სიახლეები
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილეს, იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების მდივან ბრიუს შვარცს შეხვდა
მხარეებმა მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ აქტიურად იმუშავებენ საქართველოსა და აშშ-ს შორის ექსტრადიციის შეთანხმების გასაფორმებლად. რატი ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა ბრიუს შვარცს აშშ-ის მხრიდან იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისათვის.
მინისტრმა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შორის მემორანდუმის გაფორმების ინიციატივა გამოთქვა.
საუბარი შეეხო გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ქართულ-ამერიკული სამართლებრივი ფორუმის გამართვის შესაძლებლობა.
„მოხარულები ვართ ბატონ შვარცთან შეხვედრით იუსტიციის სამინისტროში. მიმოვიხილეთ ჩვენს უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კონკრეტული წარმატებული მაგალითები. ასევე, განვიხილეთ ახალი ინიციატივები, რომელთა განხორციელებითაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობები სამართლის სფეროში ახალ, კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე იქნება აყვანილი“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ბრიუს შვარცმა იუსტიციის მინისტრი ვაშინგტონში მიიწვია:
„შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სახელით, ნება მომეცით, გითხრათ, რაოდენ დიდი პატივი იყო ჩემთვის მინისტრთან შეხვედრა და შესაძლებლობა მქონოდა, მასთან განმეხილა კანონის უზენაესობის საკითხები, თუ რამდენად განვვითარდით კანონის უზენაესობის კუთხით როგორც ჩვენს ქვეყნებში, ისე გლობალური მასშტაბით. ჩვენ ვისაუბრეთ საკითხებზე, რომლებზეც ერთობლივად ვმუშაობთ, მათ შორის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმასა და სხვა მრავალ საკითხზე. განვიხილეთ ამ კონტექსტში არსებული საერთო მიზნები. აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიფიქროთ ექსტრადიციის ხელშეკრულებაზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ურთიერთობას და ხაზს გაუსვამს ამ ურთიერთობის მნიშვნელობას როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნების ხალხებისთვის, ასე რომ, კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ აქ ვარ, სამინისტროში, მოუთმენლად ველი მომავალ ვიზიტებს და ვიმედოვნებ, რომ იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას და მინისტრს, ასევე, ვიხილავ ვაშინგტონში“, - განაცხადა მან.
შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.