ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან თანამშრომლობის ინიციატივები განიხილა

შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობისათვის სამომავლო ინიციატივები განიხილა, რაც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, საქართველოდან გერმანიაში წასული ლეგალური მიგრანტების უფლებების დაცვას, მეორე მხრივ კი, არალეგალ მიგრანტთა რაოდენობის შემცირებას.

რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს პოლიტიკა მიგრაციის სფეროში მნიშვნელოვნად განვითარდა და ამ საკითხში განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მათ შორის, გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობამ. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით გერმანიისა და საქართველოს შემდგომი თანამშრომლობაც ასეთივე წარმატებული იქნება.

რატი ბრეგაძისა და იოაჰიმ შტამპის შეხვედრა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მჭიდრო სექტორული თანამშრომლობის გაგრძელებაა, ამჯერად მიგრაციის მართვის მიმართულებით.

იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებზე გერმანიასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით ინტენსიური 2022 წლიდან გახდა, როდესაც მხარეებს შორის გაფორმდა იუსტიციის სფეროში საქართველო-გერმანიის 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამა.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილე ბექა ძამაშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ესწრებოდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტრო ეთნიკურ უმცირესობებს მშობლიურ ენაზე ნათარგმ კანონმდებლობასა და სასწავლო კურსებს სთავაზობს

უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა. ამ მიზნით, სსიპ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" უზრუნველყოფს
ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი კანონმდებლობის ვებგვერდზე განთავსებასა და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისთვის.

საკანონმდებლო მაცნეს ონლაინპლატფორმაზე უკვე წარმოდგენილია აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ნათარგმნი ათობით სამართლებრივი აქტი.

სსიპ "იუსტიციის სასწავლო ცენტრი" ეთნიკურ უმცირესობებს ქართული სამართლის სასწავლო კურსს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა ქართული სამართლის საფუძვლებსა და სამართლებრივ ტერმინოლოგიას ქართულ ენასთან ერთად უფასოდ შეისწავლის.

მარნეულის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, საკანონდებლო მაცნეს თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილი და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჟვანია უძღვებოდნენ. მათ მოსახლეობისგან სხვა საჭიროებების თაობაზეც მიიღეს ინფორმაცია.

აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეთნიკურ უმცირესობებს სხვადასხვა პროექტებსა და სერვისებს მომავალშიც შესთავაზებს.

გაზიარება
ბეჭდვა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა

დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა. მომჩივნები არიან ირაკლი ფირცხალავა (სპეცოპერაციის დროს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე) და გიორგი ცააძე (სპეცოპერაციის დროს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე).


როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, რომელშიც, სულ მცირე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 50 მაშინდელი თანამშრომელი მონაწილეობდა, 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილსა და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვს მანქანაში 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს. საქმეზე პირველადი გამოძიება, რომელიც 2006 წლის მაისში დაიწყო, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფონზე წარიმართა და საბოლოოდ 2007 წლის აპრილში შეწყდა.


საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის დეკემბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით არაერთი ყოფილი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში, მათ შორის, მომჩივნები. ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე.


ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) ფარგლებში მომჩივნები აცხადებდნენ, რომ ეროვნულმა სასამართლომ მიიღო ბრალდების შვიდი მოწმის (რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად იყვნენ მოთავსებული საკანში) ჩვენება მათ წინააღმდეგ როგორც მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე. პირველი მომჩივნის დავის საგანს წარმოადგენდა, აგრეთვე, დაცვის მხარის მოწმეების სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფისა და მათი დაკითხვის შეუძლებლობა.


ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის პოზიცია და დაადგინა, რომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.


კერძოდ, მომჩივანთა მიერ სადავოდ გამხდარი ჩვენებები არ წარმოადგენდა მათი მსჯავრდებისთვის ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას. დამატებით, საქმეში არსებობდა მტკიცებულებათა კომპლექსური ერთობლიობა, მათ შორის, დამოუკიდებელ თვითმხილველთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები, რაც ადასტურებდა მომჩივანთა ბრალეულობას.
სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებდა, რომ ირაკლი ფირცხალავა ხელმძღვანელობდა „კორტების სპეცოპერაციას“. სტრასბურგის სასამართლოს მითითებით, ეროვნული სასამართლოების დასკვნა, რომლის თანახმადაც, ირაკლი ფირცხალავამ დაგეგმა და განახორციელა სპეცოპერაცია შურისძიების მიზნით, დასტურდებოდა მოწმეთა ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ეროვნული სასამართლოების პოზიცია, რომ სროლა არ ყოფილა პროვოცირებული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის (მსხვერპლები) მიერ და მათი მანქანიდან გასროლა მომჩივნების მისამართით არ მომხდარა, რაც დასტურდებოდა დამოუკიდებელი თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებითა და სხვა მრავალი მტკიცებულებით. კერძოდ, ერთ-ერთმა თვითმხილველმა დაადასტურა, რომ პირველი მომჩივანი (ირაკლი ფირცხალავა) ისროდა იარაღს მსხვერპლების მანქანის მიმართულებით. რაც შეეხება მეორე მომჩივნის (გიორგი ცააძის) ქმედებებს, ორი თვითმხილველის მიერ დადასტურდა, რომ იგი მიუახლოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები მათი მოკვლის მიზნით. ამასთან, ის ფაქტი, რომ მეორე მომჩივნის მიერ განხორციელებულ საკონტროლო გასროლამდე ორივე მსხვერპლი იყო ცოცხალი, თვითმხილველის ჩვენებასთან ერთად დადასტურდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზითაც.


ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, გაიზიარა მთავრობის პოზიცია და დაუშვებლად ცნო საჩივრის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდებოდა დაცვის მხარის მოწმეების სხდომაზე დაკითხვის უზრუნველყოფის საკითხს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პირველ მომჩივანს ეროვნულ დონეზე არ ამოუწურავს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და მას აღნიშნული პრეტენზიით არ მიუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის.


მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ სისხლის სამართლის პროცესი მომჩივნებთან დაკავშირებით იყო სამართლიანი და არ დარღვეულა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი განხილვის უფლება.


აღსანიშნავია, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით, 2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება – „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევას, ვინაიდან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც, სხვებს შორის, ზურაბ ვაზაგაშვილის სიკვდილი გამოიწვია, არ იყო პროპორციული და აუცილებელი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა

მინისტრმა მათ საზოგადოების უსაფრთხოებისთვის გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.

სოციალური მუშაკები დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროში, პენიტენციურ და აღსრულების სისტემებში, კომპლექსურ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან.

ისინი აქტიურად არიან ჩართული რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებსა და ღონისძიებებში; მსჯავრდებულების, განრიდებული პირების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში, მათი ქცევის პოზიტიური ცვლილების და საზოგადოებაში რეინტეგრაცის მიმართულებით; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებთან მუშაობაში. სოციალური მუშაკების ჩართულობით აღსრულების პროცესში ხელი ეწყობა გადაწყვეტილებათა ნებაყოფლობით შესრულებას და დავების შეთანხმებით დასრულებას.

სოციალურ მუშაკთა პროფესიული დღე მსოფლიოში აღინიშნება და საზოგადოების კეთილდღეობისთვის სოციალური სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სოციალური სამართლიანობის და ადამიანის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.

გაზიარება
ბეჭდვა

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფემიციდის თემაზე შექმნილი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო 

კონკურსი ქალთა მიმართდა ოჯახური ძალადობისშესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისმიზნით ჩატარდა დასაგამოფენოდ 20 საკონკურსო ნამუშევარი შეირჩა.

მონაწილეებს იუსტიციის მინისტრის პირველმამოადგილემ მიმართა. თამარ ტყეშელაშვილიკონკურსის მონაწილეებს გენდერული თანასწორობისმნიშვნელობაზე ესაუბრა და პროცესშიახალგაზრდების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

„იუსტიციის სამინისტრო არის ისერთ-ერთი სამაგალითოუწყება, სადაც დასაქმებულქალთა რაოდენობა ჭარბობსმამაკაცების რაოდენობას, განსაკუთრებით, მენეჯერულპოზიციებზე. ჩვენ ვაკეთებთყველაფერს, რომ ჩვენითანამშრომელი ქალების უფლებები იყოსდაცული როგორც ოჯახში, ისე სისტემის ფარგლებში, და მთლიანად საზოგადოებაში. ამ გრძელ დაგამოწვევებით სავსე გზაზეჩვენ არაერთი საინფორმაციოთუ საკონსულტაციო შეხვედრაგავმართეთ მიზნობრივ ჯგუფებთან დამუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდასაზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები“, – განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

კონკურსის გამარჯვებულს გაერო-სქალთა ორგანიზაციამ საჩუქარიგადასცა, სხვა მონაწილეებიკი სიგელებით დასიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

მხატვრული ნამუშევრების კონკურსი იუსტიციისსამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა დასამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის, იუსტიციის სასწავლო ცენტრისადა გაერო-სქალთა ორგანიზაციის მჭიდროთანამშრომლობით გაიმართა გენდერული ძალადობისწინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში.

