ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 26 იანვარი , 2022
გაზიარება

რატი ბრეგაძე: „წარმოვადგინეთ მობილური იუსტიციის სახლი, „PROBBOX“, გავაცანით, თუ როგორ ხორციელდება საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია“

ერევანში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა – თამარ ტყეშელაშვილმა და ბუბა ლომუაშვილმა სომხური მხარისათვის საქართველოს წარმატებული რეფორმების მასშტაბური პრეზენტაცია გამართეს. ქართულმა დელეგაციამ მრავალრიცხოვან აუდიტორიას ქართული ინოვაციები – მობილური იუსტიციის სახლების, „PROBBOX“-ის და მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა წარუდგინა.

„გავაცანით ჩვენს სომეხ კოლეგებს ის ქართული რეფორმები, რომელთაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო ბოლო პერიოდში. კერძოდ, წარმოვადგინეთ მობილური იუსტიციის სახლი, ასევე, სრულიად ახალი და ინოვაციური პროდუქტი, როგორიც არის „PROBBOX“, გავაცანით, თუ როგორ ხორციელდება საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის, თქმით, სომხური მხარისათვის ქართული ინოვაციები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და მათი სომხეთში დანერგვისათვის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ამ მიზნით საქართველოს დელეგაციამ სომხური მხარე თბილისში მოიწვია.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა აუდიტორიას „PROBBOX“ წარუდგინა. მისი განცხადებით,, ქართული მხარე მზადაა, სომხეთს დაეხმაროს პრობაციის სისტემის დანერგვაში. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაცია გამართა საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა ოლეგ (ბაჩო) თორთლაძემ.

სომხეთის იუსტიციის მინისტრმა პირადად შეამოწმა მობილური იუსტიციის სახლების ავტომობილები და ქართულ ნოვაციას „ძალიან შთამბეჭდავი“ უწოდა.

“ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება საჯარო მომსახურების სფეროში. მაგრამ როცა ქართველმა კოლეგამ მითხრა ახალი იდეის შესახებ, რაც გულისხმობდა რეგიონებში მობილური იუსტიციის სახლების დანერგვას, ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი. მე ვერც წარმოვიდგენდი, რამდენად კარგი ინიციატივა იქნებოდა ეს ხალხისთვის. ეს არის სრულყოფილი მომსახურება ნებისმიერი მოქალაქისთვის ქვეყნის ნებისმიერ ნაწილში. იმედი მაქვს, შევძლებთ ეს იდეა ჩვენთანაც დავნერგოთ“, - განაცხადა კარენ ანდრესიანმა.

იუსტიციის მინისტრის ვიზიტი სომხეთში 28 იანვარს დასრულდება.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ კურმანკულ ზულუშევს შეხვდა

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების, მათ შორის, ექსტრადიციის და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მიმართულებით.

მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე, თანამედროვე სტანდარტების საპასუხო პენიტენციური სისტემისა და ციხის ალტერნატიული სასჯელების განვითარება, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ყირგიზეთისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, მათ შორის, სამართლის აღსრულების, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული ინოვაციების კუთხით.

ყირგიზეთის გენერალური პროკურორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და გაეცნობა ქართულ ტექნოლოგიურ ინოვაცია „ProbBox”-ს, რომელიც პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ იურისტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ბექა ძამაშვილმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა ისაუბრეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ქართულმა მხარემ აღნიშნა დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: არბიტრაჟის სისტემის განვითარება და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და არბიტრაჟებში, აგრეთვე, სამართლებრივი აქტის, კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იურიდიული ექსპერტიზა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ინგლისური სამართლის პოპულარიზაციისა და იურისტებს შორის პრეცედენტული სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი.