ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 08 მაისი, 2023
გაზიარება

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ევროკავშირის სამართლის ყოველწლიური იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური შეჯიბრება გაიმართა

ევროკავშირის სამართალში სტუდენტური კონკურსის დასკვნითი ეტაპი სიმბოლურად ევროპის დღეების ფარგლებში ჩატარდა.


იმიტირებული პროცესი იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება. მისი მიზანი სტუდენტებს შორის ევროკავშირის სამართლის პოპულარიზაცია და ევროინტეგრაციის პროცესისადმი ინტერესის გაზრდაა. კონკურსის ფარგლებში სტუდენტები იღრმავებენ ცოდნას, ესწრებიან სპეციალურ ტრენინგებს ევროკავშირის სამართალში, ასრულებენ წერით დავალებებს. აღსანიშნავია, რომ წელს კონკურსზე ყველაზე მეტი მონაწილე – 53 გუნდი და 169 სტუდენტი დარეგისტრირდა.

სტუდენტური კონკურსის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა საუკეთესო შედეგის მქონე 8 გუნდმა მიიღო. შეჯიბრების გამარჯვებული გახდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი თამარ ბლიაძის, მარიამ მღებრიშვილის, მანანა გაჩეჩილაძისა და ბიჭიკო დეკანოიას შემადგენლობით, იმიტირებული პროცესის საუკეთესო გამომსვლელად კი, მარიამ მღებრიშვილი დასახელდა. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები – სასწავლო ლიტერატურა ევროკავშირის სამართლის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა გადასცა; კონკურსის ყველა მონაწილემ კი, სპეციალური სერტიფიკატი მიიღო.

სტუდენტური შეჯიბრება იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ევროკავშირის პროექტ „Facility for AA Implementation II“-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, აგრეთვე სტუდენტური პროექტების განხორციელება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია. ღონისძიებების ორგანიზებას ამ მიმართულებებით უწყება მომავალშიც გეგმავს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულების მსჯავრდებულებს და თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ ნიკა ცხვარაშვილთან ერთად, №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებას ესტუმრა. იუსტიციის მინისტრმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს და დაწესებულების თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ანრი ოხანაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აღნიშნული მიმართულებით იგეგმება მათ საჭიროებებზე მორგებული ახალი პროგრამების დანერგვა. ასევე, მან დაწესებულების თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

იუსტიციის მინისტრი №11 დაწესებულების ინფრასტრუქტურასაც გაეცნო, მათ შორის, დაათვალიერა განახლებული სპორტული მოედანი, სადაც არასრულწლოვანები ვარჯიშობენ და ჩართული არიან სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.