ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან ხელშეკრულებები გააფორმა

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ 17 საუკეთესო პროექტს დააფინანსებს.

გამარჯვებულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებები დღეს გაფორმდა.

კონკურსის მიზანი იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერება და სისტემის მასშტაბით სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდაა.

საგრანტო პროგრამა იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებების დაცვის, გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვისა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებებით 20 ოქტომბერს გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში, ჯამში, 62 საპროექტო განაცხადი იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და მოადგილეები თორნიკე ჭეიშვილი და ერეკლე ღვინიანიძე ესწრებოდნენ.

საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტების ჩამონათვალი იხილეთ აქ

გაზიარება
ბეჭდვა

გურიის რეგიონში სტიქიით დაზარალებულთათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საამზომველო სამუშაოებს ახორციელებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის სამუშაოები 2024 წლის ივლისში უნდა განხორციელებულიყო. თუმცა მიმდინარე წლის სექტემბერში გურიის რეგიონში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სააგენტოს 55 ამგეგმავი 13 დეკემბრიდან ახორციელებს საამზომველო სამუშაოებს. სააგენტოს ამგეგმავები სრული დატვირთვით მუშაობენ დამეწყრილ ზონებში რთული რელიეფური პირობების მიუხედავად.

მუნიციპალიტეტებში მიმდინარე აქტიურ საამზომველო სამუშაოებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ ტყეშელაშვილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან - დავით დევიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„სექტემბერში სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს. მეწყერმა დააზიანა მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები, რომლებიც არ იყო რეგისტრირებული მათ საკუთრებაში. იმისთვის, რომ სტიქიით დაზარალებულმა მოქალაქეებმა სწრაფად მიიღონ შესაბამისი კომპენსაცია, იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჯარო რეესტრის ამგეგმავთა ჯგუფები, რომლებიც გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ამ დროისათვის სხვა მუნიციპალიტეტებში ახორციელებდნენ მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე სამუშაოს, მუშაობას გააგრძელებდნენ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მიწის ნაკვეთების ასაზომად,“ - განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

სააგენტოს საველე ჯგუფებმა მინისტრის პირველ მოადგილეს საკადასტრო აზომვითი სამუშაოების ტექნიკურ საკითხებზე, რელიეფურ სირთულეებზე, მეტეოროლოგიურ პირობებსა და გეოდეზიური ხელსაწყოების მუშაობის სპეციფიკაზე ინფორმაცია გააცნო.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საამზომველო პროცესი სრულად ელექტრონულია – საამზომველო ჯგუფები შესაბამის ოქმებს ელექტრონულად ავსებენ, რაც ტექნიკური ხარვეზების შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიის 80% ზე მეტი უკვე რეგისტრირებულია. დღიურად იზომება და რეგისტრირდება საშუალოდ 2500-2700 მიწის ნაკვეთი.

საველე სამუშაოების ფარგლებში უკვე აიზომა 650 000 მიწის ნაკვეთი, საიდანაც 500 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი უკვე რეგისტრირებულია.

პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე


გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე, გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესები გაიმართა

იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილე სტუდენტები იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა დააჯილდოვა.

საფინალო პროცესში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდები მონაწილეობდნენ. ფინალი თსუ-ს გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებული სტუდენტები ციცი გიგოიძე და ნიკოლოზ ნურაშვილი არიან.

თავისუფალ უნივერსიტეტს კი, წარმოადგენდნენ სტუდენტები: გიგა ჟამერაშვილი, ალექსანდრე მიქელაძე, ვალერი სიდამონიძე და საბა სარჯველაძე.

ნომინაციაში „საუკეთესო მომხსენებელი“ ნინო შველიძემ და ვალერი სიდამონიძემ გაიმარჯვეს.

"აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საფეხურზე - პირველ კალათაში იმყოფება. ამ მიღწევის შესანარჩუნებლად, კი მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება და პრევენცია, შესაბამისად, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავს ახალგაზრდულ პროექტებს" - აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა.

2023 წელს პროექტში სხვადასხვა უნივერსიტეტის 110-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, ფინალურ ეტაპზე კი, 27 სტუდენტი (8 გუნდი) გადავიდა.

პროექტის მიზანია, ტრეფიკინგის პრევენცია, სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება ტრეფიკინგის დანაშაულის, მასთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკის, ტრეფიკინგის მსხვერპლებისთვის/დაზარალებულებისთვის არსებული სერვისების, დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების სპეციფიკის თაობაზე.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს, სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა (ICMPD) და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული პენიტენციური კოდექსი პარლამენტმა მიიღო

ახალი პენიტენციური კოდექსი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას – აწესებს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს. კერძოდ:

ბრალდებულს ენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება; მას, აგრეთვე, ექნება შესაძლებლობა სხვადასხვა სახის მხარდამჭერ პროგრამებში ჩართვის;

განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ენიჭება ვიდეოპაემნის უფლება;

მსჯავრდებულს ენიჭება პაემნის გარე სამყაროსთან ურთიერთობის სხვა ფორმით ჩანაცვლების შესაძლებლობა (ხანმოკლე პაემანი – ვიდეოპაემანი, ხანგრძლივი პაემანი – ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი, საოჯახო პაემანი – ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი);

ყველა სახის პაემანი ხდება სრულიად უფასო;

ამჟამად დადგენილი სატელეფონო საუბრების მაქსიმალური რაოდენობა და ხანგრძლივობა მინიმალურ რაოდენობად/ხანგრძლივობად გარდაიქმნება. მინისტრი უფლებამოსილი იქნება, გაზარდოს სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა;

განსაკუთრებული გარემოების არსებობისას (ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება და სხვ.) ბრალდებულს და მსჯავრდებულს შესაძლებელია, მიენიჭოთ დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება;

პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ენიჭებათ ერთმანეთთან სატელეფონო საუბრის უფლება. დასაშვები იქნება მათ შორის მიმოწერაც;

ყველა მსჯავრდებულს ეძლევა უმაღლესი განათლების მიღების უფლება;

თანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები;

გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება ქალი მსჯავრდებულის განთავსებაც. ამ გზით მათზე გავრცელდება ის უფლებები, რომლებიც აქვს ამ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს;

პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს ენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს ათანაბრებს და აუმჯობესებს;

მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს, ხოლო საამისო წინაპირობების არსებობისას – აგრეთვე სახელმწიფო კომპენსაციას.

ახალი პენიტენციური კოდექსი ითვალისწინებს როგორც წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT), ისე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.

ცვლილებები პარლამენტს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა წარუდგინა და ის საკანონმდებლო ორგანომ 82 ხმით მიიღო.

პენიტენციურ კოდექსთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა გამომდინარე 21 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტიც მიიღო.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების პარაფირების ცერემონიალი გაიმართა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე ბრიუს შვარცმა.

აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის ხელშეკრულების პარაფირება ხანგრძლივი მოლაპარაკებების ლოგიკური ეტაპია. მას წინ უძღოდა 2023 წლის იანვარ-თებერვალში ორმხრივი კონსულტაციები მხარეებს შორის თბილისში.

ექსტრადიციის ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების სწრაფ და მოქნილ თანამშრომლობას და გაზრდის დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობას.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აშშ-ის გენერალურ პროკურორ მერიკ ბ. გარლანდს შეხვდნენ

ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში რატი ბრეგაძემ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტულია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, რაშიც განსაკუთრებულ როლს იძენს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა.

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა სისხლის სამართლის სფეროში სწრაფი და მოქნილი კომუნიკაციის მნიშვნელობას და ამ მხრივ საქართველოსა და აშშ-ს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის ისტორიას.

მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე, რასაც განსაკუთრებით შეუწყობს ხელს ექსტრადიციის სფეროში ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება.

საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება, აგრეთვე, პენიტენციურ სფეროში გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

გაზიარება
ბეჭდვა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის მოადგილე პოლ აბატს შეხვდნენ

საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელიბას. ხაზი გაესვა ეფექტიანი კომუნიკაციის როლს სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობისათვის.


რატი ბრეგაძემ პოლ აბატს მადლობა გადაუხადა FBI-თან წარმატებული თანამშრომლობისათვის ექსტრადიციის სფეროში.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

რატი ბრეგაძემ და ჯეიმს ო’ ბრაიენმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა საქართველოში უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების მიმართულებებით. მინისტრმა ამერიკულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი შეეხო, აგრეთვე, დეოკუპაციის პროცესის სამართლებრივ მხარდაჭერას და იუსტიციის სამინისტროს როლს ამ პროცესში.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, რადგან სტრასბურგის სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის მიმდინარეობა და 2024 წლის არჩევნების საკითხი.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი და ვაშინგტონში საქართველოს გენერალური კონსული სოფიო ვეკუა

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ვირჯინიის პენიტენციური დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

ვირჯინიის სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელმა ჩადვიკ დოთსონმა ციხის მოწყობის სტანდარტებსა და მასში არსებულ სერვისებზე ისაუბრა.

რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების ეროვნულ დონეზე დანერგვა წარმოადგენს. იუსტიციის მინისტრმა საქართველოს ციხეებში პატიმრების პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა, პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მთავარი ამოცანაა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას პენიტენციური სისტემის გაძლიერების მიმართულებით.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დელეგაციის წევრებთან ერთად ქოფივუდის პენიტენციურ დაწესებულებაშიც იმყოფებოდა, სადაც ციხის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და პატიმრებისთვის არსებულ სერვისებს გაეცნო.