ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები ხის საწარმოში დასაქმდნენ

სოციალურ საწარმო „სხივში“ ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები შშმ პირებთან ერთად ხეზე კვეთას და მხატვრულ დამუშავებას ეუფლებიან. დღეისათვის „სხივში“ ხეზე მუშაობას 8 ბენეფიციარი სწავლობს და პროფესიული უნარების გამომუშავებასთან ერთად ანაზღაურებასაც იღებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ბენეფიციარებს ფსიქოლოგიურ სერვისებსაც სთავაზობს. პროექტი იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მისი დაფინანსებით ხორციელდება.

დღეს სოციალურ საწარმო „სხივს“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ესტუმრა და ადგილზე გაეცნო პროექტის მიმდინარეობას.

პროექტის მიზანი ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და მათი პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობაა. სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ ბენეფიციარების ნაწილი ამავე საწარმოში გააგრძელებს მუშაობას.

გასულ წელს იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო პროექტი ადამიანის უფლებების გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დაგეგმვის და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის მიზნით გამოაცხადა და 14 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე: „2008 წლის ომზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ არის დადასტურებული, რომ სიმართლე არის საქართველოს მხარეს და ეს არის საქართველოს ძალიან დიდი გამარჯვება საერთაშორისო არენაზე“

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. ამის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

„ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდნენ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია, რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულ წარმომადგენლებს.

სასამართლოს დღევანდელი განჩინებით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები ამოიწურა და ამ საკითხის ირგვლივ არსებული ყველა დავა დასრულდა.

იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ გარემოებაზე, კერძოდ: დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 154 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია. შედარებისთვის – 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 3000-დან 4000-მდე საჩივარს.

„სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგია – საქართველოს მოქალაქეების საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

2022 წლის მდგომარეობით, ასეთი მცირე ოდენობის საჩივრები განიხილება სკანდინავიისა და რამდენიმე დასავლეთევროპული ქვეყნის, ასევე, მოსახლეობით ძალიან მცირე სახელმწიფოების წინააღმდეგ; ცენტრალურ და აღმოსავლეთევროპულ სახელმწიფოებს შორის კი, საქართველო საუკეთესო ოთხეულშია ჩეხეთის, სლოვენიისა და ესტონეთის გვერდით და, ჯამში, უსწრებს ევროპის საბჭოს 25 (მათ შორის, ევროკავშირის 14) სახელმწიფოს.

ინფორმაციისთვის: რუსეთის კოორდინაციით 2008-2009 წლებში საქართველოს წინააღმდეგ 3,300-ზე მეტი საჩივარი შევიდა, თუმცა, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და სამართლებრივი პოზიციების საფუძველზე საჩივრების აბსოლუტური უმრავლესობა ამოირიცხა ან გამოცხადდა დაუშვებლად, რადგან ევროპულ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რომელიც საქართველოს მიერ ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევას დაადასტურებდა.

დღევანდელი განჩინება წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს კიდევ ერთ გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2021 წლის 21 იანვარს აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის მასობრივი დარღვევა და დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან, საქართველომ გამარჯვება მოიპოვა, ასევე, 2022 წლის 10 მარტს, როდესაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 პირის მიმართ აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ინტერესების დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში.

„2008 წლის ომზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ არის დადასტურებული, რომ სიმართლე არის საქართველოს მხარეს და ყველა ერთად აუცილებლად ვიზეიმებთ მის დიდ გამარჯვებას“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს ელექტრონულ სამართლებრივ ბაზა „ჰეინონლაინზე“ („HeinOnline“) შეუზღუდავი წვდომა ექნება

წამყვან ინგლისურენოვან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული უახლესი კვლევები და სტატიები, საერთაშორისო პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილებები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისათვის უკვე ხელმისაწვდომია. მათი გაცნობა ელექტრონულ სამართლებრივ ბაზა „ჰეინონლაინზეა“ (HeinOnline) შესაძლებელი.

„ჰეინონლაინზე“ შეუზღუდავი წვდომა უფრო ეფექტიანს გახდის საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ სტანდარტებთან დაახლოების პროცესს, გააძლიერებს სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებულ საქმიანობას და ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული მიდგომებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას.

სამომავლოდ საერთაშორისო სამართლებრივ ელექტრონულ პლატფორმაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჟურნალ „იუსტიციის“ განთავსებაც იგეგმება. „HeinOnline“-ის ბაზების ეფექტიანად გამოყენებისა და თანამედროვე კვლევის მეთოდების გასაცნობად, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისათვის სპეციალური ტრენინგებიც ჩატარდება, რომლებსაც კვალიფიციური უცხოელი ექსპერტები წარუძღვებიან.

