭდვა

თერჯოლაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება. იუსტიციის სახლის 123-ე ფილიალი თერჯოლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნეს. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

თერჯოლის იუსტიციის სახლი მოქალაქეებს თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის 500-ზე მეტ სერვისს. აქვე განთავსებულია სპეციალური სივრცე ქორწინების საზეიმო ცერემონიალისათვის. ფილიალი სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს.

ახალ იუსტიციის სახლში 15-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული. ფილიალში განთავსებულია იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც.

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, რასაც საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს; 2028 წლისთვის მათი რიცხვი 133-ს მიაღწევს, რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს კი, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 90 სოფელში ემსახურება ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“.

უშუალოდ იმერეთის რეგიონში 26 იუსტიციის სახლია, მობილური იუსტიციის სახლი კი, რეგიონის 15 სოფელს ფარავს.

იუსტიციის სახლი ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაშიც ფუნქციონირებს. ფილიალების მუშაობა ციხის ტერიტორიაზე ქართული ინოვაციაა და მას ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს.

იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში,

ადგილობრივი ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს ახალ სერვისს – „გონიერ კონტრაქტს“ სთავაზობს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ინოვაციური პროდუქტის – „გონიერი კონტრაქტის“ სისტემის გამოყენება დაიწყო.

„გონიერი კონტრაქტის“ სისტემა ტრადიციული ოპერაციების ახლებურად განხორციელების საშუალებას იძლევა. თანხის გადახდა და ქონების რეგისტრაცია ერთდროულად ხდება - მხარეები ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ციფრულ ფორმატში, დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით გააფორმებენ; ასევე, "გონიერი კონტრაქტის" მეშვეობით შესაძლებელია იპოთეკის იმავე მეთოდით რეგისტრაციაც.

უძრავი ქონების ტრანზაქციებში აღნიშნული სისტემის ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვისაც. ინოვაციური ციფრული პროდუქტის საშუალებით უცხოეთში მცხოვრები ქართველები შუამავლებისა და მინდობილობის გარეშე შეძლებენ საქართველოში უძრავი ქონების შეძენას.

მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, აღნიშნული სერვისის სარგებლობისთვის სააგენტოს წარმომადგენელთან ვირტუალური შეხვედრა დაჯავშნონ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს

ოფიციალურ ვებგვერდზე - www.napr.gov.ge.

ახალი სერვისის კონცეფცია აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააცნო, სისტემის პრეზენტაცია კი, ღონისძიების მონაწილეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ წარუდგინა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, საქართველოს პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველი, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები, აგრეთვე, „გონიერი კონტრაქტის“ დანერგვის პროექტში ჩართული მხარეები – კომერციული ბანკები, დეველოპერები და მსოფლიო ბანკის (World Bank) წევრები.

გაზიარება
ბეჭდვა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის განცხადება

წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებთან, მათ შორის, ამომრჩევლებისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად დეზინფორმაციის გავრცელების აღკვეთის, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების ეფექტიანი პრევენციისა და მათზე სათანადო რეაგირების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს:

  • საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით გაავრცელონ კონკრეტული ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია, ნაცვლად ზოგადი, არაიდენტიფიცირებადი და ბუნდოვანი შინაარსის მქონე განცხადებებისა;

  • თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მანდატის გათვალისწინებით, საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასთან.