ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 08 ივნისი , 2024
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ რესტავრირებული ქურაშის ოთხთავი ეცერის თემში დაბრუნდა

ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი, XII საუკუნის ქურაშის ოთხთავი ეცერის თემს დაუბრუნდა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა, ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ეროვნული არქივის რესტავრაციის განყოფილების უფროსმა თამილა აფაქიძემ ეცერის თემის წარმომადგენლებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში რესტავრირებული ოთხთავი გადასცეს და ამიერიდან ის კვლავ სოფელ ქურაშის წმიდა გიორგის ეკლესიაში დაბრუნდა. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე ილარიონმა საგანგებო ლოცვა აღავლინა.

ეროვნული არქივის რესტავრატორები წიგნის რესტავრაციასა და კონსერვაციაზე 18 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ეტრატზე შესრულებული ხელნაწერი 151 ფურცლისაგან შედგება და მასში შესულია გიორგი მთაწმინდელისეული რედაქციის ოთხთავი. წიგნს ახლავს სხვადასხვა პერიოდის ანდერძ-მინაწერები. ხელნაწერის ორი გვერდი პალიმფსესტურია, მის ქვედა ფენაზე იკითხება IX-X საუკუნეების იერუსალიმური ლექციონარის ფრაგმენტები.

რესტავრაციამდე ხელნაწერი იყო ნახევრად დაშლილ მდგომარეობაში, ყდის გარეშე. მის დაზიანებულ და გახევებულ ფურცლებს ჰქონდა ლაქები; მტვრის, ობისა და სანთლის ნადები; დარღვეული იყო გვერდების მიმდევრობა.

რესტავრატორებმა ოთხთავის თითოეულ ფურცელს ჩაუტარეს სადეზინფექციო სამუშაოები; გაიწმინდა მშრალი და სველი მეთოდით; მოსცილდა მტვრის, ობის, სანთლის ნადები; გახევებული და დეფორმირებული ფურცლები დარბილდა და გასწორდა; ხელოვნური პერგამენტით შეივსო დაზიანებული კიდეები. ამასთან, ხელნაწერის ტექსტი შინაარსობრივად დალაგდა, ხელახლა დაინომრა და აიკინძა, გაუკეთდა ყუა და ჩაისვა ტყავის ახალ ყდაში.

ქურაშის სახარება სვანეთში დაცული მეორე ხელნაწერია, რომლის რესტავრაცია-კონსერვაცია ეროვნული არქივის ლაბორატორიაში ჩატარდა. 2021 წელს აქ ლახამულის XII საუკუნის ოთხთავის სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა.

ორივე ხელნაწერის რესტავრაცია შესაძლებელი გახდა ადგილობრივ თემთან წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე.

ეცერის თემისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი; პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი; ასევე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (CRPD) ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ქართული მიდგომები წარადგინა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, გონივრული მისადაგების პრინციპი, მორგებული სამუშაო გარემო და გრაფიკი, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და უწყების შიგნით ჩატარებულ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობა – ამ და სხვა საკითხებზე ბუბა ლომუაშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრა, რომელიც ღირსეული დასაქმებისა და შემოსავლის საკითხებს დაეთმო.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სისტემის მასშტაბით უწყებების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და დანერგილ დასაქმების პოლიტიკაზე. აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ გამოიყენება გონივრული მისადაგების პრინციპი, რაც მოიცავს არჩევით სამუშაო ფორმასა და გრაფიკს, ასევე, მათ საჭიროებაზე მორგებულ სამუშაო გარემოს. პირის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროს მიერ ხორციელდება ინფრასტრუქტურული თუ პროგრამული ცვლილებები.

საუბარი შეეხო, აგრეთვე, პროფესიული განვითარების პროგრამებს, რომლებსაც სამინისტრო დასაქმებულებს სთავაზობს ტრენინგებისა და სხვა სასწავლო რესურსების სახით.

ხაზი გაესვა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის დანერგვის მნიშვნელობას და შიდა სპორტული ღონისძიებების გარკვეული სახეობების მისაწვდომობასა და ინკლუზიურობას სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირებისთვის.

მრგვალი მაგიდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 (COSP17) სესიის ფარგლებში ჩატარდა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებსა და აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

რატი ბრეგაძემ აღსრულების სისტემაში არსებულ პროგრესზე ისაუბრა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

ბოლო წლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობაში იზრდება საქმეთა ინდივიდუალური მიდგომის, მორიგებისა და საქმის ნებაყოფლობით დასრულების მაჩვენებელი. 2023 წელს 12 035 საქმე მხარეთა მორიგებით დასრულდა; ვითარდება ციფრული სერვისები და ელექტრონული წარმოება. პროგრესია საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებითაც – მიმდინარე წელს ბრაზილიაში გამართულ XXV საერთაშორისო კონგრესზე საქართველო აღმასრულებელთა ევროპულ კავშირს დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდა.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა წარმატებული პროფესიონალების დაჯილდოების ცერემონიალი: 19 აღმასრულებელს მადლობა გამოეცხადა, ხოლო რიგ პოლიციელებს ვადამდე ადრე წოდებები მიენიჭათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძე.