ცხელი ხაზი2 405 505
საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსი

2023 წლის 20 ოქტომბერი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობის, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებებით საგრანტო კონკურსს

საგრანტო პროგრამა №001-2023-ის − „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“ − მიზანია სამინისტროს სისტემაში, სამინისტროს კომპეტენციების გათვალისწინებით, ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობის, ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ღონისძიებების გატარება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა – სამინისტრო ერთ-ერთი წამყვანი უწყებაა ქვეყნის მასშტაბით სერვისებისა და საჯარო მომსახურების მიწოდების კუთხით. კერძოდ, მოქალაქეებს მრავალ საჯარო სერვისს სთავაზობენ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“, სსიპ „იუსტიციის სახლი“, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“, სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“, სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატა“, სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“, სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივი“, სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტო“, სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“, სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახური. ამასთან, სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში მოქმედი ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია.

სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ახალი სერვისების დანერგვა, არსებული სერვისების განვითარება/გარდაქმნა (მაგალითად, დისტანციური მომსახურება, სერვისების ადგილზე მიწოდება, ხელოვნური ინტელექტის როლის გაფართოება, საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის იუსტიციის სამინისტროს სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის ჩართულობა აღნიშნული სიკეთის გამოყენებისას; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების, განრიდებული პირების, პრობაციონერების, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამები, მათ შორის, პროფესიული მომზადება/გადამზადება და დასაქმებისათვის მომზადება, პენიტენციურ დაწესებულებებში მცირე საწარმოების მოწყობა/განახლება/ინვენტარ-დანადგარებით აღჭურვა და ა.შ.), ასევე, სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება (მაგალითად, არსებული სერვისების გაუმჯობესების შესახებ კვლევა), რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მოქალაქეზე ორიენტირებული მომსახურების გამარტივებასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება – ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომები დაადამიანის უფლებათა კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა დემოკრატიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია და მიმართულია მოქალაქეთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფისკენ, ხოლო ერთ-ერთი ძირითადი უწყება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების განმტკიცებისა და აღსრულების კუთხით არის სამინისტრო. კერძოდ, სამინისტრო უშუალოდ პასუხისმგებელია როგორც პატიმრების უფლებების დაცვის, ასევე დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების, განრიდებული პირების, პრობაციონერების, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით. ადამიანის უფლებების დაცვასთან ყოველდღიურ კვეთაშია სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“, სსიპ „იუსტიციის სახლის“, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“, სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“, სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“, საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სამინისტროს ცენტრალური აპარატის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის საქმიანობებიც. ამასთან, სამინისტრო წარმოადგენს „ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“, „სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“, „ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოსა“ და „ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ სამდივნოს (მაკოორდინირებელ უწყებას), რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ადამიანის უფლებების სხვადასხვა ასპექტთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სამინისტროს სისტემის მასშტაბით ინკლუზიური პროექტების ხელშეწყობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთათვის მისაწვდომობის გაზრდის მიზნით პროექტების განხორციელება (მაგალითად, სამინისტროს სისტემაში მარტივად წასაკითხი ფორმატის დანერგვა).

გარდა ამისა, სამინისტროს კომპეტენციების გათვალისწინებით, ტრენინგების, სამოქალაქო კამპანიების, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებისა (მათ შორის, ვიდეორგოლების დამზადებით) და საჯარო ლექციების, ასევე, სხვადასხვა ტიპის მომსახურების შეთავაზების გზით ან/და ხელშეწყობის პროგრამების დანერგვით შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს საგრანტო პროგრამის მიზნები.

სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელსაც აქვს როგორც საშინაო, ისე საგარეო განზომილება. სამართლებრივი უსაფრთხოება უზრუნველყოფს სახელმწიფოს სამართლებრივი მართლწესრიგის სისტემატიზაციასა და სტაბილურობას, რაც, თავის მხრივ, პიროვნული და სოციალური უსაფრთხოების კონტექსტში ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიაა. სახელმწიფოს სამართლებრივი ნორმები უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი. სამართლებრივი უსაფრთხოების კუთხით, სამინისტროსთვის, როგორც საქართველოს მთავრობის სამართლებრივი მრჩევლისთვის, მნიშვნელოვანია ქართული სამართლებრივი ნორმების სამართლის ძირითად პრინციპებსა და უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რაც, მათ შორის, მიიღწევა სახელმწიფოში მეცნიერებასა და სიღრმისეულ ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედების განვითარების გზით.

შესაბამისად, სამინისტროს კომპეტენციების გათვალისწინებით, მეცნიერებასა და სიღრმისეულ ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედების განვითარებასა და სამართლებრივი ნორმების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროგრამებით შესაძლოა, მიღწეულ იქნეს საგრანტო პროგრამის მიზნები.

ამასთან, როგორც მომავალი თაობის იურისტების, ისე იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების იურიდიული განათლების ხელშეწყობა (მაგალითად, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის კუთხით ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საკითხებზე), ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში, საერთაშორისო სასამართლოებსა და ტრიბუნალებში უნარ-ჩვევების დახვეწისკენ მიმართული ღონისძიებები კიდევ უფრო განამტკიცებს სახელმწიფოს სამართლებრივ უსაფრთხოებას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, აქცენტი შეიძლება გაკეთდეს სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების კვლევაზე, რაც საკითხთა ახლებური ხედვისა და გამოწვევების უკეთ იდენტიფიცირების საშუალება იქნება (სხვებს შორის, მაგალითად, ქართული სამართლებრივი სისტემის გაჯანსაღებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის სამართლებრივი აქტების საბჭოთა რუდიმენტებისგან/უსარგებლო ნორმებისა და მიდგომებისგან გათავისუფლება, ასევე, სამართლებრივი, ტექნიკური, კულტურული, ისტორიული კვლევა და ანალიზი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქართულენოვანი ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შექმნის მიზნით).

გრანტის გამცემია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. საგრანტო პროგრამის მთლიანი ზღვრული მოცულობა არის 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი, რომელიც ფინანსდება „საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის დამტკიცებული ასიგნებიდან. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ ბენეფიციარს გადაეცემა არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარისა.

საგრანტო ვადაა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან 5-9 თვე.

კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ან მის ფილიალს,აგრეთვე, ფიზიკურ პირს (საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, ასევე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის რეგისტრირებული და რომელსაც მინიჭებული აქვს პირადი ნომერი), რომელიც საქმიანობს საქართველოში და დაინტერესებულია საგრანტო პროგრამით გათვალისწინებული მიზნებით და აკმაყოფილებს ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილი საგრანტო საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.

2. საგრანტო განაცხადით მოთხოვნილი გრანტის მოცულობა თითოეული პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების ზედა ზღვარს − 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს.

3. განმცხადებელს უფლება აქვს, წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო წინადადება ერთ მიმართულებაზე.

4. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • შევსებული, ხელმოწერილი და დასკანირებული საგრანტო განაცხადის ფორმა;
  • საგრანტო წინადადება (დანართი №1);
  • სამოქმედო გეგმა (დანართი №2), რომლითაც გათვალისწინებული აქტივობების შესასრულებლად განსაზღვრული ვადა დაგეგმილი უნდა იყოს ამ განაცხადში მოცემული მნიშვნელოვანი ვადების გათვალისწინებით;
  • პროექტის ბიუჯეტი (მათ შორის, აუდიტორული მომსახურეობის ხარჯები) (დანართი №3);
  • პროექტის ყველა თანამშრომლის რეზიუმეები ქართულ ენაზე;
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან მისი ფილიალის შემთხვევაში განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან მისი ფილიალის შემთხვევაში ოფიციალური წესით დამოწმებული ორგანიზაციის წესდება;
  • ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ჩამოთვლილთაგან რომელიმე დოკუმენტის წარმოუდგენლობა შესაძლოა, გახდეს განმცხადებლის დისკვალიფიკაციის საფუძველი.

განაცხადების განხილვისას საგრანტო საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებით.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თანამონაწილეობა არ არის სავალდებულო.

საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება მითითებული ვადების გათვალისწინებით ხდება მხოლოდ ელექტრონულად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: grant@justice.gov.ge.

საგრანტო განაცხადი შედგება შევსებული საგრანტო განაცხადის ფორმისა და თანდართული დოკუმენტაციისგან, რომლებიც ამავე ფორმით არის გათვალისწინებული (საგრანტო განაცხადის ფორმა და თანდართული დოკუმენტაცია ჩამოტვირთეთ ვებგვერდიდან www.justice.gov.ge).

გრანტის მიმღებმა საგრანტო ხელშეკრულების დადებამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოში უნდა წარმოადგინოს საგრანტო განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების დედნები.

გრანტის მიმღები ვალდებულია, გრანტის გამცემს წერილობით, მატერიალური ფორმით წარუდგინოს მიმდინარე და საბოლოო პროგრამული და ფინანსური ანგარიშები ყოველი საანგარიშო თვის გასვლიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. საბოლოო პროგრამული და ფინანსური ანგარიშები კი − საგრანტო პროექტის დასრულებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

მნიშვნელოვანი ვადები

საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნება

არაუგვიანეს 2023 წლის 20 ოქტომბრისა

საგრანტო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა

განსაზღვრავს საგრანტო საბჭო, მაგრამ არაუგვიანეს 2023 წლის 8 დეკემბრისა

საგრანტო განაცხადის შეფასება და გადაწყვეტილების გამოქვეყნება

არაუგვიანეს 2023 წლის 20 დეკემბრისა

საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება

არაუგვიანეს 2023 წლის 30 დეკემბრისა

საგრანტო ვადა

საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან 5-9 თვემდე

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ელ. ფოსტა: grant@justice.gov.ge;

ტელ.: (+995) 591 60 41 19