ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 11 ნოემბერი , 2021
გაზიარება

​რატი ბრეგაძე: ,,არსებობს კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ რეანიმობილი გაჩერებულია უშუალოდ №18 დაწესებულებასთან და არა 30 მეტრის მოშორებით და მისი გადმოყვანა მოხდა უშუალოდ დაწესებულების კართან“

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის გლდანის №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მინისტრის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროა კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ რეანიმობილი გაჩერებულია უშუალოდ №18 დაწესებულებასთან და არა 30 მეტრის მოშორებით, როგორც ამბობდა ერთ-ერთი ადვოკატი. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანა მოხდა უშუალოდ №18 დაწესებულების კართან და იქ მას ვერავინ დაინახავდა. შესაბამისად, სააკაშვილი პატიმართა კორპუსთან არავის გაუტარებია. რატი ბრეგაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ თავად სააკაშვილი არ დაემორჩილა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას და გაუწია მათ წინააღმდეგობა:

„ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, რომელსაც სულ რამდენიმე წუთში ვამხელთ და ნათლად გამოჩნდება, თუ სად გაჩერდა რეანიმობილი, რომლითაც გადავიყვანეთ პატიმარი სააკაშვილი №18 დაწესებულებაში და ნათლად დაინახავს საზოგადოება, რომ ეს არის გაჩერებული პირდაპირ დაწესებულების კარებთან, სადაც მათ საერთოდ ვერავინ დაინახავდა. მსგავსი ტიპის წვრილმან სიცრუეზე არის აგებული მთელი კამპანია. ეს, რაც შეეხება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც თითქოსდა ჩვენ ვახორციელებთ ამ პატიმრის მიმართ. სწორედ ჩვენ ვიყავით, ხაზგასმით ვამბობ, ის ხალხი, რომელიც ზრუნავდა პატიმრის ჯანმრთელობაზე, ზრუნავს და, რა თქმა უნდა, მომავალშიც იზრუნებს. ჩვენი ინტერესი არის ყველა პატიმრის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა. აქვე ვიტყვი ერთსაც – თავად პატიმარი არ დაემორჩილა ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, როდესაც ის უნდა გადასულიყო რეანიმობილიდან და შესახლებულიყო ამ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრის თქმით, შემოსახლებიდან დღემდე ბატონ მიხეილ სააკაშვილის ჰყავდა 179 ვიზიტორი, ის 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეს იმყოფება ექიმების მხრიდან. შემოსახლებიდან ზუსტად ორ დღეში არასამუშაო საათებში დაუმზადდა საბანკო ბარათი. მას აქვს ტელევიზორი, და როდესაც ამოეწურა თანხა და უნდოდა მაცივარი, ადმინისტრაციამ, კეთილი ნების საფუძველზე, მისი ეს თხოვნაც შეასრულა.

ასევე, მუდმივ რეჯიმში, 24 საათის განმავლობაში, მასთან მორიგეობდა რეანიმობილი. იქ მორიგეობდნენ ექიმები, რომლებიც ზრუნავდნენ მის ჯანმრთელობაზე.

შეიქმნა კონსილიუმი, რათა პენიტენციურის პერსონალთან ერთად გაეწიათ გარკვეული რეკომენდაციები, რომელთაც უწყება მაქსიმალურად ითვალისწინებდა ყოველ ჯერზე. ასევე, შეიქმნა ცალკე სამუშაო ჯგუფი, რომელიც მართლაც უპრეცედენტო არის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ზედამხედველობის მიზნით“.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ კურმანკულ ზულუშევს შეხვდა

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების, მათ შორის, ექსტრადიციის და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მიმართულებით.

მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე, თანამედროვე სტანდარტების საპასუხო პენიტენციური სისტემისა და ციხის ალტერნატიული სასჯელების განვითარება, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ყირგიზეთისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, მათ შორის, სამართლის აღსრულების, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული ინოვაციების კუთხით.

ყირგიზეთის გენერალური პროკურორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და გაეცნობა ქართულ ტექნოლოგიურ ინოვაცია „ProbBox”-ს, რომელიც პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ იურისტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ბექა ძამაშვილმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა ისაუბრეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ქართულმა მხარემ აღნიშნა დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: არბიტრაჟის სისტემის განვითარება და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და არბიტრაჟებში, აგრეთვე, სამართლებრივი აქტის, კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იურიდიული ექსპერტიზა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ინგლისური სამართლის პოპულარიზაციისა და იურისტებს შორის პრეცედენტული სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი.