სიახლეები

რატი ბრეგაძე - რუსთავის დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, მოხდება მისი გადაყვანა გლდანის 18-ე დაწესებულებაში და არა გორის ჰოსპიტალში
რუსთავის დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, მოხდება მისი გადაყვანა გლდანის 18-ე დაწესებულებაში და არა გორის ჰოსპიტალში - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, როგორ გაგრძელდება პროცესი.
„ამ შემთხვევაში და ზოგადად, ეს ყოველთვის ასეა, კონკრეტული მსჯავრდებულისთვის ან ბრალდებულისთვის. თუკი შესაძლებელია, რომ პრობლემა შეექმნას ჯანმრთელობას, ამ შემთხვევაში არსებობს გლდანის ნომერ 18-ე დაწესებულება, სადაც გადაგვყავს ხოლმე ჩვეულებრივად ყველა პატიმარი და ამ შემთხვევაში ისიც იქნება გადაყვანილი ნომერ 18-ე დაწესებულებაში, როგორც ეს იყო წინა შემთხვევაში და ნათლად იხილა საზოგადოებამ, რომ მას მიეწოდა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, ნომერ მე-18 დაწესებულებაში და ეს არის სტანდარტი, რომელიც ვრცელდება პენიტენციურ სამსახურში ყველა პატიმართან მიმართებაში და ბუნებრივია, კანონის წინაშე გამონაკლისი არავინ არ არის“- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
სხვა სიახლეები
იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა
რატი ბრეგაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერებისათვის გატარდა.
იუსტიციის სამინისტროს განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციიდან ერთი წლის თავზე არაერთი დაპირებაა შესრულებული:
დაინერგა და 7 რეგიონში წარმატებით მუშაობს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“; საქართველოს 6 დიდ ქალაქში განთავსდა პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა „PROBBOX“; ამოქმედდა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა – საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს მიწების აზომვა და რეგისტრაცია.
გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები – გაიხსნა 5 ახალი იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი; მშენებლობები მიმდინარეობს კიდევ 6 მუნიციპალიტეტში; დამატებით ერთი იუსტიციის სახლი ამოქმედდება თბილისში, ჰუალინგში; სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გაიხსნა ახალციხეში.
დაფუძნდა და გამოიცა ორენოვანი ჟურნალი „იუსტიცია“; იუსტიციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ („HeinOnline“); ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროებთან.
სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა ადმინისტრაციულ ერთეულებში – საგურამოში, გამარჯვებაში, მარტყოფში, შუახევში, ადიგენში, ასპინძაში, კაჭრეთში, ქედაში, ხობში, ზესტაფონში, სიღნაღსა და ამბროლაურში; სულ მალე კი, მოქალაქეებს ონლაინ სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ.
მნიშვნელოვანი რეფორმებია პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში – გაძლიერდა პატიმართა დასაქმების პროგრამები; გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული აქტივობების წახალისება; რემონტდება მოედნები; მიმდინარეობს რეგულარული წვრთნები, პრობაციის ბიუროების გახსნა სიღნაღში, თერჯოლაში, ქუთაისსა და ზესტაფონში; რეფერირების ცენტრი გაიხსნა ქუთაისში; გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები მუნიციპალიტეტებთან შრომამისჯილი პირების დასაქმებისათვის.
ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, იუსტიციის სამინისტროს სამსახურების ხელმძღვანელები, სისტემის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.
იუსტიციის სამინისტროს ერთი წლის ანგარიში იხილეთ აქ