ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 20 დეკემბერი , 2022
გაზიარება

იუსტიციის სამინისტრო პრობაციისა და პენიტენციური სისტემების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების საკითხებზე მუშაობას განაგრძობს

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში ჩართული ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით კონფერენცია გაიხსნა.

ღონისძიების მონაწილეები ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების მიერ შემთხვევის მართვის შესახებ, ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და განიხილავენ მულტისექტორული თანამშრომლობის კონკრეტულ გზებს, რაც პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემებს უფრო ეფექტიანს გახდის.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ პრობაციისა და პენიტენციური სისტემების შემდგომი განვითარება საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტია და ის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პროფესიონალურ საქმიანობაზე; შეფასდა სისტემებში ბოლო 10 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი.

ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს, დანაშაულის პრევენციისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა პროექტის - „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ - ფარგლებში.

კონფერენციას ესწრებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები; დანაშაულის პრევენციისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტრომ პრობაციონერთა ინოვაციური საორიენტაციო კურსის პროექტი დაიწყო

პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ინოვაციური სარეაბილიტაციო შესაძლებლობაა, რომელიც დაბალი რისკის პრობაციონერების მხრიდან განმეორებითი დანაშაულის პრევენციას და ამ პროცესში პრობაციის ოფიცრების როლის გაძლიერებას ემსახურება.

პროგრამა ითვალისწინებს პრობაციის ოფიცრების როლის ზრდას დანაშაულის პრევენციის პროცესში; ამასთან, დაბალი რისკის პრობაციონერებს უქმნის შესაძლებლობას, გაიარონ საორიენტაციო კურსი და შემდგომ შესაბამისი ანაზღაურების მიღებით პრობაციის ოფიცრებთან ერთად თავადვე გაუძღვნენ მსგავსს კურსებს. ამას გარდა, პროგრამის წარმატებით დასრულება პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და რეჟიმის შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი დადებითად გასათვალისწინებელი ფაქტორი იქნება.

კურსი მოიცავს ისეთ თემატურ მიმართულებებს, როგორიცაა: ფსიქოსოციალური უნარების განვითარება, წიგნიერებისა და დასაქმების ხელშეწყობა, სამართლებრივი საკითხები და ქალები მართლმსაჯულების სისტემაში.

კურსის ფარგლებში, ბენეფიციარები მიიღებენ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას:

  • შრომითი უფლებებისა და სოციალური დახმარების სისტემებზე;
  • ემოციური მდგომარეობის რეგულირებაზე;
  • ეფექტიან კომუნიკაციასა და კონფლიქტური სიტუაციის მართვაზე;
  • განსხვავებულის მიმართ მიუღებლობისა და სტიგმის დაძლევაზე;
  • ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და არაჯანსაღი ქცევისა და ჩვევების იდენტიფიცირებაზე;

ასევე, პროფორიენტაციის პროგრამის საშუალებით გაეცნობიან არაერთი პროფესიის თავისებურებას.

კურსის პილოტის ჩასატარებლად პრობაციის ოფიცრები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩნენ.

პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა პრობაციის ოფიცრები დააჯილდოვა, რომელთაც წარმატებით გაიარეს ტრენერთა ტრენინგი, და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ისინი იქნებიან პირველი პრობაციის ოფიცრები საქართველოში, რომლებიც კურსის პილოტს ჩაატარებენ, შემდეგ კი, ამავე პროცესის გავრცელებას შეუწყობენ ხელს.

პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ექსპერტის ჩართულობით, აშშ-ის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად ხორციელდება.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი, მთავარი პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ პროექტ „სამართლის ტექნოლოგიების ციფრული აკადემიის“ პრეზენტაცია გაიმართა

პროექტის მიზანია საქართველოში მომუშავე იურისტებისთვის სამართლის ტექნოლოგიების (ლიგალტექის) სწავლება. ტექნიკური უნარების შეძენა დაეხმარება მათ, თანამედროვე ინოვაციური პროდუქტები გამოიყენონ ყოველდღიურ საქმიანობაში და გააუმჯობესონ სამუშაოს ხარისხი. კურსის თეორიული ნაწილის გავლისას მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ალგორითმზე დაფუძნებული კომპიუტერული სისტემების მეშვეობით იურიდიული სერვისების მიწოდების შესახებ.

მონაწილეები შეისწავლიან ლიგალტექ პროგრამა Logos-ისა და რულმეფინგის მეთოდის გამოყენებით ისეთი ციფრული პროდუქტების შექმნას, როგორიცაა: სამართლებრივი კონსულტაციის ავტომატიზებული ბოტები, ხელშეკრულებისა და სარჩელების გენერირების სისტემები და სხვ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი პროექტის მონაწილეებს პროექტის მნიშვნელობისა და აქტუალობის შესახებ ესაუბრა, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ხუბუამ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორმა ზვიად გაბისონიამ და პროექტის ხელმძღვანელმა ნათია სირდაძემ პროექტის მონაწილეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია პროექტის ფარგლებში შეთავაზებული სასწავლო კურსის შესახებ. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პრაქტიკული მოდულების თაობაზე პრეზენტაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლადო სირდაძემ წარადგინა.

პროექტი განხორციელდება ოქსფორდის უნივერსიტეტის ლიგალტექ ასოციაციასა და გერმანულ ლიგალტექ კომპანია KnowledgeTools International-თან თანამშრომლობით. ღონისძიებაში მონაწილე ქართველ ექსპერტებთან ერთად ლექციებს გაუძღვებიან პროფესორი შტეფან ბრაიდენბახი, დოქტორი თილო ვენდი, ჰატიმ ჰუსეინი და დანიელ ფოა.

იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანიც ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაა. წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 17 პროექტს აფინანსებს.