ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

სამართლებრივი უსაფრთხოების საკითხებზე კიდევ ერთი ლექცია ჩატარდა

იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს ლექციათა ციკლს „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სამართლებრივი გზებით“, რომელიც შარშან, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დაიწყო და უკვე არაერთ ქალაქში ჩატარდა.

საჯარო ლექცია ამჯერად „უსაფრთხოების ზამთრის სკოლის“ ფარგლებში გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიკოლაიშვილი მსმენელებს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიღწეული ისტორიული შედეგებისა და მიმდინარე დავების შესახებ ესაუბრა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრომ სრულად დაიცვა საქართველოს სუვერენიტეტი და ყველა დავა მოუგო რუსეთის ფედერაციას სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, აქტიური მუშაობა წარიმართება საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების ეფექტიანად აღსრულებისთვის.

ლექციის ბოლოს ნინო ნიკოლაიშვილმა დამსწრეთა კითხვებს უპასუხა.

„უსაფრთხოების ზამთრის სკოლა“ ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი პარტნიორები არიან საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

გაზიარება
ბეჭდვა

საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის საკითხზე სტუდენტებთან დისკუსია გაიმართა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე – „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სამართლებრივი გზებით“, რომელსაც უძღვებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიკოლაიშვილი.

მომხსენებლებმა საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ოკუპაციის შედეგებსა და დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ რთულ და წარმატებულ ბრძოლას, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგსა და ჰააგაში აწარმოებდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

სხვა საკითხებთან ერთად, სტუდენტებს, ასევე, განემარტათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს შემდგომი დეოკუპაციისა და სუვერენიტეტის დაცვისათვის იმ ფაქტებს, რომ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოები აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ადასტურებენ რუსეთის მიერ ოკუპაციას.

ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რის ფარგლებშიც მომხსენებლებმა უპასუხეს სტუდენტების კითხვებს და მოისმინეს მათი მოსაზრებები.

საზოგადოებასთან პირისპირ კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. საჯარო ლექციების ციკლი 2022 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აჭარის რეგიონის ოფისების თანამშრომლებთან უწყებაში მიმდინარე პროექტები, მიღწეული შედეგები და გამოწვევები განიხილა

ბათუმის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას, იუსტიციის მინისტრთან ერთად, ესწრებოდა მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე. საუბარი, ძირითადად, სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდისათვის დაგეგმილ აქტივობებს შეეხო.

თანამშრომელთა მხრიდან აღინიშნა, რომ წინა შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები გათვალისწინებულია, გამოწვევები კი, გადაჭრილი. განახლებულია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გათანაბრებულია თანამშრომლების ხელფასები.

,,უწყვეტი დიალოგი იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულებთან, პრობლემებზე გულწრფელი საუბარი და მათ გადაჭრაზე ერთობლივი ზრუნვა არის ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატების მთავარი გასაღები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

შეხვედრას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე რეგიონის თანამშრომლებთან შეხვედრებს აგრძელებს

იუსტიციის მინისტრი ოზურგეთის და ქობულეთის იუსტიციის სახლების, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული არქივის თანამშრომლებს შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. მინისტრი ნოტარიუსთა პალატის რეგიონული ოფისის თანამშრომლებსაც გაესაუბრა და მათთან სამინისტროს მასშტაბით მიმდინარე სიახლეები განიხილა.

რატი ბრეგაძე დასავლეთ საქართველოში რეგიონალური ოფისის თანამშრომლებს ხვდება. მინისტრი უკვე იმყოფებოდა ქუთაისის იუსტიციის სახლში, სადაც თანამშრომლებს უწყებაში მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა.

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებული სერვისების მუდმივად დახვეწა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა იუსტიციის სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამ მიზნით ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას და იუსტიციის სახლების მშენებლობას უწყება 2023 წელსაც ინტენსიურად ახორციელებს.

გაზიარება
ბეჭდვა

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2023-2030 წლების ნარკოპოლიტიკის ეროვნული სტრატეგია და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

2023-2030 წლების ნარკოპოლიტიკის ეროვნული სტრატეგია ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო სტანდარტებზე, სრულ შესაბამისობაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან და ნარკოტიკების თაობაზე ევროკავშირის 2021-2025 წლების სტრატეგიასთან.

საბჭოს სხდომაზე ასევე დამტკიცდა 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც დაბალანსებული და ოთხსვეტოვანი ნარკოპოლიტიკის (პრევენცია, მკურნალობა/რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება და მიწოდება/მოთხოვნის შემცირება) მიდგომებს იზიარებს და უზრუნველყოფს 8 წლიანი ეროვნული სტრატეგიის იმპლემენტაციას. ამასთან, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ნარკოვითარების 2021 წლის ეროვნული ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომელიც EMCDDA-ის სტანდარტით შეიმუშავა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი უძღვებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის გატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, რომ თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, დაბალანსებული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება დროული რეაგირებისა და უწყვეტი ზრუნვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ასევე - არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის, „სამართლის ინოვაციური ტექნოლოგიების“, პრეზენტაცია გაიმართა

პროექტის მიზანი სამართალშემოქმედებით საქმიანობაში ინოვაციური ციფრული ხელსაწყოს (digital tool) დანერგვაა. შედეგად, იუსტიციის სამინისტროში გაძლიერდება სამართალშემოქმედების პროცესი და მოხდება მისი ციფრული მართვა. ლიგალტექის პროგრამა „Logos“-ის გამოყენებით შესაძლებელი იქნება კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შექმნა, ნორმათა სტრუქტურის ციფრული ვიზუალიზაცია, დოკუმენტების ავტომატური გენერირება და პროცესების ავტომატიზაცია.

იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისთვის პროექტის წარდგენისას გერმანიიდან ჩაერთო ვიადრინას უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, ვენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი შტეფან ბრაიდენბახი. გერმანელი პროფესორი აღნიშნულ პროექტს ავტორებთან, შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი ხუბუასთან, ბტუ-ს სამართლის ტექნოლოგიების ასოცირებულ პროფესორსა და სამართლის ინჟინერ ლადო სირდაძესთან, ერთად განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მსგავს პროგრამას სამართალშემოქმედებით საქმიანობაში იყენებს გერმანიის იუსტიციის ფედერალური სამინისტრო.

იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება იხსნება

დაბა ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში დასკვნითი შიდამოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადგილზე გაეცნენ.

ლაითურის ციხე მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებაა და გათვლილია 700-მდე პატიმარზე.

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობების უმაღლესი სტანდარტებით უზრუნველყოფა, ასევე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების სამუშაო გარემოზე მუდმივი ზრუნვა - იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ლაითურის ახალი პენიტენციური დაწესებულებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ის სრულად მორგებულია როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებს.

ლაითურის პენიტენციური დაწესებულება მიმდინარე წელს გაიხსნება, სადაც დასაქმდება 500-მდე ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივი მაცხოვრებლებიც

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას სისტემაში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა

მიმდინარე გამოწვევებსა და დაგეგმილ პროექტებზე მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ იმერეთის რეგიონის თანამშრომლებთან ერთად იმსჯელეს.

მინისტრმა თანამშრომლების საჭიროებები პირადად მოისმინა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები უწყების მიერ მიღწეული შედეგების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

მინისტრის თქმით, თანამშრომლების მხრიდან წინა შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები გათვალისწინებულია, გამოწვევები კი, გადაჭრილი. კერძოდ, განახლებულია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გათანაბრებულია რეგიონსა და ქალაქში მომუშავე თანამშრომლების ხელფასები.

არსებული სერვისების მუდმივად დახვეწა და რეგიონებში სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა იუსტიციის სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამ მიზნით ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას და იუსტიციის სახლების მშენებლობას უწყება 2023 წელსაც ინტენსიურად ახორციელებს.

შეხვედრას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრის, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი წარმატებით მიმდინარეობს

პროექტის - „მომავალ თაობაში იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა სამართლებრივი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის“ - პირველი ეტაპი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს და მას „თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოება“ უძღვება.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ზემოხსენებული პროექტის მიზანი საგანმანათლებლო დაწესებულებებში იურიდიული განათლების პოპულარიზაცია, სამართლებრივი კულტურის გაძლიერება, სკოლის მოსწავლეებში მართლშეგნების დონის ამაღლება და მომავალი თაობის იურისტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაა.

თავდაპირველად სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტებიდან შერჩეული 30-მდე სტუდენტი 5-დღიან ტრენინგს გაივლის ადამიანის უფლებათა სფეროში. ტესტირების საფუძველზე გამოვლენილი საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები კი, თბილისის, ბათუმის, ლაგოდეხისა და გორის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს გამართავენ.

იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს უწყებამ 17 საუკეთესო პროექტი დააფინანსა.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.