ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი, 2024
გაზიარება

იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს ახალ სერვისს – „გონიერ კონტრაქტს“ სთავაზობს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ინოვაციური პროდუქტის – „გონიერი კონტრაქტის“ სისტემის გამოყენება დაიწყო.

„გონიერი კონტრაქტის“ სისტემა ტრადიციული ოპერაციების ახლებურად განხორციელების საშუალებას იძლევა. თანხის გადახდა და ქონების რეგისტრაცია ერთდროულად ხდება - მხარეები ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ციფრულ ფორმატში, დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით გააფორმებენ; ასევე, "გონიერი კონტრაქტის" მეშვეობით შესაძლებელია იპოთეკის იმავე მეთოდით რეგისტრაციაც.

უძრავი ქონების ტრანზაქციებში აღნიშნული სისტემის ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვისაც. ინოვაციური ციფრული პროდუქტის საშუალებით უცხოეთში მცხოვრები ქართველები შუამავლებისა და მინდობილობის გარეშე შეძლებენ საქართველოში უძრავი ქონების შეძენას.

მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, აღნიშნული სერვისის სარგებლობისთვის სააგენტოს წარმომადგენელთან ვირტუალური შეხვედრა დაჯავშნონ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს

ოფიციალურ ვებგვერდზე - www.napr.gov.ge.

ახალი სერვისის კონცეფცია აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააცნო, სისტემის პრეზენტაცია კი, ღონისძიების მონაწილეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ წარუდგინა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, საქართველოს პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველი, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები, აგრეთვე, „გონიერი კონტრაქტის“ დანერგვის პროექტში ჩართული მხარეები – კომერციული ბანკები, დეველოპერები და მსოფლიო ბანკის (World Bank) წევრები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა.

თამარ ზოდელავა პროფესიით იურისტია. განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტსა და ბრემენის უნივერსიტეტში. აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) პროექტების მენეჯერად.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იკავებდა სსიპ „სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის თანამდებობას.

გაზიარება
ბეჭდვა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოაქვეყნა, რითაც სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი პოზიცია და მომჩივნის პრეტენზიები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაუშვებლად გამოაცხადა.

საქმე უკავშირდებოდა 2016-2021 წლებში განვითარებულ მოვლენებს და ეხებოდა ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული პროფესორის, ქეთევან ჯაშის საჩივარს, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრული იყო მისი აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ეროვნულ დონეზე არ აღსრულდა.

მიუხედავად აღნიშნული პრეტენზიებისა, სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადასტურა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სათანადო გულისხმიერებით იმოქმედეს და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებები გაატარეს. აღსრულების პროცესში მომჩივანს შეეთავაზა გონივრული ალტერნატიული გადაწყვეტა, რაზედაც მან უარი განაცხადა.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი განჩინებით ცალსახად დადასტურდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პროცესები წარმართეს ევროპული კონვენციის სტანდარტების სრული დაცვით.