ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 09 თებერვალი, 2023
გაზიარება

სტრასბურგის სასამართლოს თანახმად გიორგი უგულავას დაკავება იყო კანონიერი და არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები

დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და მიიჩნია, რომ 2014-2015 წლებში გიორგი უგულავას დაკავება მიზნად არ ისახავდა პოლიტიკური ცხოვრებიდან მის ჩამოშორებას.

მომჩივანი დაობდა 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრამდე ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობა) კანონიერების თაობაზე. იგი აგრეთვე ამტკიცებდა, რომ პატიმრობის შეფარდების ერთადერთ მიზანს პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი ჩამოშორება წარმოადგენდა.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, 2014 წლის ივლისში მომჩივნის დაკავება ეფუძნებოდა მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის დასაბუთებულ ვარაუდს, რომელიც დასტურდებოდა პროკურატურის მიერ მოპოვებული არაერთი მტკიცებულებით. ევროპული სასამართლო დაეთანხმა ეროვნული სასამართლოების მსჯელობას იმ ნაწილში, რომ მომჩივნის მხრიდან არსებობდა გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხეები.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მომჩივნის მტკიცება მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ უარყო მომჩივნის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს მთავარი მოტივი გამოძიების წარმოების და პატიმრობის გამოყენების კონტექსტში იყო პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება. სასამართლომ განმარტა, რომ მაღალი პოლიტიკური სტატუსი არ ნიშნავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან იმუნიტეტის მინიჭებას. სტრასბურგის სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული სასამართლოების აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას და აღნიშნა, რომ არ ყოფილა წარდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც ეროვნული სასამართლოების დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ დააყენებდა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ზემოხსენებული პროცესები არ ემსახურებოდა მომჩივნის პოლიტიკური სცენიდან გაყვანას.

დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ კონვენციის დარღვევა დაადგინა ორ ეპიზოდთან მიმართებით, რომელთაგან ორივე შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს კრიტიკის საგანს წარმოადგენდა 2015 წლამდე მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა.

კერძოდ, მომჩივნის დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 2015 წელს მოქმედი კანონმდებლობით, არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მიხედვით ცალ-ცალკე, პარალელურ ან თანმიმდევრულ სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 15 სექტემბერს მიიჩნია საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს მიგნებები, და მიიჩნია, რომ 2014 წლის ივლისში მომჩივნისათვის პატიმრობის პირველადი შეფარდებიდან 9 თვის გასვლის შემდგომ, მისი პატიმრობაში დატოვება კონვენციის დარღვევას წარმოადგენდა. ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ მომჩივნის განგრძობადი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ.

აღსანიშნავია, რომ ორივე საკითხი დღესდღეობით მოქმედი კანონმდებლობითა და პრაქტიკით არის აღმოფხვრილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა პარალელურად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა. გარდა ამისა, განგრძობადი პატიმრობისას, დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ავტომატურად, ორ თვეში ერთხელ ხდება პატიმრობის გაგრძელების საჭიროების გადასინჯვა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით ნიუ-იორკში სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

2026 წლის 23-25 ივნისს თბილისი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. მისი მთავარი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გაერო-ში სპეციალური შეხვედრა გამართა.

პაატა სალიამ გაერო-ში აკრედიტებული ელჩები და CEPA-ს წევრები ფორუმზე მიიწვია და მათ ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ფორუმის მასპინძლობა არის აღიარება იმ რეფორმებისა, რომლებიც საქართველომ განახორციელა ხელმისაწვდომი, ეფექტური და ინოვაციური საჯარო სერვისების განვითარების კუთხით.

დელეგატებმა მასში მონაწილეობის ინტერესი გამოხატეს. მინისტრის მოადგილეებმა შეხვედრის მონაწილეებს ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

სართაშორისო ფორუმი თბილისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება. მას 500-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის სახელმწიფო მოხელეები, თემატური ექსპერტები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ილზე ბრანდს ქერისსთან შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი აქვს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პენიტენციურ სისტემას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან და წარმატებულ ინსტიტუციას ადამიანის უფლებების მაღალ დონეზე დაცვის მიმართულებით. საერთაშორისო შეფასებებით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არის წამებისგან თავისუფალი გარემო, სადაც პატიმრებზე ზრუნვა და მათი პირობების მუდმივი გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი.
მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა და მათი საჭიროებების გათვალისწინება გარანტირებულია საჯარო სერვისების მიწოდების პროცესშიც. დიგიტალიზაციისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვით, სახელმწიფო სერვისები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და გაეროს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, რაც 2025 წელს გაფორმებული 5-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში კიდევ უფრო გაღრმავდა და ინტენსიური გახდა.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ესწრებოდნენ.