საერთაშორისო სამართლებრივ ბაზაზე წვდომა იუსტიციის სამინისტროსთვის ევროკავშირის პროექტ „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა II“-ის (Facility for the Implementation of the EU-Georgia Association Agreement II) ფარგლებში განხორციელდა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამართლებრივი ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რატი ბრეგაძეს სპეციალური ჯილდო გადაეცა

სამართლის სფეროს განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს ჯილდო რატი ბრეგაძეს მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგა ფიქრათ მამადოვმა გადასცა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად რატი ბრეგაძემ და ფიქრათ მამადოვმა მემორანდუმი 11 მარტს ქართული დელეგაციის აზერბაიჯანში ვიზიტისას გააფორმეს. დოკუმენტი საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას მემორანდუმი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დადებითად შეაფასა. მან ერთობლივი პროექტების განხორციელების ინიციატივა გამოთქვა და სამინისტროებს მხარდაჭერა აღუთქვა.

რატი ბრეგაძის ორდღიანი ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გუშინ დასრულდა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს ელექტრონული სერვისების და ელექტრონული რეესტრების მუშაობას გაეცნო

იუსტიციის სფეროში დანერგილი ელექტრონული სერვისების ქართული დელეგაციისათვის გასაცნობად აზერბაიჯანულმა მხარემ სპეციალური პრეზენტაცია გამართა.

დელეგაციის წევრებმა აზერბაიჯანელი კოლეგებისაგან მოისმინეს ინფორმაცია, იუსტიციის სამინისტროს რა სერვისებია აზერბაიჯანის მოქალაქეებისათვის ელექტრონულად ხელმისაწვდომი და როგორ შეიძლება მათი მიღება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.

ქართული მხარე აზერბაიჯანის ელექტრონული მმართველობის საიტის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო, რომელზედაც სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს სერვისებიც არის განთავსებული.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აზერბაიჯანის პრობაციის სამსახური დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აზერბაიჯანის პრობაციის სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და უწყების სერვისებს გაეცნო. ქართულმა დელეგაციამ აზერბაიჯანელ კოლეგებთან პრობაციონერთა კონტროლის ელექტრონული მექანიზმები განიხილა და ინფორმაცია მიიღო პრობაციის სამსახურის პრიორიტეტების შესახებ.

საუბარი წარიმართა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და სასჯელის ალტერნატიული, არასაპატიმრო ფორმების, მათ შორის, ელექტრონული სამაჯურის გამოყენების სფეროს გაფართოებაზე.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აზერბაიჯანის საჯარო სერვისების გაცემის სპეციფიკას გაეცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანის საჯარო სამსახურისა და სოციალური ინოვაციების სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულ სერვისცენტრ „ასანს“ ესტუმრა. რატი ბრეგაძემ მომსახურების სივრცეები და ქოლცენტრი დაათვალიერა.

ქართული დელეგაცია „ასანის“ რადიომაუწყებლობის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო. რადიო „ასანი“ აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობს და ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგულია.

ქართული დელეგაციის წევრებმა აზერბაიჯანული მხარისაგან ინოვაციური სერვისების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და, თავის მხრივ, აზერბაიჯანელ კოლეგებს საქართველოში სახელმწიფო სერვისების სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნეს.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების პროცესში საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების როლზე ისაუბრეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოიწონა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმდა. დოკუმენტი საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას ითვალისწინებს. ილჰამ ალიევმა გამოხატა ერთობლივი პროექტების განხორციელების ინიციატივა და სამინისტროებს თავის მხარდაჭერა დაუფიქსირა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს მორიგი გამარჯვება 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს შემდეგ საქართველომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულ წარმომადგენლებს.


კერძოდ, ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ: მიხაილ მინძაევი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი); ჰამლეტ გუჩმაზოვი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი); დავით სანაკოევი (მითითებულ პერიოდში ე.წ. ომბუდსმენი). გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.


პროკურორის ოფისის მიმართვა დაპატიმრების ორდერების გამოცემის თაობაზე კონკრეტულად უკავშირდება რუსეთის მიერ ოკუპაციის პირობებში, ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის უკანონო დაკავების, არაადამიანური მოპყრობის, მძევლად აყვანისა და შემდგომი უკანონო გადაადგილების ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მსგავსად, ჰააგის სასამართლოს პროკურორიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ.


2016 წლიდან საქართველოს მთავრობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით, გენერალური პროკურატურისა და ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, აქტიურად თანამშრომლობდა ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისთან და აწვდიდა გამოძიების ჯეროვანი წარმართვისათვის საჭირო სრულყოფილ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს. პროკურორის ოფისს მიეწოდა, სხვებს შორის, სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმის მოსაგებად შეგროვებული და წარდგენილი ასეულობით მტკიცებულება.


ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის ახლანდელი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების წარდგენის შედეგი და სტრასბურგის ისტორიული გამარჯვების ლოგიკური გაგრძელებაა.


საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან, რათა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ ყველა სხვა დანაშაულზე აღსრულდეს საერთაშორისო მართლმსაჯულება.


რაც შეეხება დაპატიმრების ორდერების აღსრულებას, რომის სტატუტის (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი დოკუმენტის) ყველა წევრ-სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან პირის დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის კუთხით. ამ მიზნით საქართველო სრულად ითანამშრომლებს სასამართლოსთან, რათა დამნაშავე პირები წარსდგნენ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე.
აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოებში ქართული მხარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით.