ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებსა და აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

რატი ბრეგაძემ აღსრულების სისტემაში არსებულ პროგრესზე ისაუბრა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

ბოლო წლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობაში იზრდება საქმეთა ინდივიდუალური მიდგომის, მორიგებისა და საქმის ნებაყოფლობით დასრულების მაჩვენებელი. 2023 წელს 12 035 საქმე მხარეთა მორიგებით დასრულდა; ვითარდება ციფრული სერვისები და ელექტრონული წარმოება. პროგრესია საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებითაც – მიმდინარე წელს ბრაზილიაში გამართულ XXV საერთაშორისო კონგრესზე საქართველო აღმასრულებელთა ევროპულ კავშირს დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდა.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა წარმატებული პროფესიონალების დაჯილდოების ცერემონიალი: 19 აღმასრულებელს მადლობა გამოეცხადა, ხოლო რიგ პოლიციელებს ვადამდე ადრე წოდებები მიენიჭათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძე.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრების ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა

ქალაქ ვილნიუსში საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში წევრად მიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა წარადგინა.

„ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში ქვეყნის გაწევრება სანოტარო სფეროში გატარებული რეფორმების შედეგია და საქართველოს მორიგ საერთაშორისო აღიარებას წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის საუკეთესო სანოტარო პრაქტიკის გაზიარებას. ამასთან, საბჭოში გაწევრების შედეგად საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს მუშაობაში“, – აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა.

ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიღების ცერემონიალი ვილნიუსში ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიეტუვის იუსტიციის მინისტრი ეველინა დობროვოლსკა, ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს პრეზიდენტი მარიუს სტრაკაიტისი და ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი ლიონელ გალიესი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვაში სალომე შაფაქიძე. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ, ასევე, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილი, მოადგილე მარიკა გოგოლაძე, გამგეობის წევრები ეთერ გზირიშვილი და რომან კოსტანიანი, ნოტარიუსთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თეონა წინწალაშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ რესტავრირებული ქურაშის ოთხთავი ეცერის თემში დაბრუნდა

ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი, XII საუკუნის ქურაშის ოთხთავი ეცერის თემს დაუბრუნდა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა, ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ეროვნული არქივის რესტავრაციის განყოფილების უფროსმა თამილა აფაქიძემ ეცერის თემის წარმომადგენლებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში რესტავრირებული ოთხთავი გადასცეს და ამიერიდან ის კვლავ სოფელ ქურაშის წმიდა გიორგის ეკლესიაში დაბრუნდა. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე ილარიონმა საგანგებო ლოცვა აღავლინა.

ეროვნული არქივის რესტავრატორები წიგნის რესტავრაციასა და კონსერვაციაზე 18 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ეტრატზე შესრულებული ხელნაწერი 151 ფურცლისაგან შედგება და მასში შესულია გიორგი მთაწმინდელისეული რედაქციის ოთხთავი. წიგნს ახლავს სხვადასხვა პერიოდის ანდერძ-მინაწერები. ხელნაწერის ორი გვერდი პალიმფსესტურია, მის ქვედა ფენაზე იკითხება IX-X საუკუნეების იერუსალიმური ლექციონარის ფრაგმენტები.

რესტავრაციამდე ხელნაწერი იყო ნახევრად დაშლილ მდგომარეობაში, ყდის გარეშე. მის დაზიანებულ და გახევებულ ფურცლებს ჰქონდა ლაქები; მტვრის, ობისა და სანთლის ნადები; დარღვეული იყო გვერდების მიმდევრობა.

რესტავრატორებმა ოთხთავის თითოეულ ფურცელს ჩაუტარეს სადეზინფექციო სამუშაოები; გაიწმინდა მშრალი და სველი მეთოდით; მოსცილდა მტვრის, ობის, სანთლის ნადები; გახევებული და დეფორმირებული ფურცლები დარბილდა და გასწორდა; ხელოვნური პერგამენტით შეივსო დაზიანებული კიდეები. ამასთან, ხელნაწერის ტექსტი შინაარსობრივად დალაგდა, ხელახლა დაინომრა და აიკინძა, გაუკეთდა ყუა და ჩაისვა ტყავის ახალ ყდაში.

ქურაშის სახარება სვანეთში დაცული მეორე ხელნაწერია, რომლის რესტავრაცია-კონსერვაცია ეროვნული არქივის ლაბორატორიაში ჩატარდა. 2021 წელს აქ ლახამულის XII საუკუნის ოთხთავის სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა.

ორივე ხელნაწერის რესტავრაცია შესაძლებელი გახდა ადგილობრივ თემთან წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე.

ეცერის თემისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი; პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი; ასევე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გაზიარება
ბეჭდვა

სამტრედიაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება. სამტრედიაში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე მომსახურებას თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის. აქვე სპეციალურად მოწყობილ სარიტუალო სივრცეში ქორწინების მსურველი წყვილები საზეიმო ცერემონიალის დაგეგმვასაც შეძლებენ.

სამტრედიის იუსტიციის სახლი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძემ გახსნეს. ახალი ფილიალი სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. აქ 20-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული.

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, რასაც საქართველოს მასშტაბით 119 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს; რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს კი, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ემსახურება ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“. უშუალოდ იმერეთის რეგიონში 24 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, მობილური იუსტიციის სახლი კი, 15 სოფელს ფარავს.

მიმდინარე წელს იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება; კერძოდ: გაიხსნება ჭალის, ზოტის, ტოლების, ცაიშისა და შროშის იუსტიციის სახლები; აგრეთვე, დამატებითი ფილიალები თბილისსა (გლდანი) და ბათუმში; ხაშურის, თერჯოლის, ახმეტის, მცხეთის, საგარეჯოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში კი, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამტრედიის იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით მუშაობა გრძელდება

პროექტის მიმდინარეობას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას ითვალისწინებს, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი და ადმინისტრაციის უფროსი მანანა ბეგიაშვილი გაეცნენ.

საგრანტო წინადადების შესაბამისად, გადამზადდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტები, რის შემდეგაც ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს დევნილთა დასახლებებში არსებული სკოლების უფროსკლასელთა გამოკითხვაში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე. შედეგების გაანალიზების შემდეგ დაიგეგმა ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსწავლეებმა გაიარეს სპეციალური ტრენინგები მათთვის საყურადღებო საკითხებზე, მოისმინეს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და კონფლიქტოლოგიის შესახებ.

საგრანტო პროექტი სამეცნიერო კომპონენტსაც მოიცავს. მოძიებული და გაანალიზებული მასალის საფუძველზე მომზადდა კვლევა, რომელშიც ჩართულები იყვნენ დარგის სპეციალისტები და უცხოელი ექსპერტები; შემუშავდა და გამოიცა სახელმძღვანელო პრინციპები; მომზადდა სპეციალური ვიდეორგოლები.

პროექტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა დახმარების კლუბის თანამშრომლობით ახორციელებს.

საგრანტო კონკურსს იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს. მისი მიზანი ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაა. წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 17 პროექტს აფინანსებს.

გაზიარება
ბეჭდვა

მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

პრემიერმა ხაზი გაუსვა უწყების მნიშვნელოვან როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში და მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ საუბრისას ყურადღება დაუთმო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით მიღწეულ პროგრესს, ასევე - ქვეყანაში დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებს, სამომავლო გეგმებსა და ახალი სამთავრობო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებს.

მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ასევე ესაუბრა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე და ხაზი გაუსვა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების მნიშვნელობას, რაც ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე ჯანსაღ დისკუსიას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

ანალოგიური შეხვედრები საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკვე გამართა საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების თანამშრომლებთან.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იუსტიციის სამინისტროს გუნდმა საზეიმო ღონისძიებებით ფოთში აღნიშნა

დამსწრე აუდიტორიას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

იუსტიციის სამინისტრომ ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული, საბავშვო თუ გასართობ-შემეცნებითი აქტივობა შესთავაზა.

  • მოსულმა სტუმრებმა იხილეს თეატრალური წარმოდგენა „არგონავტები“;
  • მობილური იუსტიციის სახლიდან გაიცა სამახსოვრო დაბადების მოწმობა სახელწოდებით „დაბადების ადგილი – დამოუკიდებელი საქართველო“;
  • გაიცა 26 მაისის სამახსოვრო პასპორტი;
  • უფასო ტრენინგებზე დარეგისტრირდა 100-მდე დაინტერესებული პირი;
  • დარიგდა საკანონმდებლო ლიტერატურა;
  • მსურველებს საშუალება ჰქონდათ, დამოუკიდებლობის აქტზე სიმბოლური ხელმოწერა გაეკეთებინათ.
  • ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო:
  • ფოთის ისტორიული და კულტურული განვითარების ამსახველი საარქივო მასალა;
  • მსჯავრდებულთა ნახატების გამოფენა;
  • საბავშვო აქტივობები, მასტერკლასები და ვორქშოპები;
  • სპორტული თამაშები, შემეცნებითი ქვიზები და შოუები;
  • კიბერთამაშები;
  • კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით და სხვა.

17:10 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა ანსამბლმა „დიდგორმა“.

ფოთის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული სამხედრო ჯავშანტექნიკა.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში გაიმართა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

გაზიარება
ბეჭდვა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - საქმეზე “სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი

,,მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის ვალერი გელაშვილის სასტიკი ცემისა და გირგვლიანის მკვლელების შეწყალებაზე. მსჯავრდებული არ ეთანხმებოდა ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას და სტრასბურგის სასამართლოში დაობდა მოსამართლის მიკერძოებულობის, არასაკმარისი მტკიცებულებებისა და პოლიტიკური დევნის თაობაზე. სააკაშვილი, ასევე, დამატებით აცხადებდა, რომ გირგვლიანის მკვლელების შეწყალების ეპიზოდზე მსჯავრი დაედო ისეთი ქმედებისათვის, რაც პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა და ვერ გახდებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი.

ევროპულმა სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის მიერ წარდგენილი სამართლებრივი პოზიცია მტკიცებულებებთან ერთად და დაადგინა, რომ გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე სააკაშვილის მიმართ წარმოებული გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და მსჯავრდება სრულ შესაბამისობაშია ევროპული კონვენციის სტანდარტებთან. ეჭვქვეშ არ დგება მოსამართლის მიუკერძოებლობა. აგრეთვე, ორივე საქმის ფარგლებში არსებობდა სარწმუნო, უტყუარი და კარგად დასაბუთებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება მის მიერ დანაშაულების ჩადენა. ასევე, სასამართლო პროცედურები წარიმართა სამართლიანად და მსჯავრდება არის კარგად დასაბუთებული. ევროპულმა სასამართლომ, ასევე, გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ დისკრეციას და მისი ბოროტად გამოყენება შესაძლოა, სისხლისსამართლებრივად დასჯადი იყოს. რაც შეეხება სააკაშვილის პრეტენზიებს, თითქოს მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია და ეს ბრალდება იმდენად დაუსაბუთებლად ჩათვალა, რომ დაუშვებლად გამოაცხადა და არსებითად განხილვის აუცილებლობაც კი ვერ დაინახა.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით. ასევე, ისიც უნდა ითქვას, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ უსამართლობისა და სიცრუის ბრძოლა დასრულდა სიმართლის გამარჯვებით. ჩვენ ყველანი ვიყავით მომსწრე იმ მრავალმილიონიანი კამპანიისა, რომელიც წარმოებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომელიც მიმართული იყო მსჯავრდებულ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებისკენ, რომელიც მართული იყო ქვეყნის გარედან და, საბოლოო ჯამში, ყველამ დაინახა დღევანდელ დღეს, რომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, სიმართლე იყო ქართული სახელმწიფოს მხარეს. ვფიქრობ, ამაში ყველა ერთხმად დარწმუნდა”,-განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი ნიუ-იორკში ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა

ორმხრივი შეხვედრის ფორმატში საუბარი შეეხო 2026 წელს თბილისში გაერო-ს საჯარო სერვისების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას, რისთვისაც თამარ ტყეშელაშვილმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის გუნდს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ადამიანზე ორიენტირებული სისტემის შექმნაა, რომელიც თანაბრად უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და უსაფრთხო სერვისების მიწოდებას.

თამარ ტყეშელაშვილმა ისაუბრა საჯარო მმართველობის რეფორმის 2023-2026 წლების და საჯარო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის მნიშვნელობაზე. ორივე დოკუმენტის ფარგლებში საქართველო აგრძელებს საჯარო სერვისების განვითარებას, რაც უზრუნველყოფს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გაზრდის ეფექტურობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისები გაერო-ს საჯარო სამსახურის 2024 წლის ჯილდოებზეა წარდგენილი.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და ხელშესახებ პროგრესს ეფექტური, გამჭვირვალე, ინკლუზიური და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნაში.

შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო მომსახურების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე.