სიახლეები
ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსების საერთო კრება ჩაატარა
საერთო კრებაზე ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძემ 2021 წლის ანგარიში წარადგინა. ამასთან, კრებაზე ნოტარიუსებმა ნოტარიუსთა პალატის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს და განიხილეს წლიური გეგმები.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სიტყვით მიმართა ნოტარიუსებს, ისაუბრა ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების რეალიზაციის პროცესში ნოტარიუსების საქმიანობის განსაკუთრებულ წვლილზე და მადლობა გადაუხადა ნოტარიუსებს მათი მოღვაწეობისათვის.
მინისტრმა ნოტარიუსებს სამომავლო გეგმებიც გააცნო და ისაუბრა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის თანახმად, ნოტარიუსთა ზღვრული ასაკის 65-დან 70 წლამდე გაზრდა იგეგმება.
გამგეობის თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრს ნოტარიუსთა პალატის და თითოეული ნოტარიუსის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაგეგმილი სიახლეები წარუდგინა. სულ მალე მოქალაქეებს ონალიან სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ. მობილურ აპლიკაციაში, ასევე, ინტეგრირებული იქნება სხვა სასარგებლო ფუნქციონალი - სანოტარო ბიუროების რუკა, ნოტარიუსების სამუშაო გრაფიკი.
კრების ბოლოს ახალდანიშნული ნოტარიუსების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა, რომლებმაც გასულ წელს გაიარეს სამინისტროში ჩატარებული შესარჩევი კონკურსი და ნოტარიუსების პოზიციაზე დაინიშნენ. ნოტარიუსთა პალატას 18 ახალი ნოტარიუსი შეუერთდა, რითაც გაიზარდა სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა და დასახლებათა რიცხვი, სადაც შესაძლებელი გახდა სანოტარო მომსახურების მიღება.
ახალდანიშნული ნოტარიუსები არიან: თეა ციცხვაია ( მცხეთა, სოფ. საგურამო), ნინო თვალმიხელაშვილი ( ქ. გურჯაანი),თეა ედიშერაშვილი (გარდაბანი, სოფ. მარტყოფი),თამთა მაისურაძე( დაბა ასპინძა), ლალი ზვიადაძე( ქ.ვანი), მარი ჯვარშეიშვილი ( გარდაბანი, სოფ. გამარჯვება), ნიკოლოზ ბერიკაშვილი (ქ.სიღნაღი), ნათია ჯმუხაძე (ქ.წალკა), გიორგი მეტრეველი(დაბა ადიგენი), ლანა კიკვაძე (დაბა ცაგერი), ქეთინო ტუნაძე ( დაბა შუახევი), გვანცა მიქიაშვილი (ქ. საგარეჯო), ანა იმერლიშვილი (გურჯაანი, სოფ. ჯაჭრეთი), მარიამ მაკარიძე ( ქ.გურჯაანი), ეკატერინე ნიკოლაძე (ქ.თერჯოლა), სალომე გვარჯალაძე (ქ. ბორჯომი), ლიანა მოდებაძე ( ქ.გურჯაანი), ნინო კაკაბაძე (ქ.კასპი).
საერთო კრებაზე ნოტარიატის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მოქმედ ნოტარიუსებს ,,საპატიო ნოტარიუსის" და ,,დამსახურებული ნოტარიუსის" წოდებები მიენიჭათ.
,,საპატიო ნოტარიუსის" წოდება მიენიჭა ნოტარიუსებს: მერაბ ფარჯიკიას, ნანი სიდამონიძეს, მედეა დემეტრაშვილს, რომან კოსტანიანს, ეკატერინე მარშანიას.
,,დამსახურებული ნოტარიუსის" წოდებით კი დაჯილდოვდნენ ნოტარიუსები: ირმა ფირცხალავა, ალექსანდრე მამისაშვილი, თამარ ფიცხელაური, მაია მეტრეველი, იამზე ქუთათელაძე-იოსელიანი, ბელა მაკალათია.
სხვა სიახლეები
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ახალი პროექტი – ქართული ენის ონლაინ კურსი დაიწყო
კურსი უფასოა ყველა დაინტერესებული პირისთვის და ხელს შეუწყობს ქართული ენის პოპულარიზაციას.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა პრეზენტაციაზე ისაუბრა დიასპორისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე.
„იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობაა, ამ კონტექსტში კი, მნიშვნელოვანია, მოქალაქემ მისთვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისები ენობრივი ბარიერის გარეშე მიიღოს. სწორედ ამიტომ იუსტიციის სასწავლო ცენტრში შევქმენით ქართული ენის პირველი ონლაინ კურსი და შესაბამისი ვებპლატფორმა, რომელიც მოქალაქეებს დაეხმარება, ისწავლონ ქართული ენა და გაიმარტივონ კომუნიკაცია სერვისის მიღების დროს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ქართული ენის ონლაინ კურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრმა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შექმნა; იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტომ კი, სასწავლო ონლაინ პლატფორმა მოამზადა. დისტანციური სწავლების გვერდზე https://eacademy.tcj.gov.ge/ ქართული ენის კურსის შინაარსი ოთხ ენაზეა ხელმისაწვდომი (ინგლისური, სომხური, აზერბაიჯანული, უკრაინული).
კურსი მოიცავს 20 გაკვეთილს და განკუთვნილია არაქართულენოვანი პირებისთვის. სწავლების დასრულების შემდეგ მომხმარებელი იღებს სერტიფიკატს; პროექტის შესაძლო ბენეფიციარები კი, არიან:
- სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორების წარმომადგენლები;
- საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობები;
- საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები;
- საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი პირები;
- ქართული კულტურით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები; აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები; UNDP-ის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, საქართველოში გერმანიის საელჩოს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.