ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 05 ივლისი, 2023
გაზიარება

საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და იუდიტ ვარგამ. ერთობლივი დეკლარაცია ლოგიკური გაგრძელებაა იმ მჭიდრო და სწრაფი თანამშრომლობისა, რომელიც საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის მინისტრებს შორის 2021 წელს ვენეციაში გამართულ ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში დაიწყო. დეკლარაციის მიზანი ორ სახელმწიფოს შორის იუსტიციის სფეროში შემავალ კონკრეტულ თემატურ საკითხებზე ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დაგეგმილი მთავრობათაშორისი შეხვედრის მომზადებაა.


აღსანიშნავია, რომ დღეისთვის საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების ინიციატივითა და ძალისხმევით. დოკუმენტის ხელმოწერამდე რატი ბრეგაძემ და იუდიტ ვარგამ შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ამ პროცესში პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.


შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, უნგრეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ანა სიკო.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა.

თამარ ზოდელავა პროფესიით იურისტია. განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტსა და ბრემენის უნივერსიტეტში. აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) პროექტების მენეჯერად.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იკავებდა სსიპ „სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის თანამდებობას.

გაზიარება
ბეჭდვა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოაქვეყნა, რითაც სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი პოზიცია და მომჩივნის პრეტენზიები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაუშვებლად გამოაცხადა.

საქმე უკავშირდებოდა 2016-2021 წლებში განვითარებულ მოვლენებს და ეხებოდა ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული პროფესორის, ქეთევან ჯაშის საჩივარს, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრული იყო მისი აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ეროვნულ დონეზე არ აღსრულდა.

მიუხედავად აღნიშნული პრეტენზიებისა, სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადასტურა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სათანადო გულისხმიერებით იმოქმედეს და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებები გაატარეს. აღსრულების პროცესში მომჩივანს შეეთავაზა გონივრული ალტერნატიული გადაწყვეტა, რაზედაც მან უარი განაცხადა.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი განჩინებით ცალსახად დადასტურდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პროცესები წარმართეს ევროპული კონვენციის სტანდარტების სრული დაცვით.