გაზიარება
ბეჭდვა

ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი ციფრული მმართველობის სააგენტოს საქმიანობას გაეცნო

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ქლევერლი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ციფრული მმართველობის სააგენტოს ეწვია. მაღალი რანგის სტუმარი ადგილზე გაეცნო კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის საქმიანობის სპეციფიკას და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სისტემებს.

შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილმა სტუმარს ბრიტანეთისა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების პარტნიორობის პროგრამის მეშვეობით გაწეული მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადეს.

პროგრამის ფარგლებში საქართველო ბრიტანეთისგან იღებს მხარდაჭერას კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის იმპლემენტაციის, ინფორმაციის გაზიარების უწყებათაშორისი ჩარჩოს შემუშავების, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარებისა და კიბერსაფრთხეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი სოფიო ქაცარავა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი გივი თუმანიშვილი და მისი მოადგილე, გიორგი ღიბრაძე.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს განცხადება

საზოგადოების ინფორმირების მიზნით იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა. შეთავაზება გულისხმობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, უშუალოდ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს, მიიღოს მონაწილეობა მის მკურნალობაში თბილისში, კლინიკა „ვივამედში“, სადაც ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გაერო-ს ნარკოტიკებსა და დანაშაულთან ბრძოლის ოფისის ნარკოტიკების კომისიის 66-ე სესიაში მონაწილეობს

იუსტიციის სამინისტროს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სარაჯიშვილი გაერო-ს ნარკოტიკებსა და დანაშაულთან ბრძოლის ოფისის ნარკოტიკების კომისიის 66-ე სხდომაზე სიტყვით წარსდგა. მოხსენებაში მან ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დაბალანსებული და ადამიანის უფლებების დაცვაზე დამყარებული ნარკოპოლიტიკის მნიშვნელობაზე.

სიტყვით გამოსვლისას, იუსტიციის სამინისტროს წარომადგენელმა, ხაზი გაუსვა ეროვნულ დონეზე გატარებულ ყველა იმ პროგრესულ ნაბიჯს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდა თანამედროვე გამოწვევების საპასუხო ზომების გატარება. განსაკუთრებით, ოთხსვეტოვანი ნარკოპოლიტიკის მნიშვნელობას, რომელიც ინტეგრირებულ, თანაბარი მიდგომებით დანერგილ პრევენციულ, სამკურნალო-სარეაბილიტაციო, ზიანის შემცირებისა და მოთხოვნის/მიწოდების შემცირების ზომებს მოიცავს.

ქეთევან სარაჯიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის განვითარების პროცესზე და ამ მიზნით 2020 წლის იანვარში ქვეყანაში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნის საკითხზე. ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი არსებული ვითარების შესწავლის, ანალიზისა და დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის იმპლემენტაციის ინსტიტუციური გარანტია.

გაერო-ს ნარკოტიკებსა და დანაშაულთან ბრძოლის ოფისის ნარკოტიკების კომისიის 66-ე სესიაში გაერო-ს წევრი სახელმწიფოების მაღალი დონის წარმომადგენლები, თემატური საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ. კოისიის 66-ე სესიაზე იუსტიციის სამინისტრო, როგორც ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი უწყების იყო წარმოდგეილი.

გაზიარება
ბეჭდვა

პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისთვის საგრანტო პროექტი მიმდინარეობს

პროექტის სახელწოდებაა „ზიანის შემცირების მიდგომების ინტეგრაციის ხელშეწყობა პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის პროგრამაში“.

პროექტი ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელსა“ და პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სამედიცინო დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობის დანერგვასა და განვითარებას.

გაიზრდება პენიტენციურ დაწესებულებებში ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა და პრობაციას დაქვემდებარებულ პირთა ინფორმირებულობა ზიანის შემცირების სერვისებში ინტეგრაციის, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის სერვისებში ჩართვის კუთხით. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა: ნარკოტიკების მოხმარების და მასთან ასოცირებული დაავადებების პროფილაქტიკა/თავიდან აცილება, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ნარკოტიკების ინიექციურ მოხმარებასთან ასოცირებული სხვა დაავადებისა და ზედოზირების გავრცელების შემცირება/თავიდან აცილება; ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით ცოდნის ამაღლება.

იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.