ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 08 დეკემბერი, 2023
გაზიარება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა რატი ბრეგაძემ წევრი სახელმწიფოების ასამბლეაზე

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში დღეს დაიწყო. მინისტრი ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

„თხუთმეტი წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან, რის შედეგადაც საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მოსამსახურეები მათ წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების მსხვერპლნი გახდნენ. ICC-ის პროკურორის ოფისთან ინტენსიური თანამშრომლობით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ. კერძოდ, 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის“ მიმართ აგვისტოს ომის დროს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის და გამოიკვეთა რუსი გენერალ-მაიორის პასუხისმგებლობა. 2022 წლის 16 დეკემბერს ICC-ის პროკურორმა დაასრულა გამოძიება აგვისტოს ომში საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის თუ სხვა ნებისმიერი სახის გადაცდომის გამოვლენის გარეშე”, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, საქართველოში დიდია მოლოდინი, რომ გამოცემული დაკავების ორდერები ოპერატიულად აღსრულდება.

იუსტიციის მინისტრმა სამართლის უზენაესობის და მსხვერპლთა დაცვის საკითხში ICC-ის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სასამართლოსთან სამომავლო თანამშრომლობის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა.

მიმდინარე წლის 4-14 დეკემბერს ნიუ-იორკში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წესდების ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეა იმართება, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულების მსჯავრდებულებს და თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ ნიკა ცხვარაშვილთან ერთად, №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებას ესტუმრა. იუსტიციის მინისტრმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს და დაწესებულების თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ანრი ოხანაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აღნიშნული მიმართულებით იგეგმება მათ საჭიროებებზე მორგებული ახალი პროგრამების დანერგვა. ასევე, მან დაწესებულების თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

იუსტიციის მინისტრი №11 დაწესებულების ინფრასტრუქტურასაც გაეცნო, მათ შორის, დაათვალიერა განახლებული სპორტული მოედანი, სადაც არასრულწლოვანები ვარჯიშობენ და ჩართული არიან სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.