ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 13 თებერვალი , 2023
გაზიარება

მობილური იუსტიციის სახლი“ უკვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობასაც მოემსახურება

„მობილური იუსტიციის სახლის“ გეოგრაფიული არეალი გაიზარდა. დღეიდან ის სამცხე-ჯავახეთის ხუთ სოფელსა და მათ შემოგარენში მცხოვრებ 10 000-მდე მომხმარებელს 470-ზე მეტ სერვისს მიაწვდის.

„მობილური იუსტიციის სახლის“ ახალმა ავტომანქანამ პირველი სერვისი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის მოსახლეებს მიაწოდა. მომსახურების გაცემის პროცესს პირადად აკვირდებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე. ერეკლე ღვინიანიძე მოქალაქეებს „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობაზეც ესაუბრა.

„მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის 470-ზე მეტ სერვისს სთავაზობს იმ ათეულობით სოფლის მცხოვრებთ, სადაც იუსტიციის სახლები არ ფუნქციონირებს.

პროექტი 2021 წლის სექტემბერში ამოქმედდა და დღეისათვის კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს მოიცავს.

სულ მალე „მობილური იუსტიციის სახლი“ ქვემო ქართლის მოსახლეობისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი, წლის ბოლომდე კი, „მობილური იუსტიციის სახლის“ 20 ავტომანქანა საქართველოს ყველა რეგიონს დაფარავს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

რატი ბრეგაძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და კეთილმეზობლურ პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მიმდინარე წლის 25 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტით ერევანში და მანამდე – მიმდინარე წლის 26 იანვარს საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციით.

რეგიონში პროფესიული და სამართლებრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მხარეებმა და განიხილეს სამართლის უზენაესობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და რეფორმების შედეგები.

რატი ბრეგაძემ ნიკოლ ფაშინიანთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირთან დიალოგის ფართო გამოცდილება დააგროვა სხვადასხვა სფეროში და კომპეტენციის ფარგლებში მზადაა, ეს გამოცდილება სომხეთსაც გაუზიაროს.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ რუბენ რუბენიანს შეხვდა

რატი ბრეგაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ინტენსიურ ურთიერთობას ხელს უწყობს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის მოქმედი მეგობრობის ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება თემატური შეხვედრები.

მინისტრის თქმით, მე-5 სამართლებრივი ფორუმი კიდევ უფრო წარმომადგენლობითია ორივე ქვეყნის მხრიდან და მას არაერთი სამართლის სფეროს წარმომადგენელი ესწრება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფორუმების ტრადიცია არ კარგავს აქტუალობას და მეტიც – ორმხრივად შექმნილი პლატფორმა მიზნად ისახავს საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას სამართლის დარგის პროფესიონალებს შორის. ამას გარდა, საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის არსებობს სწრაფი, მოქნილი და წარმატებული სექტორული თანამშრომლობა.

მიმდინარე კვირას იუსტიციის სამინისტრომ, ასევე, თბილისში უმასპინძლა სომხეთის უწყებათაშორის დელეგაციას და ევროკავშირთან დაახლოებისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის დიალოგის თაობაზე გამოცდილება გაუზიარა.

შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ რუბენ რუბენიანს ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მიმართულებით წარმატებები უსურვა. მინისტრმა მზადყოფნა გამოხატა, სომეხ კოლეგებს ყველა ის გამოცდილება და მიღწეული შედეგი გაუზიაროს, რაც ევროკავშირთან დაახლოების პროცესში საქართველომ გაიარა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე.